აუდიტორია #115-ის პრესკონფერენცია თსუ-ს მე-6 კორპუსში 30.12.16  ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

აუდიტორია 115 -ის სამი წევრი სასამართლოში დაკითხვას ითხოვს

დღეს, 13 აპრილს, აუდიტორია N115-ის წევრმა ლევან ლორთქიფანიძემ გამოძიებას გამოკითხვაზე უარი უთხრა. იმ შემთხვევაში, თუ ლორთქიფანიძის დაკითხვასთან დაკავშირებით შუამდგომლობას გამოძიება კვლავ დააყენებს, იგი სასამართლოს მისცემს ჩვენებას. მსგავსად მოიქცა “აუდიტორია 115”-ის კიდევ ორი წევრი ირაკლი კუპრაძე და გიორგი სოფრომაძე.  ირაკლი კუპრაძე გამოკითხვაზე გუშინ დაიბარეს, ხოლო გიორგი სოფრომაძე- 24 მარტს.

გამოძიებას “აუდიტორია 115”-ის წევრების გამოკითხვა საზოგადოებრივ მაუწყებელთან 9 თებერვალს გამართული აქციის მიმდინარეობისას ტელევიზიის ფოიეში სპეციალური საშვის გარეშე შესვლის გამო სურდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელმა საბჭომ სტუდენტების ტელევიზიის ფოიეში უნებართვოთ შესვლა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლად შეაფასა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით ისჯება. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

9 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყევბლის წინ გამართული აქციის მონაწილეები ტელევიზიის ფოიეში 30 წუთით შევიდნენ და მოითხოვეს პირდაპირი ეთერი. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მათ დაუკმაყოფილა ეს მოთხოვნა, თუმცა მეორე დღეს ტელევიზიის აღმასრულებელმა საბჭომ სტუდენტების პროტესტის ეს ფორმა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლად შეაფასა. აუდიტორია N115 სოლიდარობას უცხადებდა ტელევიზიის თანამშრომლებს, რომლებსაც ერთთვიანი კონტრაქტები გაუუქმეს და რომელთა გადაცემებსაც დახურვის საფრთხე ემუქრებოდათ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com