ახალი ამბები

საერთაშორისო საზოგადოება რუსეთს ჩეჩნეთში ლგბტ პირების მკვლელობების გამოძიებას სთხოვს

14 აპრილი, 2017 • 2323
საერთაშორისო საზოგადოება რუსეთს ჩეჩნეთში ლგბტ პირების მკვლელობების გამოძიებას სთხოვს

ჩეჩნეთში ლგბტ ადამიანების მასობრივი წამებისა და მკვლელობების საქმის გამოძიების მოთხოვნით, რუსეთის გენერალური პროკურორის მისამართით პეტიცია მზადდება. ხელმოწერები ამერიკულ პლატფორმაზე, Change.org-ზე გროვდება.  ორგანიზაციის ცნობით, ჩეჩნეთში მცხოვრები ასობით ადამიანი საკუთარი სექსუალური იდენტობის გამო ღირსების შემლახავი მოპყრობისა და წამების მსხვერპლია.

როგორც ბრიტანული გამოცემა, “გარდიანი” წერს, ჩეჩნეთში ლგბტ ადამიანების დევნას მასობრივი ხასიათი აქვს და ამაში ადგილობრივი მმართველების ხელი ურევია. რუსეთის ფედერაცია კი ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავს მაშინ, როცა ფედერაციის ადმინისტრაციულ ერთეულებში ადამიანის უფლებების და თავისუფლებების უზრუნველყოფა, როგორც შიდა კანონმდებლობით, ისე საერთაშორისო კონვენციების ფარგლებში, რუსეთის ფედერაციის პირდაპირი მოვალეობაა.

ჰომოფობიური გარემოს გამო, რომლის გაძლიერებასაც ხელს ჩეჩენი ლიდერები უწყობენ, ლგბტ პირები ყოველდღიურად აწყდებიან ძალადობას სამართალდამცავი უწყებების მხრიდან. გარდა ძალოვანი უწყებების მხრიდან ძალაუფლების გადამეტების შემთხვევებისა, ჩეჩნეთში გეებს საფრთხე საკუთარი ოჯახის წევრებისა და ნათესავების მხრიდანაც ემუქრებათ. როგორც “გარდიანი” წერს, ჩეჩნეთში ჰომოსექსუალების შევიწროება, ზოგ შემთხვევაში მკვლელობა, მათი ნათესავებისთვის ღირსების საკითხად ითვლება და ასეთ შემთხვევებზე როგორც ადგილობრივი მმართველობა, ისე რუსული უწყებები თვალს ხუჭავენ.

ლგბტ ადამიანების დევნაზე წერს რუსული გამოცემა “ნოვაია გაზეტაც”. რუსული მედიის ცნობით,  2017 წლის აპრილის მონაცემებით, მათი ინფორმაციით, ჩეჩნეთის მთავრობამ რესპუბლიკის ასზე მეტი მოქალაქე სექსუალური იდენტობის ნიშნით დააპატიმრა, 3 მათგანი კი დაიღუპა. “ნოვაია გაზეტა” აცხადებს, რომ  დაუზუსტებელი მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი გაცილებით მეტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი