ახალი ამბები

პრემიერი: ჩვენ პატივს ვცემთ და მივესალმებით თურქეთის მოსახლეობის არჩევანს

18 აპრილი, 2017 • 1790
პრემიერი: ჩვენ პატივს ვცემთ და მივესალმებით თურქეთის მოსახლეობის არჩევანს

თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა.

“ჩვენ პატივს ვცემთ და მივესალმებით თურქეთის მოსახლეობის არჩევანს. თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რომლის სტაბილური განვითარება მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე, რეგიონისთვის”, – განაცხადა პრემიერმა.

ცეზარ ფლორინ პრედამ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, და ტანა დე ცულუეტამ, ეუთოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ თურქეთის რეფერენდუმი შორს იდგა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში.

დამკვირვებლებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ წინასაარჩევნო პერიოდში უფრო მეტად იყო გაშუქებული “თანხმობა”, ჟურნალისტებისა და მედიაგამოცემების მიმართ გატარებულმა ღონისძიებებმა კი ჩაახშო განსხვავებული აზრი.

“საზოგადოდ, რეფერენდუმი არ შეესაბამებოდა ევროპის საბჭოს სტანდარტებს, საკანონმდებლო ჩარჩო არ იყო ადეკვატური ნამდვილად დემოკრატიული პროცესის წარსამართად”, – განაცხადა ცეზარ ფლორინ პრედამ.

“როიტერის” ცნობითვე, დამკვირვებლების კრიტიკას გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტი და რეფერენდუმის ინიციატორი რეჯეფ ტაიიპ ერდოღანი, რომელმაც მათი პოზიცია “დასავლეთის ჯვაროსნულ მენტალობას” დააბრალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი