ახალი ამბები

ვინ (არ) მიულოცა ერდოღანს რეფერენდუმში გამარჯვება

18 აპრილი, 2017 • 4822
ვინ (არ) მიულოცა ერდოღანს რეფერენდუმში გამარჯვება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანს მიულოცა რეფერენდუმში “დიახ” კამპანიის გამარჯვება, რაც პრეზიდენტს უფრო ძლიერ უფლებამოსილებებს ანიჭებს. BBC-ის და CNN-ის ცნობით, ტრამპმა და ერდოღანმა ტელეფონით ისაუბრეს და ეს ინფორმაცია შემდეგ თეთრმა სახლმაც დაადასტურა.

აშშ-ის პრეზიდენტის მილოცვა ერდოღანისადმი კონტრასტშია ევროპელი ლიდერებისა და ინსტუტუციების დამოკიდებულებასთან თურქეთში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით.

ცეზარ ფლორინ პრედამ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, და ტანა დე ცულუეტამ, ეუთოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ თურქეთის რეფერენდუმი შორს იდგა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში.

დამკვირვებლებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ წინასაარჩევნო პერიოდში უფრო მეტად იყო გაშუქებული “თანხმობა”, ჟურნალისტებისა და მედიაგამოცემების მიმართ გატარებულმა ღონისძიებებმა კი ჩაახშო განსხვავებული აზრი.

“საზოგადოდ, რეფერენდუმი არ შეესაბამებოდა ევროპის საბჭოს სტანდარტებს, საკანონმდებლო ჩარჩო არ იყო ადეკვატური ნამდვილად დემოკრატიული პროცესის წარსამართად”, – განაცხადა ცეზარ ფლორინ პრედამ.

თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი ესალმება მხარდამჭერებს 17.04.2017 EPA/TURKISH PRESIDENT PRESS OFFICE HANDOUT HANDOUT EDITORIAL USE ONLY/NO SALES

“როიტერის” ცნობითვე, დამკვირვებლების კრიტიკას გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტი და რეფერენდუმის ინიციატორი რეჯეფ ტაიიპ ერდოღანი, რომელმაც მათი პოზიცია “დასავლეთის ჯვაროსნულ მენტალობას” დააბრალა.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ რეფერენდუმზე დაფიქსირებული შედეგი უჩვენებს იმას, თუ რამდენად გაყოფილია თურქეთის საზოგადოება, რაც თურქეთის მმართველი პოლიტიკური გუნდისა და პერსონალურად ერდოღანისათვის დიდ პასუხისმგებლობას ნიშნავს”.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სებასტიან კურცმა კი განაცხადა, რომ რეფერენდუმზე დაფიქსირებული შედეგი “ევროკავშირის წინააღმდეგ ნაჩვენები მკაფიო სიგნალი იყო. “თურქეთის ევროკავშირში გაწვერიანების “ფიქციური” განაცხადი უნდა დასრულდეს”, – BBC-ის ინფორმაციით თქვა კურცმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისმა ყურადღება გაამახვილა ერდოღანის გაცხადებულ სურვილზე თურქეთში სიკვდილით დასჯის აღდგენის თაობაზე რეფერენდუმის შესაძლო ჩატარებასთან დაკავშირებით. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ამ ტიპის რეფერენდუმი იქნება ევროკავშირის ღირებულებებისა და ვალდებულებების უარყოფა.

16 აპრილს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგის მიხედვით, 51%-მა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, 48% კი წინააღმდეგ წავიდა.

თურქეთის სამ უდიდეს ქალაქში – სტამბულში, ანკარასა და იზმირში, მონაწილეთა უმრავლესობამ უარი უთხრა საკონსტიტუციო ცვლილებებს.

CNN-ის მიხედვით, საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ, პრეზიდენტი გახდება აღმასრულებელი ძალაუფლების მქონე, პრემიერმინისტრის თანამდებობა კი გაუქმდება. პრეზიდენტი დანიშნავს მინისტრთა კაბინეტს და ვიცეპრეზიდენტებს. ასევე პრეზიდენტს მიეცემა საშუალეა, რომ უზენაესი სასამართლოს 13 მოსამართლიდან 5 დანიშნოს.

“ჩვენ პატივს ვცემთ და მივესალმებით თურქეთის მოსახლეობის არჩევანს. თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რომლის სტაბილური განვითარება მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე, რეგიონისთვის”, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაავრცელა დღეს, 18 აპრილი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი