Interviewsახალი ამბები

როგორ გადავიდეთ მარხვიდან სრულყოფილ კვებაზე გართულებების გარეშე – ექიმის რჩევები

14 აპრილი, 2017 • 4937
როგორ გადავიდეთ მარხვიდან სრულყოფილ კვებაზე გართულებების გარეშე – ექიმის რჩევები

მართლმადიდებელ მორწმუნეებს, რომლებიც დიდ მარხვას იცავენ, აღდგომის დღესასწაულზე ყველა სახის საკვების მიღების უფლება აქვთ. ნეტგაზეთი ესაუბრა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, გასტროენტეროლოგ გელა სულაბერიძეს, რათა გაგვერკვია, როგორ უნდა გადავიდნენ მარხვიდან გახსნილებულ პერიოდზე მორწმუნეები ისე, რომ ზიანი არ მიაყენონ საკუთარ ორგანიზმს.

დიდი მარხვა აღდგომიდან 7 კვირით ადრე იწყება. ამ პერიოდში მორწმუნეები არ ჭამენ ხორცს, რძის პროდუქტებს, კვერცხს, თევზს. რამდენად მოქმედებს რაციონში ასეთი შეზღუდვები ადამიანის ჯანმრთელობაზე?

შეკითხვით, თუ როგორ ეგუება ადამიანის ორგანიზმი ცხოველური ცილების ნაკლებობას მარხვის დროს, ხშირად მიმართავენ ექიმს. არსებობს ცხოველური და მცენარეული ცილები. მცენარეული ცილებით მდიდარი პროდუქტები საკმაოდაა ბუნებაში, ძირითადია მარცვლეული და პარკოსნები. სწორედ ამ პროდუქტებით საკვები რაციონის გამდიდრებით შეიძლება ცილების აუცილებელი რაოდენობის შევსება. დღეს ადამიანები ხშირად ზღუდავენ, ან საერთოდ უარს ამბობენ პურსა და პურპროდუქტებზე. აღარაფერს ვიტყვი ჩვენი ქვეყნისათვის ისეთ ტრადიციულ პარკოსნებზე, როგორიც იყო ოსპი, ცერცვი, მუხუდო, რომელიც განსაკუთრებით მდიდარია ცილებით. ჩვენს ქვეყანაში ყველაზე უფრო ხშირად მოხმარებული პარკოსანი არის ლობიო, თუმცა, ბევრი მასაც იშვიათად იყენებს, მაშ, რაღა დარჩა? ამგვარი მდგომარეობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ისიც, რომ პურის რაოდენობის შეზღუდვა ითვლება ჯანსაღი კვების და დიეტოთერაპიის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილად, რაც არ არის სწორი.

პური ის პროდუქტია, რომლიდანაც მცენარეული ცილა უნდა მივიღოთ. მცენარეული ცილით მდიდარია მარცვლეულის, გასაკუთრებით კი ხორბლის ქერქი. თეთრ პურში ცილის შემცველობა რუხ პურთან შედარებით დაბალია, თუმცა ცილას ისიც შეიცავს. 100 გრამ ნედლ ხორცში არის 19-20 გრამი ცილა, 100 გრამ ხორბლის ქერქში კი – 15-16 გრამამდე. ამიტომ ხორბლის ქერქის შემცველი პურისა და პარკოსნების მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პერიოდში, როდესაც ცხოველური ცილებით მდიდარი პროდუქტები შეზღუდულია.

ტკბილეული, შოკოლადი, მაფინები, დონატი, კრუასანი და მსგავსი საკვები, რომლებიც დღეს ესოდენ პოპულარულია, ცილას არ შეიცავს. ამგვარ პროდუქტებს განსაკუთრებით ფართოდ მოიხმარს ჩვენი ახალგაზრდობის დიდი ნაწილი როგორც მარხვის, ისე ხსნილის დროს. ვფიქრობ, ზოგადად ამგვარი არასწორი და არაჯანსაღი კვების რეჟიმი უნდა გახდეს აქტიური განხილვის საგანი.

ტორტი და ნამცხვარი ყოველდღიური საკვები არ არის, ეს სადღესასწაულო საკვებია. მარხვა იქნება თუ ხსნილი, ყოველი დღის დაწყება ტკბილეულით და ყოველდღე ტორტის ჭამა სასურველი არ არის. მარხვის დროს ტკბილეულით და ნამცხვრით შიმშილის გრძნობის დაკმაყოფილება არასწორია. ეს უნდა მოხდეს ჩვეულებრივი საკვებით, იქნება ეს მცენარეული საკვები, თუ მცენარეული ბოჭკოთი მდიდარი პური.

როცა გახსნილდება, როგორ უნდა გადავიდნენ სწორად მორწმუნეები მარხვიდან გახსნილებულ პერიოდზე ისე, რომ არ მოჰყვეს ამას კუჭ-ნაწლავის ან სხვა პრობლემების გამოვლინება?

ორგანიზმი ისეა მოწყობილი, რომ ყველაფრისთვის უნდა მოემზადოს. ელემენტარულად, სპორტსმენი რომ გამოდის საასპარეზოდ, იგი ამისთვის ემზადება, ვარჯიშობს. ეს პრინციპი ერთი და იგივე როგორც კუნთისთვის, ისე კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის. ამიტომ 40-დღიანი მარხვის შემდეგ ჩვეულ საკვებ რაციონზე გადასვლისას უმჯობესია დავიცვათ ზომიერება.

თუმცა დღესასწაული იმის დღესასწაულია, რომ ამ დროს თავს გარკვეული თავისუფლება უნდა მივცეთ. არის ტრადიციული სადღესასწაულო საკვები და არის არატრადიციული, არაბუნებრივი სადღესასწაულო საკვები. ხორციანი საკვები, მათ შორის, რძის ნაწარმი, ნიგვზიანი საკვები და ასე შემდეგ, ისეთი საკვებია, რომელშიც ზომიერება დევს. რას ნიშნავს ეს? ამგვარი საკვების მიღებისას ადამიანი ნაყრდება,უჩნდება სიმაძღრის შეგრძნება და თავისთავად, რაოდენობასაც არეგულირებს. მაგრამ ხშირად ამ ცხიმიან ხორცს, რძის ნაწარმს, ნიგვზიანს და ასე შემდეგ, აყოლებენ არაბუნებრივი, რაფინირებული ნახშირწყლებითა და ცხიმებით მდიდარ საკვებს, მაგალითად, ტკბილ ჩას, ყავას, იმავე ტორტს ან ნამცხვარს, რაც განსაკუთრებით მავნეა ჩვენი ნივთიერებათა ცვლისათვის.

ყველაფერი ის, რაც შეიცავს არაბუნებრივ, რაფინირებულ ნახშირწყალსა და ცხიმს, დიდ დარტყმას აყენებს ორგანიზმს და ეს გასათვალისწინებელია.

მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მკაცრად შევზღუდო რაციონი. ჩემმა პაციენტებმა იციან, კვების რეჟიმის განსაზღვრას აკრძალვით არ ვიწყებ. აქ არის ლაპარაკი რაოდენობაზე, ცივილიზებულ სამყაროში თუ ერთ, ანდა ნახევარ ნაჭერ ტორტს ჭამენ, ჩვენ რატომ უნდა შევჭამოთ სამი, ოთხი და ხუთი დიდი ნაჭერი?

აღდგომის დღესასწაულს ხშირად სადღესასწაულო სუფრით აღნიშნავენ, რომელიც მრავალფეროვანი კერძებისგან შედგება. როდესაც ასეთ სუფრაზე ხვდება ნამარხულევი ადამიანი, რა უნდა ქნას მან?

კი, ბატონო, აღდგომის დღესასწაული უხვი სუფრით აღინიშნება და მე სულაც არ ვამბობ, რომ თავს არ მისცე უფლება, მიირთვა სადღესასწაულო კერძები. შეიძლება ზომიერად ღვინოც დალიო. თავის შეკავება ნიშნავს ზომიერების დაცვის უნარის გამომუშავებას. მარხვისას თავი შევიკავოთ იმიტომ, რომ შემდეგ ერთ დღეს ყოველგვარი ზომიერება დავივიწყოთ, ეს სამედიცინო კუთხით არ არის სწორი. კვებას აქვს თავისი პრინციპები, რომლებიც უნდა დავიცვათ და ამ პრინციპების დაცვა ყველა არასასურველ შედეგს აგვაცილებს.

რა არის ის ყველაზე დიდი რისკების მქონე საკვები, რომელიც ნამარხულევ ორგანიზმს ერთბაშად არ უნდა მივაწოდოთ?

მარხვის დროს ბევრი დაავადება გადადის რემისიის, ანუ დაწყნარების ფაზაში. თუმცა, დიდი მარხვა გაზაფხულს ემთხვევა, გაზაფხული კი სარისკო პერიოდია საჭმლის მომნელებელი სისტემის ზოგიერთი ქრონიკული დაავადების გამწვავებისათვის, როგორიცაა კუჭის წყლული, ნაწლავისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებები. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვურჩევთ ხოლმე პაციენტებს, რომ განსაკუთრებით გაზაფხულზე გამოიჩინონ სიფრთხილე და კვების რეჟიმი მოაწესრიგონ. საჭიროების შემთხვევაში წამლებსაც ვუნიშნავთ, რომ დაავადება არ გამწვავდეს.

მარხვის დასრულება სწორედ ის პერიოდია, როდესაც ჩვენ განსაკუთრებული ზომიერებისა და სიფრთხილისაკენ მოვუწოდებთ ჩვენს პაციენტებს. ვურჩევთ, არ მიიღონ დიდი რაოდენობით ცხიმიანი, წიწაკიანი, ზედმეტად მარილიანი, არომატული ნივთიერებებით და სუნელებით მდიდარი საკვები.

როდესაც ნაღვლის ბუშტში კენჭია, ბევრი ცხიმის ერთდროულად მიღება იწვევს ბუშტის გააქტიურებას, მის შეკუმშვას და კენჭის ამოძრავებას. ცხიმიანი საკვების ერთბაშად დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კენჭი დაძვრა, სანაღვლე გზები დაცობა და კოლიკის (ნაღვლის ბუშტის შეტევის) განვითარება. პანკრეასის დაავადებების დროს, არომატულმა ნივთიერებებმა, ცხიმმა და დიდი რაოდენობით საკვებმა შეიძლება გამოიწვიოს პანკრეასის გაღიზიანება და დაავადების გამწვავება. ამ დროს პაციენტებს თავის შეკავებას ვურჩევ, თუმცა ჩემთვის დღესასწაული დღესასწაულია და სულ ვცდილობ, რომ პაციენტს დღესასწაულებზე ბევრი რამის უფლება მივცე შესაძლებლობის ფარგლებში; მაგრამ დღესასწაულის აღნიშნვა ხშირად ზღვარს გადადის, ამას კი დაავადებული ორგანიზმი ვეღარ უძლებს და დაავადებები მწვავდება.

ექიმები იმისთვის ვართ, რომ პაციენტი დავამშვიდოთ და არა იმისთვის, რომ შევაშინოთ. მარხვა საოცრად კარგი პერიოდია. მარხვის შემდეგ თანდათან უნდა გავაფართოოთ საკვების მიღება. ზედმეტი არაფერია გამართლებული. ზომიერება არის ყველაზე უკეთესი, რაც ადამიანმა შეიძლება გააკეთოს.

ზედმეტი საკვების მიღებისას ის ადამიანებიც შეიძლება დადგნენ რისკის წინაშე, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვთ?

რა თქმა უნდა, ზომიერება ეხება არა მარტო იმას, თუ როგორია საკვები, არამედ კვების რეჟიმსაც. ადამიანი, სასურველია, დღეში ოთხჯერ მაინც იკვებებოდეს. დილით სახლიდან გამოსვლა საკვების მიღების გარეშე არ ღირს. შემდეგ – მეორე საუზმე, სადილი და ვახშამი. ოთხჯერ ზომიერად კვება ძალიან მნიშვნელოვანია.

თუ მარხვის შემდეგ ადამიანი მაინც არ დაიცავს ზომიერებას, რა რისკების წინაშე შეიძლება დადგეს?

შეუძლებელია იმის თქმა, თუ რას გამოიწვევს ზომიერების დარღვევა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. ექიმები აკრძალვისთვის არ ვართ. მე ზოგად რისკებზე გესაუბრეთ. იმაზე კი, რომ ზომიერება მნიშვნელოვანი და კარგია ადამიანის ჯანმრთელობისათვის, ვფიქრობ, ვერავინ შემედავება.

პროფესორი გელა სულაბერიძე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი