ახალი ამბები

კბილაშვილმა ბექა გოჩიაშვილის საქმე პირად კონტროლზე აიყვანა

15 იანვარი, 2013 • 1101
კბილაშვილმა ბექა გოჩიაშვილის საქმე პირად კონტროლზე აიყვანა

ამის შესახებ არჩილ კბილაშვილმა საზოგადოებირივი მაუწყებლის ეთერში დღეს, 15 იანვარს, გადაცემა “აქცენტებში” განაცხადა.

 

კბილაშვილის თქმით, გოჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლებამ ზედმიწევნით ოპერატიულად უნდა იმოქმედოს. 


“ამ განაცხადებასთან დაკავშირებით საქმის შესწავლას, ერთი მხრივ, ახდენს შსს-ს გენერალური ინსპექცია, ეს მათი პირდაპირი მოვალეობაა. ხოლო რაც შეეხება პროკურატურას, მე მივეცი დავალება თბილისის პროკურორს. ეს დავალება გამოიხატება იმაში, რომ შეესწავლა განცხადება, რომელიც გაავრცელა ამ ახალგაზრდამ. ის ვალდებულია მოუსმინოს მას, გამოკითხოს ის. თუკი ამ განცხადების შედეგად საკმარისი რწმენა იქნება იმისა, რომ აქ დანაშაული არის, მაშინ გამოძიება უნდა დაიწყოს. საერთოდ ასეთი წესია, როდესაც ვრცელდება ინფორმაცია შესაძლო დანაშაულის შესახებ, პროკურორის, გამომძიებლის მოვალეობაა მოახდინოს, პირველ რიგში, ზედაპირული შესწავლა, რომ დარწმუნდეს შესაძლო დანაშაულის  შესახებ და შემდეგ დაიწყოს გამოძიება. ეს დავალება ჩემი მხრიდან მიცემულია და, ბუნებრივია, კონტროლზე აყვანა ხორციელდება ჩემ მიერ. მაგრამ ის, რომ უშუალოდ გამოძიება მთავარმა პროკურორმა აწარმოოს, ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ. რას აკეთებს რაიონული პროკურორი, ქალაქის პროკურატურა, ვისაც პირდაპირ ევალება ეს,”- განაცხადა კბილაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ 16 წლის პიანისტის, ბექა გოჩიაშვილის განცხადება 14 იანვარს გავრცელდა. განცხადებაში ბექა გოჩიაშვილი  საუბრობს მოწმის სახით დაკითხვისას მასზე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე.

 

ბექა გოჩიაშვილი და მისი ძმა ლაშა გოჩიაშვილი ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით 8 იანვარს ვაკე-საბურთალოს მეხუთე განყოფილებაში დაიკითხნენ. 

 

აღნიშნული საქმის დაკითხვასთან დაკავშირებით განცხადება შსს-მაც გაავრცელა. 

 

ბექა გოჩიაშვილის მხარდასაჭერად დღეს აქციაც გაიმართა იმ პოლიციის შენობასთან, სადაც ის დაკითხეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი