ახალი ამბები

სააკაშვილი ბექა გოჩიაშვილს ტელეფონით ესაუბრა

15 იანვარი, 2013 • 1054
სააკაშვილი ბექა გოჩიაშვილს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ტელეფონით პირადად ესაუბრა ბექა გოჩიაშვილს. ამის შესახებ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა. 

 

“დღესვე მიხეილ სააკაშვილი მუსიკოსის მამას, ვალერი გოჩიაშვილს შეხვდა და იმ ზეწოლის ფაქტებით დაინტერესდა, რომელიც ბექა გოჩიაშვილისა და მისი ძმის, ლაშა გოჩიაშვილის წინააღმდეგ ვაკე-საბურთალოს პოლიციის თანამშრომლების მიერ დაკითხვის პროცესში ხორციელდებოდა. ქვეყნის პირველმა პირმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა სოლიდარობა და აღნიშნა, რომ დამნაშავეები აუცილებლად უნდა დაისაჯონ. სატელეფონო საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა ბექას სწავლაში წინსვლა და პროფესიული წარმატებები უსურვა,”- წერია პრეზიდენტის ფეისბუქის გვერდზე. 

 

შეგახსენებთ, რომ 16 წლის პიანისტის, ბექა გოჩიაშვილის განცხადება 14 იანვარს გავრცელდა.  განცხადებაში ბექა გოჩიაშვილი  საუბრობს მოწმის სახით დაკითხვისას მასზე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე.

 

ბექა გოჩიაშვილი და მისი ძმა ლაშა გოჩიაშვილი ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით 8 იანვარს ვაკე-საბურთალოს მეხუთე განყოფილებაში დაიკითხნენ. 

 

აღნიშნული საქმის დაკითხვასთან დაკავშირებით, განცხადება შსს-მაც გაავრცელა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი