ახალი ამბები

კოალიციის განცხადება GDS-ის კადრებით საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკომპლექტებაზე

14 აპრილი, 2017 • 2368
კოალიციის განცხადება GDS-ის კადრებით საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკომპლექტებაზე

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” ავრცელებს განცხადებას GDS-ის კადრებით საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით. კოალიციაში აცხადებენ, რომ მიმდინარე საკადრო ცვლილებებით დასტურდება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გავრცელებული ცნობები GPB-ში GDS-ის თანამშრომელთა გადაყვანის გეგმის შესახებ.

“საზოგადოებრივ მაუწყებელზე 30 თანამშრომლის დამატება, რომელთაგან უმეტესობა ყოფილი GDS-ელია, აჩვენებს, რომ შესაბამისი გეგმა ახალი გენერალური დირექტორის მიერ, რომელიც ასევე GDS-ის ყოფილი თანამშრომელია, მართლაც ხორციელდება.

საყურადღებოა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, სულხან სალაძის მიერ გავრცელებული მონაცემებით, ახლად მიღებულ თანამშრომელთა ანაზღაურება თვეში 80 ათას ლარს აღწევს მაშინ, როცა მაუწყებლის ახალი მენეჯმენტი პირველივე დღიდან თანხების დაზოგვის აუცილებლობაზე საუბრობდა და ამ მიზნით თანამშრომელთა მასობრივ დათხოვნასაც კი გეგმავდა.

საზოგადოებრივ მაუწყებელზე GDS-ის თანამშრომელთა დასაქმებას მენეჯმენტი ნიუსრუმის ახალი საჭიროებებით ასაბუთებს, თუმცა გავრცელებული მონაცემები აჩვენებს, რომ ახლად მიღებული კადრები მხოლოდ ე.წ. გაერთიანებულ ნიუსრუმში არ საქმდებიან. ახალი კადრების მიღება წინ უსწრებს მაუწყებელზე გამოცხადებულ კონკურსს გადაცემების შესარჩევად.” – ნათქვამია განცხადებაში.

კოალიციამ “მედიის ადვოკატირებისთვის” კრიტიკულად აფასებს ახალი მენეჯმენტის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და განაგრძობს მაუწყებელზე მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის გადაცემების შესარჩევ კონკურსზე, დაკვირვებას. კოალიცია იმედს გამოთქვამს, რომ საკონკურსო კომისია შეძლებს საზოგადოებრივი მაუწყებლის და არა მენეჯმენტის ინტერესების დაცვას, წარმოდგენილი პროექტების პროფესიული კრიტერიუმებით შეფასებას და წარდგენას საზოგადოებისათვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი