ახალი ამბები

შსს : გოჩიაშვილები გამომძიებელს მეგობრულად დაემშვიდობნენ

16 იანვარი, 2013 • • 1190
შსს : გოჩიაშვილები გამომძიებელს მეგობრულად დაემშვიდობნენ

2013 წლის 8 იანვარს ბექა გოჩიაშვილი მოწმის სტატუსით დაიბარეს დაკითხვაზე ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე 5-ე განყოფილებაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ  დაკითხვის დაწყებამდე ბექა გოჩიაშვილს,  მშობლის – ვალერიან გოჩიაშვილის თანდასწრებით, გამომძიებელმა დ.ბ.-მ განუმარტა მისი, როგორც არასრულწლოვანი მოწმის, უფლება-მოვალეობები და ასევე განუმარტა მიზეზი, რის გამოც ის დაბარებული იყო დაკითხვაზე.

 

“ასევე განემარტა უფლება, დაკითხვისას მოეწვია ინტერესების  დამცველი ადვოკატი, რაზეც ბექა გოჩიაშვილმა, მშობელთან შეთანხმებით, უარი განაცხადა. როგორც ირკვევა, უფლება-მოვალეობების განმარტებისას, და ასევე საქმის ირგვლივ დასმული კითხვების  შესახებ ბექა გოჩიაშვილს და მის მშობელს პრეტენზია არ გამოუხატავთ”. – ნათქვამია შსს განცხადებაში. 

 

შსს–ს აცხადებს, რომ, როგორც გამომძიებელ დ.ბ-ს გამოკითხვით ირკვევა, ბექა გოჩიაშვილი ადეკვატურად და მშვიდად პასუხობდა  საქმის ირგვლივ დასმულ ყველა კითხვას. ასევე ირკვევა, რომ ბექა გოჩიაშვილთან ჩატარებულ დაკითხვას და ყველა საგამოძიებო მოქმედებას ესწრებოდა მისი მშობელი, და მათი მხრიდან, არც დაკითხვის მსვლელობისას და არც დაკითხვის დასრულებისას, რაიმე სახის შენიშვნას ან პრეტენზიას ადგილი არ ჰქონია.

 

“იმავე დღეს დაიკითხა ბექა გოჩიაშვილის ძმა –  ლაშა გოჩიაშვილი. დაკითხვის დასრულების შემდეგ ისინი მეგობრულად დაემშვიდობნენ გამომძიებელს, რაც გამოიხატა ვალერიან გოჩიაშვილის მხრიდან გამომძიებლის ბექა გოჩიაშვილის კონცერტზე დაპატიჟებაში. გამომძიებლის გამოკითხვის შედეგად ასევე დადგენილია, რომ ბექა გოჩიაშვილის დაკითხვის დროს შენობაში იმყოფებოდნენ პოლიციის სხვა თანამშრომლები, რომლებსაც თავისუფლად შეეძლოთ დაეფიქსირებინათ გამომძიებლის არაკანონიერი ქმედებები”–ნათქვამია განცხადებაში. 

 

შსს აცხადებს, რომ   რომ ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე 5- ე განყოფილების ადმინისტრაციული შენობის შესასვლელში დამონტაჟებულია ვიდეოთვალი, რომლის საშუალებითაც ფიქსირდება, ვინ შედის და გამოდის პოლიციის შენობაში შესაბამისი თარიღებისა და ზუსტი საათების მითითებით.

 

შსს–ს ინფორმაციით, ბექა და ლაშა გოჩიაშვილების მოწმის სახით დაკითხვის აუცილებლობას წარმოადგენდა 2013 წლის 4 იანვარს ვაკე-საბურთალოს მეხუთე განყოფილებაში დაიწყებული   გამოძიება  ქ.თბილისში მ. კოსტავას ქუჩა N63ა-ში მდებარე ნანა დავითაიას საცხოვრებელი ბინის გაქურდვის ფაქტზე, საიდანაც მოიპარეს სეიფი, რომელშიც ნანა დავითაია ინახავდა 60 000 ევროს, 20 000 ლარს, 10 000 აშშ დოლარს და 300 000 აშშ დოლარის ღირებულების ოქროულობას.

 

“მოწმეთა ჩვენებებით გაირკვა, რომ ბინის გასაღებით ისარგებლა რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის ბექა გოჩიაშვილმაც, რომელიც ნანა დავითაიას თანხმობით ერთი დღე დარჩა აღნიშნულ ბინაში, სადაც მას ესტუმრნენ მეგობრები. 2013 წლის 08 იანვარს საქმეზე მოწმის სახით დაიკითხნენ  არასრულწლოვანი ბექა გოჩიაშვილი, მშობლის ვალერიან გოჩიაშვილის თანდასწრებით და ბექას ძმა ლაშა გოჩიაშვილი. გოჩიაშვილმა განმარტა, რომ  ბინაში ყოფნის დროს მისმა მეგობრებმა  სახლი დაათვალიერეს და ეძებდნენ ,,იუ ეს ბი” გადამყვან კაბელს ,  რა დროსაც ერთ-ერთმა მისმა მეგობარმა, რომლის ვინაობაც არ ახსოვს, დაუძახა საძინებელი ოთახიდან და უთხრა, რომ კარადაში იყო სეიფი, იგი შევიდა ნახა სეიფი და მეგობრებს სთხოვა, რომ ძებნას ნუ გააგრძელებდნენ, ვინაიდან თავი ძალიან უხერხულად იგრძნო. 2013 წლის 04 იანავრს ღამით კი გაიგო, რომ დავითაიას ბინიდან სეიფი იყო მოპარული”–ნათქვამია განცხადებაში. 

 

აღნიშნულ საქმეზე იმავე დღეს მოწმის სტატსუსით დაიკითხნენ ბექა გოჩიაშვილის მეგობერებიც.

 

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რომელსაც აწარმოებს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს V განყოფილება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი