ახალი ამბებიტექნოლოგიები

GNCC-მ ჯეოსელი, მაგთი და ბილაინი წერილობით გააფრთხილა

18 აპრილი, 2017 • 11188
GNCC-მ ჯეოსელი, მაგთი და ბილაინი წერილობით გააფრთხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, კომისიამ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებად ცნობილი მობილური და ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების მიერ კომისიის გადაწყვეტილების დარღვევის საკითხი განიხილა და ისინი წერილობით გააფრთხილა, რომ წარმოადგინონ ახალი შეთავაზებები.

“კომისიამ მიიჩნია, რომ შპს „მაგთიკომმა“, შპს „ჯეოსელმა“ და შპს „მობიტელმა“ (ბილაინი) ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის და დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულებები დაარღვიეს, რადგან კომისიაში საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონთან და კომისიის გადაწყვეტილებასთან შეუსაბამო მოწვევის ოფერტა წარმოადგინეს (მომსახურების პირობები). კომისიამ სამივე მობილურ ოპერატორს წერილობით აცნობა აღნიშნულის შესახებ, თუმცა კომისიაში ხელმეორედ წარმოდგენილი მოწვევის ოფერტები კვლავ შეუსაბამო იყო მოქმედ კანონმდებლობასთან,” – აცხადებენ კომისიაში.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით და კომისიის გადაწყვეტილებით, სამივე კომპანია მობილური მომსახურების ბაზრის სეგმენტზე ცნობილია მნიშვნელოვანი საბაზრო წილის ოპერატორად და მათზე დაკისრებულია სპეციფიკური ვალდებულებები: ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება, ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება, დანახარჯების და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვა და ბოლოს, სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება.

ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი ძლაუფლების მქონე ოპერატორების საკითხის განხილვა, რომლებზეც ასევე დაკისრებულია სპეციფიკური ვალდებულებები, 20 აპრილს, 15:00 საათზე კომისიის სხდომაზე გაიმართება. ეს ოპერატორებია: სს „სილქნეტი“, შპს „ახალი ქსელები“, შპს „ახტელი“ და შპს „ივერია ქსელები“.

საერთაშორისო ზარების შემომტანი ტრანზიტული ოპერატორები და ადგილობრივი ქსელები ტარიფებზე ვერ თანხმდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი