ახალი ამბები

რას უპირისპირებს რუსულ რბილ ძალას საქართველო – გამოხმაურებები სუს-ის ანგარიშზე

13 აპრილი, 2017 • 4021
რას უპირისპირებს რუსულ რბილ ძალას საქართველო – გამოხმაურებები სუს-ის ანგარიშზე

როგორ მუშაობს “რუსული რბილი ძალა” საქართველოში? რა სფეროებს მოიცავს ის და რას აკეთებს ხელისუფლება რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2016 წლის ანგარიშის თანახმად, სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურები სადაზვერვო ინფორმაციისა და, შესაბამისად, სასურველი შედეგის მიღებას არაძალისმიერი მეთოდების გამოყენებით, ე.წ. რბილი ძალის კონცეფციის მიხედვით ცდილობენ. ამავე ანგარიშის მიხედვით, ისინი აქტიურად იყენებენ „სახალხო დიპლომატიის“ და „ინფორმაციული დივერსიის“ კომპონენტებს.

“ამის გასანეიტრალებლად კომპლექსურად და გეგმაზომიერად ტარდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები საქმიანობაში ჩართული ძალებისა და მათი დაფინანსების წყაროების გამოსავლენად. ასევე იმ პირთა დასადგენად, რომლებიც შესაძლოა თანამშრომლობდნენ უცხო ქვყნების სპეცსამსახურებთან. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესის სფეროს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სუბიექტები, ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა, ასევე საქართველოს ეკონომიკური პოტენციალისა და ბაზრის შესწავლა წარმოადგენს,” – ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.

“ნეტგაზეთი”შეეცადა, ამ საკითხზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან უფრო დეტალური ინფორმაცია მიეღო , თუმცა, როგორც სუს-ში განაცხადეს, ამ ეტაპზე ინტერვიუს ჩაწერა ვერ მოხერხდება.

დეტალების შესახებ დღეს, 13 აპრილს, პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე უწყების უფროსის მოადგილემ, ალექსანდრე ტაბატაძემ ისაუბრა, თუმცა ეს სხდომა ჟურნალსიტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დახურული იყო.

რუსული რბილი ძალის ელფერი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორის, ლევან ავალიშვილის თქმით, რბილი ძალა არ გულისხმობს აქცენტის გაკეთებას ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე:

“რბილი ძალის კონცეფცია გულისხმობს პოლიტიკის წარმოებას ყველა მიმართულებით. ყველა მეთოდს იყენებენ იმისთვის, რომ საზოგადოებრივი აზრის ფორმირება მოხდეს კონკრეტული ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ. ეს შეიძლება იყოს კულტურული პროპაგანდა, საინფორმაციო პროპაგანდა, ასევე, რელიგიური თემატიკა, სოციალური და ეკონომიკური მიმართულებები.”

ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე ამბობს, რომ რუსული პროპაგანდა და მისი შედეგები იგრძნობა საქართველოში:

“რბილი ძალის იდენტიფიცირება რთულია, ეს ძალიან მაღალპროფესიულ დონეზე ხორციელდება. ფინანსური, იდეოლოგიური, რელიგიური, კულტურული თუ სხვა მიმართულებებით მუშაობს რუსეთი, ეს იგრძნობა საქართველოში.”

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, რუსული პროპაგანდის მიზანია, მცდარი ინფორმაცია გაავრცელოს დასავლეთის, დასავლური ინსტიტუტების, ასევე საქართველო-რუსეთის ურთიერთობების შესახებ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით,
პრორუსულ ძალებს საქართველოში საკმაოდ დიდი რესურსი და პროპაგანდის დიდი შესაძლებლობები აქვთ:

“ჩვენ ვხედავთ, როგორი პროპაგანდა მიმდინარეობს მთელ მსოფლიოში, ამიტომ ეს უსერიოზულესი ფაქტორია თანამედროვე სამყაროში. რაც ტანკით და თოფით არ ხორციელდება, რეალურად ხორციელდება დიდი ფინანსური რესურსით, პროპაგანდით და მსგავსი საშუალებებით.”

მედია, როგორც პროპაგანდის მთავარი წყარო

“ეს შხამი ვრცელდება ქართულენოვანი მედიასაშუალებებით,” – ამბობს გიორგი კანდელაკი და აღნიშნავს, რომ ასეთი მედიები სახელისუფლებო ფულით პირდაპირ ან ირიბად ფინანსდება. მისი დაკვირვებით, ასეთი მედიების არსებობა თავისთავად ტრაგედია არ არის:

“ყველაზე მიუღებელ აზრსაც აქვს არსებობის უფლება. ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ასეთ საშუალებებს აფინანსებს სახელმწიფო, რეკლამის საფარქვეშ ან პირდაპირ. ისეთებს აძლევს ფულს, რომლებიც საქართველოში რუსული ბაზების განთავსებას მოითხოვენ.”

რომან გოცირიძის ინფორმაციით, არსებობს უამრავი ონლაინ გამომცემლობა, რომელიც რუსულ პროპაგანდას ავრცელებს:

“საქართველოშიც არაერთი ისეთი საინფორმაციო საშუალებაა, რომელიც რუსული პროპაგანდის ნაწილია და დახვეწილად მუშაობენ. ძალიან მარტივი ფანდი აქვთ შემუშავებული. ისინი დასავლურ ოპოზიციას ლანძღავენ, პირველ რიგში, ნაციონალურ მოძრაობას, და ხელისუფლებას ეს მოსწონს და მათ პირდაპირ აფინანსებს. რეალურად, ეს ჯგუფები ხელისუფლების მეგობარი ჯგუფები არიან. “

ერთმორწმუნეობის მითი

“რელიგიური წარმოდგენები და კულტურული მეხსიერება რუსეთის რბილი ძალის არსენალში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია, ვინაიდან მართლმადიდებლური ქრისტიანული ღირებულებები მნიშვნელოვანია მოსახლეობის საგრძნობი ნაწილისთვის და რელიგიური წრეებიდან წამოსულ გზავნილებს დიდი გავლენა აქვს საქართველოს მოსახლეობაზე. კრემლი იყენებს ქართული საზოგადოების ამ თავისებურებას და დასავლეთს წარმოაჩენს, როგორც მანკიერი „ლიბერალური“ იდეოლოგიის მქადაგებელს, რასაც უპირისპირდება კონსერვატორული რუსეთი, რომელიც იცავს ტრადიციულ ღირებულებებს,” – ვკითხულობთ IDFI-ს მიმოხილვაში.

რომან გოცირიძის განცხადებით, რუსეთის აგენტურას იდეოლოგიური გამართლება სჭირდება და სწორედ ამისთვის იყენებენ ერთმორწმუნეობის საკითხს:

“კომუნიზმის იდეა ისეთი არ არის, რომლის გარშემოც შეიძლება კონსოლიდაცია. მართლმადიდებლობა საქართველოსა და რუსეთში მთავარი აღმსარებლობაა, შესაბამისად, მათ მიაჩნიათ, რომ ეს ყველაზე კარგი იარაღია. მათთვის ყველაფერი საბრძოლო იარაღია. რუსული ეკლესია ფაქტობრივად რუსეთის ხელისუფლების დანამატია და თავის ძირგამომთხრელ საქმიანობას ახორციელებს მართლმადიდებლურ ქვეყნებში.”

პროპაგანდა არასამთავრობო ორგანიზაციების საშუალებით

ეკა ბესელიას განცხადებით, კომიტეტის სხდომაზე სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილემ რამდენიმე ორგანიზაცია დაასახელა, რომლებიც თავიანთი საქველმოქმედო თუ ბიზნეს საქმიანობის ქოლგის ქვეშ ატარებენ რუსულ ინტერესს:

“ბატონმა ალექსანდრემ ისაუბრა, რომ ასეთი ჯგუფები გამოვლენილია და არსებობს მათი ბაზა, მიმდინარეობს მათ საქმიანობაზე დაკვირვება.”

ბრძოლა პროპაგანდის წინააღმდეგ

ეკა ბესელიას ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახურს ძალიან კარგი ანალიტიკური ჯგუფი ჰყავს, რომელიც პროპაგანდის განეიტრალებაზე მუშაობს:

“გამოვლენილია საკმაოდ ბევრი შემთხვევა, დინამიკაში ჩანს, რომ ანალიტიკური მუშაობის ეფექტურობა იზრდება და, რაც მთავარია, საფრთხეების განეიტრალებისკენ მიმართული ღონისძიებები არის ამ საფრთხეების პროპორციული და შესატყვისი.“

რომან გოცირიძის განცხადებით, ანტიდასავლურ ისტერიკას არ უნდა აჰყვეს ხელისუფლება.

“საარჩევნო ხმების დაგროვების ნაცვლად, ხელისუფლებამ ეროვნული ინტერესები უნდა დააყენოს წინ და ამ თემებით მანიპულაცია უნდა მორჩეს. საჭირო არის პოლიტიკური ნება, პოლიტიკური პარტიების მიერ პრინციპული პოზიციის დაკავება. ყველაზე მთავარი რაც არის, განათლებაა.“

ლევან ავალიშვილის აზრით, ხელისუფლებამ რუსული რბილი ძალა პრობლემად უნდა აღიაროს და შესაბამისი ზომები გაატაროს ამ პრობლემის წინააღმდეგ:

“კარგია, რომ უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშით რბილი ძალის რისკი აღიარეს. რუსეთის პროპაგანდასთან დაპირისპირებისთვის აუცილებელია, მთავრობამ შეიმუშაოს პროპაგანდასთან ბრძოლის ერთიანი და ადეკვატური სტრატეგია; ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების სამსახურმა კონკრეტული მაგალითები მოიყვანოს ანგარიშში და პირდაპირ დაასახელოს, ვინ ახორციელებს რბილ ძალას.”

მასალების გადაბეჭდვის წესი