ახალი ამბებიხელოვნება

გიორგაძე: თეატრები ვალდებული არიან, ალტერნატიული დაფინანსება მონახონ

13 აპრილი, 2017 • 2663
გიორგაძე: თეატრები ვალდებული არიან, ალტერნატიული დაფინანსება მონახონ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე აცხადებს, რომ მსახიობების ხელფასებზე საუბრისას კონკრეტულ ადამიანებს “გაუგონარი უპასუხისმგებლობით” საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში და რეალურად მათი შემოსავლები 5-ჯერ აღემატება დასახელებულ რაოდენობას.

“რაც შეეხება თეატრების დაფინანსებას, მე შეხვედრა მქონდა თეატრების ხელმძღვანელებთან და ვაპირებთ ამ თემის გაშლას, მეტი საჯაროობითა და ჩართულობის ხარისხით ამაზე მსჯელობას ხელმძღვანელებთან ერთად და, ბუნებრივია, ყველა იმ ადამიანთან, ვისაც დააინტერესებს ან სურვილი ექნება მსჯელობაში ჩართვის.”

მინისტრი ადასტურებს, რომ თეატრების დაფინანსების სქემა საჭიროებს რეფორმირებას და რეგიონულ თეატრებსა და თბილისის თეატრებს ერთნაირი საწყისი პირობები უნდა ჰქონდეთ.

“რაც შეეხება ალტერნატიული დაფინანსების მოძიებას, დიახ, სსიპ-ის ხელმძღვანელები ვალდებული არიან, რომ ამაზე იმუშაონ. ეს შეუძლებელი არ არის იმიტომ, რომ მაგალითი გვაქვს ის თეატრი, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. მარჯანიშვილის თეატრმა ეს მოახერხა. ესე იგი შეიძლება, რომ მოახერხოს სხვამაც. ვინც ვერ მოახერხებს, დაუთმოს ადგილი მას, ვინც უკეთესი მმართველი და უკეთესი ადმინისტრატორი იქნება.” – განაცხადა მინისტრმა.

მინისტრმა განცხადებები დღეს, მარჯანიშვილის თეატრში გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდის შემდეგ გააკეთა.

ქართული თეატრის მსახიობების ნაწილი შემცირებულ ხელფასებსა და გართულებულ მატერიალურ მდგომარეობაზე საუბრობს. ამის ერთ-ერთ პირობად კი “ქამრების შემოჭერის პოლიტიკის” შედეგად თეატრებისათვის შემცირებულ დაფინანსებას ასახელებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი