ახალი ამბები

პროკურატურამ მეგის ქარდავას სერგო თეთრაძის წამებისთვის ბრალი წაუყენა

16 იანვარი, 2013 • • 1263
პროკურატურამ მეგის ქარდავას  სერგო თეთრაძის წამებისთვის ბრალი წაუყენა

14 იანვარს  საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილ მოადგილეს და შემდგომში ამ დეპარტამენტის უფროსს მეგის ქარდავას, სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსს ოლეგ ფაცაციას, ამავე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსს  ვიქტორ ყაჭეიშვილს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით. კერძოდ, დასახელებულ პირებს ბრალი ედებათ წამებაში, წამებისა და სხვა ძალმომრეობითი მოქმედებების ორგანიზებაში.  წაყნებული ბრალდება პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის და სხვა პირთა წამების საქმის გამო წარედგინათ ზემოთ ჩამოთვლილ პირებს.

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება  ბრალდებულ სერგო ალექსანდრეს ძე თეთრაძის გარდაცვალების,  თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ბოროტად გამოყენების და მათი მხრიდან სხვადასხვა სახის ძალადობების განხორციელების ფაქტზე. 

 

პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე 2011 წლის 18 სექტემბერს  პასუხისგებაში მიეცა სამ სხვა პირთან- დ.ლსთან, გ. გსთან და ს.ჩსთან ერთად ჯაშუშობის ბრალდებით. (აღნიშნულ საქმეში ბრალდებული ყველა პირი პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით ცნობილია პოლიტპატიმრად და, შესაბამისად, 2012 წლის 12 იანვრის „ამნისტიის აქტის” საფუძველზე გათავისუფლებულია სასჯელისაგან).

 

ჯაშუშობაში ბრალდებულ სერგო თეთრაძეს  შეეფარდა  პატიმრობა, რის საფუძველზე მოათავსეს  სასჯელაღსრულების  მე-8 დაწესებულებაში, სადაც გარდაიცვალა მოთავსებიდან მე-4 დღეს. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სერგო თეთრაძის გარდაცვალების ფაქტზე 2011 წლის სექტემბერში ფორმალურად დაიწყო გამოძიება, რომელიც შეწყდა 2011 წლის 31 დეკემბერს მის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით დანაშაულის არარსებობის გამო.

 

“შეწყვეტილ საქმეზე ვითომდა ჩატარებული გამოძიებით,  23 სექტემბერს, დაახლოებით 22 საათზე, საკანში მარტოდ მყოფმა ბრალდებულმა  თეთრაძემ თავი  შეუძლოდ იგრძნო, რის გამოც ადმინისტრაციის თანამშრომლებმა  გამოიძახეს ექიმი, რომლის საკანში მისვლის დროისათვის თეთრაძე უკვე უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.  იგი გადაიყვანეს  საჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-18 დაწესებულებაში, თუმცა, მიუხედავად ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებებისა, თეთრაძე მიყვანიდან უმოკლეს დროში გონმოუსვლელად გარდაიცვალა”.– წერს პროკურატურა. 

 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გამოძიებას დადგენილი ჰქონდა, რომ  დაზიანებები,  რომლებიც  თეთრაძეს აღენიშნებოდა,  მიიღო დაკავებამდე, ანუ 2011 წლის 17 სექტემბრამდე გაურკვეველ ვითარებაში.

 

2012 წლის 14 ნოემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გააუქმა  ს. თეთრაძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შეწყვეტის დადგენილება და მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მიერ  განახლდა  გამოძიება.

 

პროკურატურა ავრცელებს ინფორმაციას, რომ გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით  დადგინდა, რომ პატიმრობაში ყოფნის 4 დღის განმავლობაში სამხედრო პოლიციისა და სასჯელაღსრულების დაწესებულების სხვადასხვა თანამდებობის პირებისა და მოხელეების, ასევე მათი დავალებით სხვა პატიმრების  მონაწილეობით   სერგო თეთრაძე აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით  არაერთხელ   ცემეს სასტიკად, აწამეს, შეულახეს ღირსება, რის შედეგადაც სერგო თეთრაძე ძალადობის განხორციელების პროცესში გარდაიცვალა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკამრისობით.

 

პროკურტურის განცხადებით, გამოძიებით დადგენილია, რომ პატიმრობის შეფარდებიდან მე-2 დღეს ბრალდებული-პატიმარი სერგო თეთრაძე მე-8 დაწესებულების  ტერიტორიიდან უკანონოდ  გაიყვანეს ამავე დაწესებულების დირექტორის ალ. მუხაძის (ქილერა) მანქანით და მიიყვანეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში. მოწმეთა ჩვენებებით ასევე დადგენილია, რომ პატიმარი   თეთრაძე დაახლოებით 4-5 საათის შემდეგ იმავე მანქანით, იმავე პირებმა დააბრუნეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. თეთრაძეს აშკარად ეტყობოდა ძალადობის, ძლიერი ფიზიკური ზემოქმედების კვალი, რის გამოც უჭირდა სიარული. 

 

“გამოძიების მიერ დადგენილია, რომ 2011 წლის 19-23 სექტემბრის შუალედში სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში  არაერთხელ სცემეს, აწამეს და შეულახეს ღირსება. ანალოგიური მოპყრობის მსხვერპლი იყო ამავე ჯაშუშობის ბრალდებით პასუხისგებაში მიცემული მე-2 პირი გ. გ, რომელმაც ასევე არ აღიარა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება და რომელიც  უკვე აღაიარებულია პოლიტპატიმრად. გამოძიების მიერ დადგენილია, რომ გ. გ.  სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შენობაში ასევე  სასტიკად სცემეს და აწამეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მეგის ქარდავამ და სამხედრო პოლიციის სხვა თანამშრომლებმა. მას კისერზე შეაბეს იარაღის დასამაგრებელი ტყავის თასმა, იძულებით დააჩოქეს და ასეთ მდგომარეობაში აიძულებდნენ ევლო ხელებზე დაყრდნობით დაბმულ მდგომარეობაში, როგორც ოთახში, ასევე დეპარტამენტის დერეფანში”.– ნათქვამია განცხადებაში.

 

პროკურატურის განცხადებით, გამოძიების მიერ ასევე დადგენილია, რომ მეგის ქარდავამ 2011 წლის 16 ივნისს ღამის საათებში თავდაცვის სამინისტროს მოქმედი სამხედრო ოფიცერი, შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების შტაბის დაზვერვის სამმართველოს ოფიცერი, ვიცე-პოლკოვნიკი დ. ლ.  მოაყვანინა ერთ-ერთ სამხედრო მოხელეს სამხედრო პოლიციის შენობაში, სადაც ალ. მუხაძესთან, მეტსახელად „ქილერასთან” და ამავე დეპარტამენტის სხვა ოპერატიულ თანამშრომლებთან ერთად  4-5 საათის განმავლობაში  საშინლად სცემა და აწამა. აღნიშნულ ძალადობებში ასევე აქტიურად მონაწილეობდა მაშინდელი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩანა ახალაია. ამგვარი მოპყრობისა და სქესობრივი ძალადობის განხორციელების მუქარით მათ მიიღეს დ. ლ-ს  ე.წ. აღიარებითი ჩვენება, თითქოსდა ის ჯაშუშობდა რუსეთის სასარგებლოდ, ვინაიდან ვერ ეგუებოდა საბჭოთა კავშირის დაშლას და სურდა მისი აღდგენა. დ. ლ-ს ამგვარი ჩვენების საფუძველზე ს. თეთრაძე. გ. გ.  და ს. ჩ. მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში ჯაშუშობის ბრალდებით. გადატანილი ცემა-წამების, ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვის შედეგად დ. ლ.  მძიმედ დაავადდა.

 

პროკურატურა ასევე აცხადებს, რომ გამოძიების მიერ დადგენილია მე-8 დაწესებულებაში სერგო თეთრაძის  ცემა-წამების, ძალადობის უშუალო აღმსრულებლები. მათ შორის სხვა დანაშაულებებისთვის მრავალჯერ ნასამართლვი მსჯავრდებული პატიმრები, რომლებსაც სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია, როგორც წესი, ხშირად იყენებდა  სხვა პატიმართა მიმართ ძალადობის განხორციელების მიზნით.  ამ პირებმა აღიარეს ს. თეთრაძის მიმართ ჩადენილი წამებისა და ძალადობის გარემოებები და აღნიშნეს, რომ ს. თეთრაძის ე.წ. „დამუშავება” მათ დაავალა ვიქტორ ყაჭეიშვილმა (მე-8 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი)  და ოლეგ ფაცაციამ (ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი), რათა  მიეღოთ სერგო თეთრაძის აღიარება. ისინი სცემდნენ და აწამებდნენ მას გარკვეული დროის განმავლობაში, შემდეგ  განსაკუთრებული სისასტიკით ჯგუფურად  იძალადეს მასზე, რის შემდეგაც პატიმარმა დაკარგა გონება  და დაახლოებით ნახევარ საათში გონსმოუსვლელად გარდაიცვალა.

 

“აღნიშნულ საქმეზე დაიკითხა მრავალი მოწმე, მათ შორის ისინიც, ვინც უშუალოდ იძიებდნენ როგორც თეთრაძის გარდაცვალების საქმეს, ასევე ე.წ. ჯაშუშობის საქმეს დ. ლ-ს, გ. გ-ს, ს. ჩ.ს-ს და სერგო თეთრაძის მიმართ.  მათი დაკითხვებით ირკვევა, რომ სამხედრო პოლიციის სხვადასხვა თანამშრომლების მხრიდან  ადგილი ჰქონდა მტკიცებულებათა უხეშ ფალსიფიკაციას, დაკავების ოქმების  გაყალბებას და სერგო თეთრაძისა და სხვა მასთან ერთად დაკავებული პირების მიმართ ფიზიკურ ძალადობას, ცემას და სხვა სასტიკ მოპყრობას. დადგინდა, აგრეთვე, რომ მე-8 დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა დანაშაულის დაფარვას და კვალის განადგურებას. მათ ამ დაწესებულებაში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით მიცემული აქვთ ცრუ ჩვენებები”– ნათქვამია განცხადებაში.

 

 2013 წლის 14 იანვარს  საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილ მოადგილეს და შემდგომში ამ დეპარტამენტის უფროსს მეგის ქარდავას, სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსს ოლეგ ფაცაციას, ამავე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსს ვიქტორ ყაჭეიშვილს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით. კერძოდ, დასახელებულ პირებს ბრალი ედებათ წამებაში, წამების ორგანიზებასა და სხვა ძალმომრეობითი მოქმედებების ორგანიზებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი