EMC პარლამენტს სუს-ზე ზედამხედველობის სისტემის დახვეწისკენ მოუწოდებს

EMC სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საპარლამენტო ანგარიშის მოსმენის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ 13 აპრილს, საქართველოს პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ დახურულ სხდომაზე სუს-ის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა ხარვეზებით წარიმართა.

EMC უარყოფითად აფასებს სუს-ის ანგარიშის მოსმენის პროცედურას, რომელმაც მათი თქმით, დაინტერესებული ჯგუფებისთვის დასწრებისა და კითხვების დასმის შესაძლებლობი გამორიცხა მაშინ, როდესაც ამ უწყების საქმიანობის მიმართ მაღალი ინტერესი არსებობს და საზოგადოებრივი კონტროლის სხვა ფორმატი შექმნილი არ არის.

EMC-ის განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, კომიტეტების სხდომები საჯაროა და მათი დახურვა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებშია შესაძლებელი. სხდომის დახურვისთვის აუცილებელია, რომ არსებობდეს გარემოებები, რომლებიც გადაწონის ღია და საჯარო სხდომის გამართვის მიმართ არსებულ ლეგიტიმურ საზოგადოებრივ ინტერესს:

“კომიტეტის თავმჯდომარის განმარტება, რომ ანგარიშის მოსმენისას შესაძლოა სუს-ის წარმომადგენლის მხრიდან გახმაურებულიყო სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, პრობლემურია და ვერ ამართლებს სხდომის დახურვის გადაწყვეტილებას. ცხადია, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განხილვა შესაბამის ფორმატში უნდა მიმდინარეობდეს იმ პირების მონაწილეობით, ვისაც აქვს დაშვება ასეთ ინფორმაციაზე. თუმცა იმ პირობებში, როცა კომიტეტის მოსმენაზე დამსწრე ყველა პირს/ პარლამენტის წევრს არ გააჩნია სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვება, გაუგებარია, რა მიზანს ემსახურებოდა სხდომის დახურვა მხოლოდ გარეშე პირებისთვის.”

EMC-ში აცხადებენ, რომ საკომიტეტო მოსმენამ წარმოაჩინა უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის სპეციალური, უფრო მოქნილი ფორმატის შემუშავების საჭიროება, რომელიც უზრუნველყოფს როგორც სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის დაცულობას, ისე სუს-ის რეალურ ანგარიშვალდებულებას პარლამენტისა და საზოგადოების წინაშე.

“ნათელია, რომ დღევანდელ პარლამენტში არსებული არც ერთი ფორმატი (მათ შორის, არც ნდობის ჯგუფი) არ ქმნის ზედამხედველობის ეფექტურ შესაძლებლობას,” – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

EMC-ში მიაჩნიათ, რომ პარლამენტის მიერ საკომიტეტო მოსმენის დახურვა არ იყო გამიზნული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის დასაცავად:

“პარლამენტის ამგვარმა გადაწყვეტილებამ რეალურად მხოლოდ სუს-ის საქმიანობის მიმართ არსებული ლეგიტიმური საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილებაზე იქონია უარყოფითი გავლენა. პარლამენტმა ვერ უზრუნველყო გამჭვირვალობის ის მინიმალური სტანდარტებიც კი, რაც საჭიროა უსაფრთხოების სექტორზე დემოკრატიული კონტროლის განსახორციელებლად. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ უფრო საზიანოა იმ ფონზე, როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენს დახურულ უწყებას, რომლის შესახებაც ინფორმაციის დიდი ნაწილი ხელმისაწვდომი არ არის და გართულებულია მისი საზოგადოებრივი კონტროლი.”

EMC მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს:

  • რეალურად განახორციელოს მისთვის დაკისრებული უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური უფლებამოსილება, რაც გულისხმობს ეფექტური საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას;
  • დაიცვას ღიაობის და გამჭვირვალობის ის მინიმალური სტანდარტები, რაც დემოკრატიული საზოგადოების აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს;
  • შეიმუშაოს საპარლამენტო კონტროლის სპეციალური მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს სუს-ზე ეფექტური ზედამხედველობის განხორციელებას იმგვარად, რომ საფრთხე არ შეექმნას სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას;
  • უზრუნველყოს საზოგადოებრივი ჩართულობა აღმასრულებელი უწყებების საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებისას.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი