ახალი ამბები

სავალდებულო გენდერული კვოტირება შესაძლოა 2017 წლის არჩევნებისთვისაც არ მიიღოს პარლამენტმა

18 აპრილი, 2017 • 2451
სავალდებულო გენდერული კვოტირება შესაძლოა 2017 წლის არჩევნებისთვისაც არ მიიღოს პარლამენტმა

დღეს, 18 აპრილს, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომაზე 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის წამახალისებელი ღონისძიების გატარებაზე შეთანხმდნენ, თუმცა, როგორც გაირკვა, სავალდებულო კვოტირება უახლოეს მომავალში კვლავ ვერ გავა პლენარულ სესიაზე.

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდისათვის წახალისების ფორმა, რომელიც გენდერულ საბჭოში აქვთ, გულისხმობს იმას, რომ ფინანსური წახალისება მიიღონ პარტიებმა, რომლებიც პარტიულ სიაში ყოველ სამ კანდიდატს შორის ერთ ქალს შეიყვანენ. ეს ცვლილება, საბჭოს წევრის, ირინე ფრუიძის განცხადებით, 2017 წლის თვთმმართველობის არჩევნებისთვის მოესწრება.

როგორც მან ნეტგაზეთთან საუბრისას განმარტა, ეს ცვლილება უეთესია, ვიდრე პარტიების წახალისების არსებული ფორმა, ვინაიდან, თუ ამ დრომდე  პარტია ათი კანდიდატურიდან სამ კანდიდატ ქალს ბოლო ადგილებზე ჩასვამდა, ფინანსურ წახალისებას მაინც მიიღებდა. ამ შემთხვევაში, ფრუიძის განმარტებით, წახალისების მისაღებად, ყოველ სამ კანდიდატს შორის ერთი მაინც უნდა იყოს ქალი.

“წახალისების ღონსძიებები არ ეხება უშუალოდ 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებს, ზოგადი ჩანაწერი გაკეთდება. ჩვენ უკვე გვაქვს წახალისების ზომა კანონმდებლობაში, ანუ, იმ შემთხვევაში, თუ პარტიას ათეულში სამი ქალი ეყოლება, ისინი დამატებით დაფინანსებას იღებენ. ეს უფრო ეფექტიანი რომ გავხადოთ, გვინდა, რომ არა უბრალოდ ყოველ ათეულში სამი, არამედ სამ კანდიდატს შორის მინიუმ ერთი განსხვავებული სქესის წარმომადგენელი იყოს. ეს შეეხება როგორც ადგილობრივ, იმედი გვაქვს მანამდე მოესწრება, ასევე, ყველა შემდგომ არჩევნებს,”- განაცხადა მან.

საბჭოს კიდევ ერთი წევრის, დავით მათიკაშვილის განმარტებით, შესაბამისი ცვლილებათა პროექტი პარლამენტში საარჩევნო კანონდებლობაში შესატან ცვლილებათა პაკეტთან ერთად შევა.

რაც შეეხება კვოტირების საკითხს, ირინე ფრუიძე გვეუბნება, რომ ეს საკითხი კვლავ დგას გენდერული თანასწორობის საბჭოს დღის წესრიგში:

“არის ამაზე საუბარი, ჩვენ ამასაც განვიხილავთ. ეს წელს, ალბათ, არ მოესწრება, ამ არჩევნებისთვის, მაგრამ სამომავლოდ, ვფიქრობთ, რომ ასევე ვიფიქროთ კვოტირების შემოღებაზეც. თუმცა ამას, რა თქმა უნდა, ფართო პოლიტიკური მხარდაჭერა დასჭირდება,”- განაცხადა ირინე ფრუიძემ.

დღეს, 18 აპრილს, გენდერული თანასწორობის საბჭომ  2017 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. გეგმაში ოთხი ძირითადი მიმართულებაა:

[checklist]

  • პარლამენტის მიერ გენდერულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრისა და ახალი კონცეფციის მიღების მხარდაჭერა;
  • გენდერული თანასწორობის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შექმნისა და განვითარების უზრუნველყოფის და ასევე მისი საერთაშორისო ხელშეკრულებებთან ჰარმონიზაციის ხელშეწყობა;
  • გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისთვის განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგი და რეკომენდაციების შემუშავება;
  • გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების და ქალთა გაძლიერების მხარდამჭერ ღონისძიებებში მონაწილეობა.

[/checklist]

 

მასალების გადაბეჭდვის წესი