ახალი ამბები

შს მინისტრის დისკრიმინაციული ბრძანება მართლმადიდებლებს უპირატეს მდგომარეობაში აყენებს

14 აპრილი, 2017 • 11236
შს მინისტრის დისკრიმინაციული ბრძანება მართლმადიდებლებს უპირატეს მდგომარეობაში აყენებს

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება, რომელიც სამინისტროს თანამშრომლების კვების რაციონს განსაზღვრავს, დისკრიმინაციულია. ბრძანების მიხედვით, აღდგომის დღესასწაულზე კვების  განსხვავებული რეჟიმია დაწესებული, იგივე წესი არ ვრცელდება მუსლიმების დღესასწაულზე “ყურბან-ბაირამი”, იუდეველების დღესასწაულზე “ხანუქა” და სხვა რელიგიური კონფესიების დღესასწაულებზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების კვების რაციონი “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მოსამსახურეთა სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცებისა და კვების ორგანიზების შესახებ” მინისტრის ბრძანებით არის განსაზღვრული.

ბრძანების მიხედვით, საკვების ჩამონათვალი სამინისტროს ყველა სამსახურისთვის ერთი და იგივეა, ხოლო გრამებში განსხვავება- უმნიშვნელო. გთავაზობთ საერთო საჯარისო სასურსათო იჯარას საყაზარმე კვების პირობებში:

პური (თეთრი) 700 გრამი;  2 ფუნთუშა  100 გრამი;  ხორბლის ფქვილი 10 გრამი;  ბურღულეული (წიწიბურა, ლობიო, ბარდა, მანანის ბურღ. და სხვ.) 80 გრამი;  ბრინჯი 40 გრამი;  მაკარონის ნაწარმი 40 გრამი; ხორცი საქონლის 140 გრამი;  ხორცი ფრინველის 60 გრამი;  სოსისი 30 გრამი;  თევზი გაყინული (თავიანი ან უთავო) 130/100 გრამი;  დამარილებული ქაშაყი (ზამთრის სეზ.) 20 გრამი; შესქელებული რძე 20 გრამი;  რძე ან რძის ფხვნილი 100/13 გრამი;  არაჟანი 30 გრამი; ხაჭო 30 გრამი;  ყველი 30 გრამი; კვერცხი 1ცალი;   შაქარი 70 გრამი; კარაქი 40 გრამი; მარგარინი 10 გრამი;  ზეთი (მილილიტრი) 20 გრამი;  კარტოფილი 400 გრამი;  კომბოსტო 100 გრამი;  ჭარხალი 20 გრამი; სტაფილო 45 გრამი; ხახვი 50 გრამი; კიტრი, პომიდორი (სეზონურად) 80 გრამი;  ბადრიჯანი, ისპანახი, ფხალი (სეზონურად) 40 გრამი; მწვანილი 20 გრამი; ნიორი 5 გრამი; ხილის წვენი 100 მილილიტრი;  კისელის კონცენტრატი 10 გრამი; ხილი სხვადასხვა (სეზონის მიხ.) 200 გრამი; კაკაო 4 გრამი; ჩაი 2 გრამი; ტომატ­პასტა 25 გრამი; ძმარი 3 მილილიტრი;  მარილი 20 გრამი; წიწაკა საკ. სანელ. 0.5 გრამი;  ტყემლის საწებელი 10 მილილიტრი;  თაფლი 30 გრამი;  შოკოლადის ნაწარმი 50­/60 გრამი;  ხილფაფა 5 გრამი;

ამავე ბრძანებით, სამინისტროს ზოგიერთი მოსამსახურისათვის განსაზვრულია ახალი წლის სადღესასწაულო დღის ნორმა:

ლორი (ან ძეხვი) – 50 გრ; ქათამი (ბარკალი) – 250 გრ; საკონდიტრო ნაწარმი – 200 გრ; შოკოლადის ნაწარმი – 100-­120 გრ (დაფასოების მიხედვით); კარამელისკანფეტი – 50 გრ; ჩურჩხელა – ერთიცალი; ნუგბარი (თაფლი, ნიგოზი) – 50 გრ; გაზიანი სასმელი – 0,5 ლ; შუშხუნა ღვინო – 200 გრ; ფქვილი (ხორბლის) – 150 გრ; 4ყველი (იმერული) – 100 გრ.

ხოლო აღდგომის დღის ნორმა ასეთია:  კვერცხი – 3 ცალი; სააღდგომო პასკა – 250 გრ; შოკოლადი – 100­/120 გრ; გაზიანი გამაგრილებელი სასმელი – 0,5 ლ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, გიორგი გოცირიძე აცხადებს, რომ ეს ბრძანება დისკრიმინაციულია.

“ეს ბრძანება დისკრიმინაციულია, რადგან ბრძანება მხოლოდ მართლმადიდებლური დღესასწაულის, აღდგომის საკვების რაციონის დაფინანსებას ითვალისწინებს. ეს არის რელიგიური მიზეზით საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა. სეკულარიზმის მოთხოვნაა, რომ სახელმწიფომ უნდა შეზღუდოს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა რელიგიური მიზნებისთვის, თუმცა, თუ მაინც იხარჯება, მხოლოდ ერთი რელიგიური ჯგუფისთვის არ უნდა იხარჯებოდეს,” – აღნიშნავს გოცირიძე.

გოცირიძის თქმით, პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციულ კანონში ჩაწერა, რომ სახელმწიფო დაწესებულებებს თავისი შიდა რეგულაციები ამ კანონთან შესაბამისობაში უნდა მოეყვანათ.  მისივე განმარტებით,

“ეს ბრძანება არ არის ანტიდისკრიმინაციული კანონის შესაბამისი. სახალხო დამცველსაც შეუძლია ამასთან დაკავშირებით რეკომენდაციის გაცემა. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს შეუძლია მიმართოს სასამართლოს. ”

რატომ არ არის დაწესებული კვების განსხვავებული რეჟიმი სხვა რელიგიური კონფესიების დღესასწაულებზე? – ამ კითხვით “ნეტგაზეთმა” შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, შალვა ხუციშვილს მიმართა. მისი თქმით,

“ეგ რაციონი კონკრეტული საჭიროებებიდან გამომდინარე დგება. თუ ერთი ადამიანი არის [სხვა კონფესიის], შეიძლება მისთვისაც გათვალისწინებული არის განსაკუთრებული რაციონი. კონკრეტულად, დოკუმენტები შეგიძლიათ მოითხოვოთ და ნახავთ. ახლა ზეპირად მსჯელობა ძნელია. დარწმუნებული ვარ, რომ გათვალისწინებულია [სხვა კონფესიების დღესასწაულები]. ეს რაციონი შეიძლება დამატებით ითვალისწინებდეს ჯარისკაცთა უმრავლესობისთვის [დღესასწაულის] დამატებით აღნიშვნისთვის, მაგრამ არ მგონია, რომ [სხვა კონფესიის თანამშრომლების] რაოდენობა იმდენი იყოს, რომ ამისთვის ცალკე შესყიდვები გაკეთდეს,”- აღნიშნავს შალვა ხუციშვილი.

როგორც “ნეტგაზეთს” სახალხო დამცველის აპარატში განუცხადეს,  აღნიშნულ ბრძანების შესწავლის შემდეგ განცხადებას გააკეთებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი