ახალი ამბებიეკონომიკა

სად და რამდენად იყიდით პასქას და კვერცხს – სააღდგომო ფასები

13 აპრილი, 2017 • 14058
სად და რამდენად იყიდით პასქას და კვერცხს – სააღდგომო ფასები

წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის დღესასწაულს 16 აპრილს აღნიშნავს. სააღდგომო სუფრისთვის აუცილებელი პროდუქტების ფასი თბილისის სხვადასხვა მაღაზიებში განსხვავებულია.

სააღდგომო სუფრის ყველაზე მნიშვნელოვანი კერძი წითლად შეღებილი კვერცხია. ბაზარში ერთი ცალი კვერცხის ღირებულება 25 თეთრიდან 40 თეთრამდე მერყეობს. თუ სააღდგომოდ 30 კვერცხის შეღებვას გადაწყვეტთ, ბაზარში ამ რაოდენობის კვერცხის საყიდლად მინიმუმ, 7-8 ლარი დაგჭირდებათ. თბილისში არსებული ჰიპერმარკეტებიდან ყველაზე იაფად,  23 თეთრად, “კარფურის” ქსელში “კოდას” კვერცხს  შეიძენთ. 30 თეთრი ღირს “კოდას” თეთრი შეფერილობის კვერცხი “სმარტის” ქსელში. შესაბამისად, კარფურში იმავე რაოდენობის კვერცხის შესაძენად 7  ლარი უნდა იქონიოთ.

კვერცხის შესაღები ფხვნილი 13.04.17

დღესდღობით თბილისში კვერცხის შესაღები საშუალებების არჩევანი დიდია. თუ კვერცხის შეღებვას ტრადიციულად, ენდროთი აპირებთ, ბაზარში ერთი კონა ენდროს ფასი 50 თეთრიდან 80 თეთრამდე მერყეობს. 30 კვერცხის შესაღებად- იმისათვის, რომ კვერცხი კარგი შეფერილობის იყოს- 2 კონა ენდრო დაგჭირდებათ. თუ ენდროს შეძენას ბაზარში გადაწყვეტთ, ამისთვის 1 ლარიდან 1,5 ლარამდე უნდა გაითვალისწინოთ. ენდრო იყიდება ჰიპერმარკეტ “სმარტის” ქსელშიც- ერთი კონა ენდრო 65 თეთრი ღირს. კარფურში კი ენდროს კონები წონით იყიდება და ერთი კილოს ღირებულება 7,8 ლარია.

ენდრო 13.04.17

წითელი ფერის საღებავი ფხვნილის ღირებულება ბაზარში 70 თეთრიდან 1 ლარამდე იცვლება. ბაზარში კვერცხის შესაღებ ფხვნილს პლასტმასის ჭიქებით ყიდიან. გამყიდველები ვერ აკონკრეტებენ, ზუსტად რამდენი გრამი საღებავი თავსდება ჭიქაში, თუმცა ამბობენ, რომ 30 კვერცხის შესაღებად საკმარისია. დაფასოებული საღებავები იყიდება ჰიპერმარკეტ “გუდვილში”. წითელი შეფერილობის საღებავების ფასი “გუდვილის”ქსელში 2 ლარიდან იწყება. როგორც ამ ფასიანი საღებავის შეფუთვაზეა დატანილი, ის 50 კვერცხის შესაღებადაა საკმარისი და არ არის ტოქსიკური.

კვერცხის შესარები ფხვნილი "გუდვილში" 13.04.17

თუ კვერცხის სხვადასხვაფრად შეღებვა გაქვთ გადაწყვეტილი, “გუდვილში” 5-ფერიანი საღებავი ფხვნილების შეძენას შეძლებთ. მათი ფასი 3,5 ლარიდან იწყება, ყველაზე ძვირადღირებული კი 9,75 ლარი ღირს და 15 კვერცხის შესაღებადაა გათვლილი.

სააღდგომო სუფრის კიდევ ერთი აუცილებელი ატრიბუტი სააღდგომო პასქაა. პასქების ფასი მაღაზიებში წონის, შემადგენლობისა და გაფორმების მიხედვით იცვლება. პასქების ფასი “კარფურში” 4,95 ლარიდან იწყება. ამ ფასად “სანდომის” 750-გრამიან პასქას შეიძენთ. “კარფურის” წარმოებული 800-გრამიანი პასქა კი 6,5 ლარი ღირს და ქიშმიშს შეიცავს.

6,5 ლარად “გუდვილში 500-გრამიან პასქას შეიძენთ, 1 კგ პასქა კი 11,50 ლარი ღირს. “გუდვილში” გასაყიდი პასქების ნაწილს საბავშვო გაფორმება აქვს. 850-გრამიან ასეთ პასქას 12,90  ლარად შეიძენთ, უფრო მომცრო ზომისას კი – 8,90 ლარად. “ტკბილი ქვეყნის” მოზრდილი პასქებს კი, რომლებსაც ზემოდან შაქრის ფხვნილი აქვს მოყრილი, მაღაზიებში 7,5 ლარად შეიძენთ.

წელს “სმარტში” მხოლოდ მათი წარმოების პასქები გაიყიდება. 500-გრამიანი პასქის ღირებულება “სმარტში” 6,50 ლარია. ერთკილოიან პასქას კი, სააღდგომო გაფორმებით, “სმარტში” 12 ლარად შეიძენთ.

"გუდვილის" პასქა საბავშვო გაფორმებით 13.04.17

თუ სურვილი გაქვთ, უცხოური წარმოების პასქა შეიძინოთ, გუდვილში იტალიური პასქის ფასი, რომელიც 900 გრამს იწონის და ქიშმიშსა და ცუკატებს შეიცავს, 15,40 ლარი ღირს. 750-გრამიანი იტალიური პასქის ფასი კი “გუდვილში” 12,60 ლარია.  პაეტონის ქიშმიშიან პასქას, რომელიც ქაღალდის ყუთშია შეფუთული, “კარფურში” 13,75 ლარად შეიძენთ.

პასქა "კარფურში" 13.04.17

თუ სააღდგომოდ სასაჩუქრე ნაკრებს ეძებთ, “გუდვილსა” და “სმარტში” იპოვით. “სმარტში” სასაჩუქრე კალათის ფასი 42 ლარიდან 64-მდე მერყეობს. კალათში მოთავსებულია ღვინო, სააღდგომო პასკა და ტკბილეული. გუდვილში კი დიდი ზომის შოკოლადის კვერცხის შეძენას შეძლებთ. მათი ფასი 54 ლარიდან იწყება.

შოკოლადის კვერცხი "გუდვილში" 13.04.17

მასალების გადაბეჭდვის წესი