ახალი ამბები

საია: პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა ამ ფორმით არ უნდა გავრცელებულიყო

16 იანვარი, 2013 • • 909
საია: პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა ამ ფორმით არ უნდა გავრცელებულიყო

საია ცალსახად მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიერ კონკრეტული პირების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის ჩაწერა, შეგროვება და შენახვა, რომელიც არ ეხება პირის დანაშაულებრივ საქმიანობას, აშკარად გაუმართლებელი და დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედებაა. ასევე დანაშაულის ნიშნებს შეიცავს ამ ჩანაწერთა გამოყენებით პირთა იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს გარკვეული მოქმედებები.  შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსგავს ქმედებებს მასობრივი ხასიათი ჰქონდა და სავარაუდოდ ხდებოდა მაღალი თანამდებობის პირის ორგანიზებით.


“ზემოაღნიშნულ განცხადებასთან ერთად მედიასაშუალებებით გავრცელდა პროკურატურის მიერ მიწოდებული ფარული ჩანაწერების ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც ცალკეულ მამაკაცებს შორის სექსუალური კავშირის კადრებს ასახავს. ვიდეომასალაში გამოყენებულია გადაფარვის საშუალებები ვინაობის გამჟღავნებისგან პირთა დაცვის მიზნით. თუმცა ზოგიერთ კადრში შესაძლებელი ხდება პირთა იდენტიფიცირება, მათ შორის, თმის ფერის, ტანსაცმლის, აღნაგობის მეშვეობით.  საიას მიაჩნია, რომ სახელმწიფოს მხრიდან ვიდეომასალის ამ ფორმით გავრცელება პირადი ცხოვრების დაცვისთვის აუცილებელი წინდახედულობის მოთხოვნის დარღვევაა, რაც წინააღმდეგობაში მოდის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დადგენილ სტანდარტებთან. საიას შეფასებით, მიმდინარე გამოძიების მიმართ საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, ინტიმურ პირად ცხოვრებას მიკუთვნებული ინფორმაციის გავრცელება არ იყო პროპორციული საშუალება ამ ინტერესის დაკმაყოფილებისთვის. აღნიშნული ვიდეომასალის, როგორც მტკიცებულების გავრცელება არ იყო ყველაზე რელევანტური/გამოსადეგი საშუალება საზოგადოებისთვის გამოსაძიებელ ქმედებაში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების არსებობის ჩვენებისთვის და ის სხვა ფორმითაც შეიძლებოდა განხორციელებულიყო. საია უთითებს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ლგბთ პირთა ჯგუფი მოწყვლად ჯგუფს მიეკუთვნება და მათ მიმართ საზოგადოებაში არსებობს აშკარად გამოხატული არატოლერანტული დამოკიდებულებები, სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოს მათი უფლებების დაცვის მიზნით და ყველაფერი გააკეთოს სექსუალური უმცირესობების მიმართ შესაძლო დისკრიმინაციული დამოკიდებულებების პრევენციისთვის”, – ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში. 

საია ასევე აღნიშნავს, რომ მედიასაშუალებების მიერ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ამ ფორმით გავრცელება არ შეესაბამება ჟურნალისტური ეთიკის ნორმებს, რომელიც მედიასაშუალებებს აკისრებს ვალდებულებას, დაიცვას პირის პირადი ცხოვრება და მოახდინოს შესაძლო დისკრიმინაციის წახალისების პრევენცია.


საია მოუწოდებს მედიასაშუალებებს, შეაჩერონ აღნიშნული ვიდეომასალის გავრცელდება და მომავალში არ დაუშვან მსგავსი ფორმით პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელება საზოგადოებაში. ამასთან, საია მოუწოდებს გამოძიებას, მომავალში განსაკუთრებით სიფრთხილით მოეკიდოს იმ ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც შესაძლოა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ან სხვა უფლების დარღვევას იწვევდეს.


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, იმ პირებს, რომელთა იდენტიფიცირება გახდა შესაძლებელი გავრცელებული ვიდეომასალით, შეუძლიათ სახელმწიფოსგან მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება და მათი ინტერესის შემთხვევაში (ანონიმურობის სრული დაცვით) საია გამოთქვამს მზადყოფნას, მათ  შესაბამისი იურიდიული მომსახურება აღმოუჩინოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი