ახალი ამბები

ბექა გოჩიაშვილი: მოვითხოვ, დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს დაკითხვის ჩანაწერები

17 იანვარი, 2013 • 1283
ბექა გოჩიაშვილი: მოვითხოვ, დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს დაკითხვის ჩანაწერები

გოჩიაშვილი წერს, რომ საკითხის პოლიტიზება მისი არჩევანი არ ყოფილა. 

 

“როდესაც ინფორმაციამ ჩვენი დაკითხვის შესახებ გაჟონა და მედიის ყურამდეც მიაღწია, ჟურნალისტები დამიკავშირდნენ სკაიპის საშუალებით და მე მათ მოვუყევი დაკითხვის დროს ჩვენზე განხორციელებული ზეწოლის, შეუარცხყოფისა და მუქარების შესახებ, რომელთაც ადგილი ჰქონდა საბურთალოს პოლიციაში ამა წლის 8 იანვარს. პრეზიდენტის და ყოფილი კულტურის მინისტრის სახელები სწორედ გამომძიებლების და არა ჩემს მიერ იყო ნახსენები დაკითხვის დროს და ჩემთვის დღემდე ამოუხსნელ ამოცანად რჩება, რა შუაში იყო ერთი შეხედვით ბანალურ კრიმინალურ ინციდენტთან დაკავშირებულ დაკითხვაზე მათი სახელების წამოტივტივება.” 

 

 

გოჩიაშვილი გულისტკვილს გამოთქვამს, რომ აღნიშნული ინციდენტის უნებლიე მონაწილე გახდა.

 

“განსაკუთრებით მიუღებელია ჩემთვის ამ ამბის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა. ვიღაცამ, ვისაც ჰქონდა ინფორმაცია სეიფის და შიგ არსებული ძვირფასეულობის შესახებ, შესანიშნავად გამოიყენა ახალგაზრდა, ხმაურიანი მოზარდების იქ ყოფნის ფაქტი, ჩაიდინა დანაშაული და ხელს ჩვენკენ იშვერს საკუთარი დანაშაულის კვალის დასაფარად. რატომღაც ყველა პოლიტიკური დისკუსიების ფერხულში ჩაერთო და არავის ახსოვს, რომ ამ საქმეში ყველაზე დიდი მსხვერპლი დაზარალებული, ქალბატონი ბაიაა, რომლის მთავარი პრიორიტეტია დაკარგულის პოვნა და არა პოლიტიკური თამაშებისთვის თვალყურის დევნება. ძალიან ვწუხვარ იმის გამო, ჩემი და ჩემი ძმის, ლაშას სახელები დაკავშირებულ იქნა კრიმინალურ ინციდენტთან. კიდევ უფრო ვწუხვარ იმ მორალური და მატერიალური ზიანის გამო, რომელიც ჩემს უფორს მეგობარს, ქალბატონ ბაია დავითაიას მიაყენეს. მოვითხოვ დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს ჩემი და ჩემი ძმის დაკითხვის სრული ვიდეო-აუდიო ჩანაწერები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ,”- წერს გოჩიაშვილი. 


შეგახსენებთ, რომ 16 წლის პიანისტის, ბექა გოჩიაშვილის განცხადება 14 იანვარს გავრცელდა. განცხადებაში ბექა გოჩიაშვილი  საუბრობს მოწმის სახით დაკითხვისას მასზე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე.

 

ბექა გოჩიაშვილი და მისი ძმა ლაშა გოჩიაშვილი ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით 8 იანვარს ვაკე-საბურთალოს მეხუთე განყოფილებაში დაიკითხნენ. 


მასალების გადაბეჭდვის წესი