პოლიცია, ავტოსაგზაო შემთხვევა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას 8 წლის ბავშვი ემსხვერპლა

14 აპრილს ქუთაისში ავტომობილი ფეხით მოსიარულეთა გზის სავალ ნაწილზე გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა. შედეგად, რვა წლის ბავშვი დაიღუპა და დაშავდა ერთი ადამიანი. ინფორმაცია ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ერთი ავტომობილი ფიგურირებს საქმეში. გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა. შედეგად, დაიღუპა ბავშვი და დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი. ბავშვიც და დაშავებულიც ავტომობილში ისხდნენ,” – განგვიცხადეს შსს-ში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს. ეს მუხლი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მიმდინარე წლის 25 მარტს საგზაო უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლითაც მოქალაქეები აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ საგზაო შემთხვევას გამოეხმაურნენ, რის შედეგადაც მაშინ 11 წლის გოგონა დაიღუპა.

კერძო ბიზნესსა და მძღოლების ინტერესებზე მორგებული –  ასე აფასებს მოძრაობა “იარე ფეხით” საგზაო მოძრაობის შესახებ კანონპროექტს, რადგან კანონი ნაკლებად მკაცრია იმ დარღვევების მიმართ, რომლითაც ქვეითად მოსიარულენი ზარალდებიან, უფრო მკაცრი კი მაშინ, როდესაც საქმე საავტომობილო მოძრაობას ეხება.

საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი თავდაპირველად ითვალისწინებდა, რომ ტროტუარზე უკანონო პარკირებისთვის მძღოლებს 5 საჯარიმო ქულა მიეღოთ, თუმცა პარლამენტში მეორე მოსმენის შემდეგ გადაწყდა, რომ მართვის მოწმობას ქულა აღარ დააკლდებოდა. შსს-ის მინისტრის მოადგილემ დაგვიდასტურა, რომ ბიზნესომბუდსმენის, დისტრიბუტორების მიმართვისა და პარლამენტარების პოზიციის გაცნობის შემდეგ ნაკლებად მკაცრი კანონი შეიმუშავეს.

გზებზე სიკვდილიანობით ყოველ 100 000 მოსახლეზე საქართველო ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას უსწრებს. ჩვენს ხელთ არსებული ბოლო მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევების დროს უმეტესწილად სწორედ ბავშვები და მოზარდები იღუპებიან. იხილეთ ავტოსაგზაო შემთხვევების ინფოგრაფიკა და დინამიკა საქართველოში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.