ახალი ამბები

ხალვაში vs დვალი/აქიმიძე – რატომ შეიძლება ჩაიშლოს შეთანხმება რ2-ზე

14 აპრილი, 2017 • 3320
ხალვაში vs დვალი/აქიმიძე – რატომ შეიძლება ჩაიშლოს შეთანხმება რ2-ზე

“აქიმიძე და დვალი “კაჩაობას” თუ დამიწყებენ ასე ტელევიზია-ტელევიზია სირბილით, შეთანხმებას შეიძლება რამე დაემუქროს. არსებობს ნერვების საზღვარი,” – ეს განცხადება დღეს ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებლების მისამართით გააკეთა. თავის მხრივ, აქიმიძე და დვალი აცხადებენ, რომ მსგავსი ტონით ხალვაში ცდილობს, ნიადაგი შეამზადოს შეთანხმების გასაუქმებლად. ამაში ხელისუფლების ხელს ხედავენ.

ქიბარ ხალვაშის თქმით, მას დვალისა და აქიმიძის წინაშე ვალდებულებები არ გააჩნია. ხალვაში ამ დრომდე ამბობდა, რომ ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი, მიღწეული შეთანხმების თანახმად, მიიღებენ კომპანიის ნახევარს. დვალი ასევე გახდება ტელევიზიის დირექტორი.

“რაც ვთქვი, ჯერ ძალაშია, რომ ტელევიზიის დაბრუნების შემთხვევაში, წილს გადავცემდი, რაზეც მოვილაპარაკეთ. არსებობს ნერვების საზღვარი. მივეცი ჩვენება, რომ წილი პაატა კარსანიძისგან ვიყიდე. მანამდე რა მოხდა, ვინ, ვისთან იძალადა ადეიშვილმა, რომელიც დღესაც უხილავი ძალაა, ვინ წილი დათმო, ამ პროცესებში წვლილი არ მაქვს. ვმეგობრობდით, ერთმანეთთან პრეტენზია არ გვქონდა. ადამიანურად, სამართლიანობის აღდგენაში მონაწილეობა შეიძლება მივიღო, თორემ არავითარი ვალდებულება არ გამაჩნია. საქმე სტარსბურგშია. მოლოდინი პოზიტიური მაქვს, შანსი – მაღალი, უშანსოდ არაფერს ვაკეთებ, ძალადობას თუ არ ექნება ადგილი”, – აცხადებს ქიბარ ხალვაში იმედთან საუბარში.

რუსთავი 2-ის დამფუძნებლები ხალვაშს განცხადებით პასუხობენ და ამბობენ, რომ ბიზნესმენს შესაძლოა შეთანხმებაზე უარი ათქმევინონ. მისი განცხადების უკან კი რეალურად საქართველოს მთავრობა დგას. მათ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“ეს განცხადება დღეს შეიძლება ვიღაცას უცნაურად და უადგილოდ მოეჩვენოს, მაგრამ ვფიქრობთ, ის შორს მიმავალი გეგმის ერთი მცირე ნაწილია. სინამდვილეში იკვეთება რამდენიმე მკაფიო გზავნილი, რაც “უცნაურად” ემთხვევა ჩვენს გააქტიურებას როგორც მედიაში, ისე უცხოურ ორგანიზაციებში. ასევე, პროკურატურაში 6 აპრილს შეტანილ ოფიციალურ წერილს სტატუსის ლეგიტიმაციის შესახებ. განცხადების პასუხად შეგვიძლია ვთქვათ:

  1. ჩვენს არც ერთ გამოსვლაში ქიბარ ხალვაშის მიმართ არაკორექტულები არ ვყოფილვართ. პირიქით, ყოველთვის ხაზს ვუსვამდით ჩვენთან მიმართებით მის მორალურ საქციელს. შესაბამისად, მის ნათქვამს და გაღიზიანებულ ტონს განვიხილავთ, როგორც ნიადაგის მომზადების მცდელობას – უარი თქვას, ან შესაძლოა „ათქმევინონ“ მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაზე, ან მასში გარკვეული კორექტივები შეატანინონ. ამ ქმედებაში აშკარად იკვეთება ხელისუფლების ხელი, რომელსაც, სავარაუდოდ, თავიდანვე არ მოსწონდა ჩვენ შორის არსებული შეთანხმება, ვინაიდან მისთვის მიუღებელია დამოუკიდებელი, არაკონტროლირებადი, კრიტიკული რუსთავი 2.
  2. ლოგიკას მოკლებულია მსჯელობა იმის შესახებ, რომ ქიბარ ხალვაშს არ ეხება ის, რაც რუსთავი 2-ში 2006 წლამდე მოხდა. ზუსტად ეს არგუმენტი მოჰყავს უსამართლობათა ჯაჭვის ყველა იმ რგოლს, რომლებიც ხალვაშის სარჩელის საფუძველზე ბათილად ცნო ქართულმა სასამართლომ. შესაბამისად, უხილავი ხელის დახმარებით, პროკურატურას რომ არ შეეჩერებინა გამოძიება, საქმე გვექნებოდა გამჭვირვალე, მარტივ სასამართლო პროცესთან, სადაც 2004 წლიდან დაწყებული, ყველა რგოლი, მათ შორის ქიბარ ხალვაშიც ისევე ჩაიხსნებოდა, როგორც ეს გააკეთა მიმდინარე დავასთან დაკავშირებით სასამართლოს ყველა ინსტანციამ. მაგრამ მოხდა ისე და თანაც გამიზნულად, რომ პროკურატურამ შეაჩერა 2012 წელს დაწყებული გამოძიება. შესაბამისად, სასამართლომ ათვლის წერტილად აირჩია არა 2004, არამედ 2006 წელი.
  3. ამ განცხადების უკან რეალურად დგას მთავრობა, რომლისთვისაც მარტივია ბიზნესში ჩართული ადამიანის “კონტროლი” და შეუძლებელია დამფუძებლების გაკონტროლება, რაც ვერ შეძლო ვერც შევარდნაძის და ვერც სააკაშვილის მთავრობამ.
  4. ნათლად ჩანს, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ტელევიზიის არსებობა არანაირად არ შედის ამ მთავრობის სტრატეგიულ გეგმაში, ამიტომ ისინი ქიბარ ხალვაშის ამ განცხადებით ნიადაგს ამზადებენ, რათა ბიზნესმენის მიერ დამფუძნებლებისათვის საჯაროდ გაკეთებული შეთავაზება ლეგიტიმურად დაარღვიონ და შექმნან “დამოუკიდებელი ტელევიზიის” მათთვის სასურველი მოდელი.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ვერც ერთი მთავრობა, რომელსაც პრეტენზია აქვს სამართლიანობასა და დემოკრატიულ ღირებულებებზე, გვერდს ვერ აუვლის დამფუძნებლების ლეგიტიმურ უფლებებს. ეს პროცესი იქნება სერიოზული ტესტი ხელისუფლებისთვის, რამდენად ღირებულია ჩვენი ქვეყნისთვის საქვეყნოდ მიღებული დემოკრატიული ფასეულობები.”


სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 7 მარტს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერა. უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიის 100%-იანი წილი ქიბარ ხალვაშის საკუთრებაა, თუმცა ბიზნესმენი ქონებას ჯერ ვერ იბრუნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი