ახალი ამბები

იაგლანდი: რეფერენდუმის შემდეგ თურქეთში სასამართლოს დამოუკიდებლობა უმნიშვნელოვანესია

17 აპრილი, 2017 • 3019
იაგლანდი: რეფერენდუმის შემდეგ თურქეთში სასამართლოს დამოუკიდებლობა უმნიშვნელოვანესია

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიონ იაგლანდი განცხადებით ეხმაურება თურქეთის რეფერენდუმის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, წინასწარი მონაცემებით, უმრავლესობამ მხარი დაუჭირა პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდას.

“თურქეთის ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს. ამ შედეგის გათვალისწინებით თურეთის ხელისუფლებამ შემდეგი ნაბიჯები სიფრთხილით უნდა გათვალოს. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა დაცული იყოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად. ევროპის საბჭო, რომლის სრულუფლებიანი წევრია თურქეთი, მზადაა დაეხმაროს ქვეყანას ამ პროცესში”, – ნათქვამია იაგლანდის განცხადებაში, რომელიც დღეს, 16 აპრილს გავრცელდა.

დღეს, 16 აპრილს თურქეთში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის მიხედვითაც, წინასწარი მონაცემებით, 51%-ზე მეტმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, გაიზრდება პრეზიდენტის უფლებამოსილებები.

საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, პრეზიდენტს მიეცემა საშუალება, დამოუკიდებლად დანიშნოს მინისტრები, გამოსცეს ბრძანებები, აირჩიოს მოსამართლეები და დაითხოვოს პარლამენტი. პრეზიდენტი ცვლილებების საჭიროებას გაზრდილ საფრთხეებთან ბრძოლის მიზეზით ხსნის. გაუქმდება პრემიერის თანამდებობა.

როგორც ერდოღანი აცხადებს, იმ გამოწვევებთან, რომლებსაც თურქეთი დღეს უპირისპირდება, სუსტი მმართველობის ნაცვლად ძლიერი სისტემის ჩამოყალიბებაა აუცილებელი. სავარაუდოდ, საკონსტიტუციო ცვლილებები მისცემს მოქმედ პრეზიდენტს საშუალებას, კაბინეტში 2029 წლამდეც კი დარჩეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი