ახალი ამბები

‘დასავლეთის ჯვაროსნული მენტალობა’ – ერდოღანის პასუხი დამკვირვებლების კრიტიკას

17 აპრილი, 2017 • 2679
‘დასავლეთის ჯვაროსნული მენტალობა’ – ერდოღანის პასუხი დამკვირვებლების კრიტიკას

თურქეთის რეფერენდუმი არ შეესაბამებოდა ევროსაბჭოს სტანდარტებს წინასაარჩევნო გარემოსა და უბეჭდო ბიულეტენების გამოყენების გამო, – ასე აფასებენ საერთაშორისო არასამთავრობოებისგან შემდგარი სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, რასაც ერდოღანი “დასავლეთის ჯვაროსნულ მენტალობას” უწოდებს, იუწყება როიტერი.

ცეზარ ფლორინ პრედამ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, და ტანა დე ცულუეტამ, ეუთოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ თურქეთის რეფერენდუმი შორს იდგა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში.

დამკვირვებლებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ წინასაარჩევნო პერიოდში უფრო მეტად იყო გაშუქებული “თანხმობა” და ჟურნალისტებისა და მედიაგამოცემების მიმართ გატარებულმა ღონისძიებებმა ჩაახშო განსხვავებული აზრი.

“საზოგადოდ, რეფერენდუმი არ შეესაბამებოდა ევროპის საბჭოს სტანდარტებს, საკანონმდებლო ჩარჩო არ იყო ადეკვატური ნამდვილად დემოკრატიული პროცესის წარსამართად”, – განაცხადა ცეზარ ფლორინ პრედამ.

თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი ესალმება მხარდამჭერებს 17.04.2017 EPA/TURKISH PRESIDENT PRESS OFFICE HANDOUT HANDOUT EDITORIAL USE ONLY/NO SALES

თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი ესალმება მხარდამჭერებს 17.04.2017 EPA/TURKISH PRESIDENT PRESS OFFICE HANDOUT HANDOUT EDITORIAL USE ONLY/NO SALES

დამკვირვებლებს არ წარმოუდგენიათ დარღვევის კონკრეტული ფაქტები. მათ ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, მიღებულ ხმებად ჩაეთვალათ უბეჭდო ბიულეტენები, ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსს.

“როიტერის” ცნობითვე, დამკვირვებლების კრიტიკას გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტი და რეფერენდუმის ინიციატორი რეჯეფ ტაიიპ ერდოღანი, რომელმაც მათი პოზიცია “დასავლეთის ჯვაროსნულ მენტალობას” დააბრალა.

“ჯვაროსნული მენტალობა დასავლეთში და მათი მსახურები შინ, თავს გვესხმიან”, – ასე მიმართა ერდოღანმა თავის მომხრეებს სიტყვით გამოსვლისას.

სწორედ უბეჭდო ბიულეტენების არსებობის გამო დაიწყო თურქეთის ოპოზიციამ რეფერენდუმის კრიტიკა და მოითხოვა, რომ ხმების 60% ხელახლა დაეთვალათ.

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კრიტიკის პასუხად განაცხადა, რომ რეფერენდუმის დროს  მიღებული ხმები არის ვალიდური და საარჩევნო კომისიას მანამდეც ჩაუთვლია უბეჭდო ბიულეტინები.

გუშინ, 16 აპრილს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგის მიხედვით, 51%-მა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, 48% კი წინააღმდეგ წავიდა.

თურქეთის სამ უდიდეს ქალაქში – სტამბულში, ანკარასა და იზმირში, მონაწილეთა უმრავლესობამ უარი უთხრა საკონსტიტუციო ცვლილებებს.

CNN-ის მიხედვით, საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ, პრეზიდენტი გახდება აღმასრულებელი ძალაუფლების მქონე, პრემიერმინისტრის თანამდებობა კი გაუქმდება. პრეზიდენტი დანიშნავს მინისტრთა კაბინეტს და ვიცეპრეზიდენტებს. ასევე პრეზიდენტს მიეცემა საშუალეა, რომ უზენაესი სასამართლოს 13 მოსამართლიდან 5 დანიშნოს. ამ ცვლილებების შედეგად, თეორიულად, ერდოღანს ექნება შესაძლებლობა 2029 წლამდე დარჩეს კაბინეტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი