epa04191819 A picture made available on 05 May 2014 shows a woman walking up to the passport control point for citizens of the European Union at Duesseldorf Airport which uses the new automatic easy-pass control system in Duesseldorf, Germany, 02 May 2014. Passengers place their passports on a reader which compares a camera photo with the photo in the passport. If the biometric data matches and the passenger is not on a wanted list, the border gate opens.  EPA/FEDERICO GAMBARINI

დანგრეული “ქაღალდის კედელი”

რას ნიშნავს უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისათვის, არსებობს თუ არა მისი დაკარგვის საფრთხე ე.წ. სწრაფი შეჩერების მექანიზმიდან გამომდინარე და ევროკავშირის გადაწყვეტილება სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე ხომ არ ხსნის ფანჯარას საქართველოს EU-ში გაწევრიანებისთვის, ყოველ შემთხვევაში, პროცესის დაწყებისათვის მაინც.

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ძალაში შესვლას საქართველოში ბევრი ადამიანი ელოდებოდაა, მათ შორისაა თეკლა ფანქველაშვილი, რომლის დედა და სხვა ნათესავები ევროპაში ცხოვრობენ.

“ზედმეტი ხარჯის და დროის კარგვის გარეშე შევძლებ მათ მონახულებას”, – ამბობს თეკლა, რომელსაც ვკითხეთ, რატომაა პირადად მისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი ასეთი მნიშვნელოვანი.  “2016 წლის ზაფხულში იმისათვის, რომ საბერძნეთში წავსულიყავი, თვენახევარი ვიდექი საკონულოს რიგში, [ვიზის მოსაკრებელში] გადავიხადე €60 და  მაინც არ ვიყავი დარწმუნებული,  შევძლებდი თუ არა გამგზავრებას, მიუხედავად იმისა, რომ შენგენის ზონა რამდენჯერმე მქონდა გადაკვეთილი და საბუთებიც  წესრიგში იყო”.

თეკლა იხსენებს, რომ ამის გამო შეღავათიან ფასში ვერ იყიდა თვითმფრინავის ბილეთი, რადგან ავიაკომპანიები მას იაფად მხოლოდ იმ შემთხვევაში ყიდიან, თუ გამგზავრებამდე დიდი ხნით ადრე შეიძენ. თეკლა ფიქრობს, რომ უვიზო რეჟიმის პირობებში იმ ფულით, რომელიც მანამდე ვიზის მოსაკრებლისთვის იყო საჭირო, ბილეთს შეიძენს, დაზოგავს დროს, ენერგიას და წელიწადში რამდენჯერმე მაინც მოინახულებს თავის ნათესავებს.

ევროპათმცოდნე ვანო ჩხიკვაძე ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოში მუშაობს. იგი წლების განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით არაერთ შეხვედრას მართავს და ადამიანებს  ევროინტეგრაციის შესახებ უყვება.  ვანო ამბობს, რომ მიუხედავად EU-სთან ასოცირების არაერთი სიკეთესა, რომლის შესახებაც მას უსაუბრია- იქნება ეს ბავშვთა უფლებები, პერსონალური მოანცემების დაცვა თუ სხვა – უვიზო რეჟიმი იყო თემა, რომელიც ადამინებს განსაკუთრებით აინტერესებდათ და “თვალებს უნთებდათ”. ამ შეხვედრებზე მისთვის ხშირად უთქვამთ, რომ ევროპაში ემიგრაციაში მყოფი შვილი, წლებია, არ უნახავთ და იმედი აქვთ, რომ უვიზო რეჟიმი ამ პრობლემას მოუგვარებს:

“ქაღალდების კედელი, რომელიც ჩვენსა და ევროკავშირს შორის იყო აღმართული სავიზო რეჟიმის კუთხით, დაინგრევა”, – ამბობს ვანო ჩხიკვაძე, რომელიც თვლის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში უვიზო რეჟმს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე მნიშნელოვან პოზიტიურ გავლენას იქონიებს:

“ადმიანს, რომელიც ქედაში ცხოვრობს, ისე შეუძლია ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობა, რომ თბილისში ჩასვლა არ დასჭირდება. აქამდე მას ამის გაკეთება მინიმუმ ორჯერ უწევდა: [საკონსულოში] ქაღალდების ჩასაბარებლად და უკან წასაღებად”, – ამბობს  ჩხიკვაძე, რომელიც გარდა პრაქტიკული სარგებლისა, პროცესის პოლიტიკურ მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას:

“აქამდე თუ პროევროპული ადამიანები [მხოლოდ თეორიულად] ვამტკიცებდით ევროკავშირის უპირატესობას, ახლა ყველა თავისი თვალით ნახავს, რომ იქ უკეთესი გზებია, წესრიგია ქუჩებში და ა.შ. ამ კუთხით გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს პროცესი ცვლილებებს გამოიწვევს”, – ამბობს ვანო ჩხიკვაძე.

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეები საკმაოდ მნიშნელოვან მოვლენად რომ თვლიან, ადასტურებს NDI-ის კვლევა. 2016  მარტის მონაცემებით, მოსახლეობის 86% ინფორმირებული იყო ეროკომისიის გადაწყვეტილებით საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების მხარდაჭერასთან დაკავშირებით, 84% მხარს უჭერდა ამ ფაქტს, ხოლო 72% ამბობდა, რომ უვიზო რეჟიმით თვითონაც ნახავდა სარგებელს (ივნისში ეს მონაცემი 8%-ით დაეცა). ასევე, Google-ის საძიებო სისტემის სტატისტიკის [trends] თანახმად, ბოლო პერიოდში ვიზის თაობაზე  ყველაზე ხშირად ეძებენ შემდეგ თემებს: უნგრეთის ვიზა და ვიზალიბერალიზაცია. მანამდე TOP თემა, რომელსაც ამ კუთხით Google-ში ეძებდნენ, აშშ-ის ვიზა იყო.

“სწრაფი შეჩერების” საფრთხე

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მიღება საკმაოდ რთულია, მისი დაკარგვა კი- ადვილი, განსაკუთრებით, ახალი ე.წ. სწრაფი მექანიზმის პირობებში. ევროკავშირს სხვა ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის გაუქმების ნეგატიური გამოცდილება უკვე გააჩნია დასავლეთ ბალკანეთის მიმართულებით.

2010 წლის შემდეგ, როდესაც ევროკავშირმა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმი დაამყარა,  სერბეთის, კოსოვოსა და მაკედონიის 53 ათასმა მოქალაქემ მოითხოვა ევროკავშირში თავშესაფარი, რაც 2011 წლის მონაცემებთან შედარებით 50%-ით მეტი იყო. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მაკედონიაში გამოაქვეყნეს პუბლიკაციები, რომლის მიხედვითაც, უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ქვეყანაში ყალბი ტურისტული სააგენტოები შეიქმნა, რომლებიც 130 ევროს სანაცვლოდ მაკედონიელებს ბრიუსელში ჩაყვანასა და თავშესაფრის სტატუსს ჰპირდებოდნენ. სწორედ ამ პროცესის საპასუხოდ, 2013 წელს ევროპარლამენტმა დაამტკიცა მექანიზმი, რომელიც ევროკავშირს სხვა ქვეყნებთან უკვე მიღებული უვიზო რეჟიმის გაუქმების საშუალებას აძლევს, თუმცა პრაქტიკაში დღემდე არ განხორციელებულა.

მას შემდეგ, რაც EU საქართველოსთან და უკრაინასთან სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილების ფინალურ ეტაპამდე მივიდა, წევრ ქვეყნებს შორის გაჩნდა ე.წ. სწრაფი შეჩერების მექანიზმის გაძლიერებისა და მისი უფრო მოქნილობის იდეა, რაც საბოლოო ჯამში განხორციელდა. ახლა იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ქვეყანა უვიზო რეჟიმის წესებს არსებითად დაარღვევს, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს შეჩერების მექანიზმის ინიცირების უფლება ექნება. მაგალითად, თუ საქართველოდან ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში უკანონო მიგრაცია (ადამიანები, რომლებიც კანონით დადგენილ ვადაზე მეტს დარჩებიან ევროკავშირში ან იმ პირების რაოდენობა, რომლებსაც უარს ეტყვიან EU-ში შეშვებაზე) 50%-ზე მეტით გაიზრდება, ამა თუ იმ ქვეყანას შეეძლება საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერების მოთხოვნა (9 თვემდე, ვადის 18 თვემდე გაგრძელების რესურსიც არსებობს) და თეკლასნაირ ტურისტებს, რომლის შესახებ საუბრითაც სტატია დავიწყეთ, ისევ საკონსულოებში მოუწევთ რიგში დგომა ვიზებისთვის.

ე.წ. სწრაფი შეჩერების მექანიზმი საქართველოსთვის განსაკუთრებით საყურადღებოა. მაგალითად, 2014 წელს გერმანიაში საქართველოს 1580 მოქალაქე უკანონო მიგრანტი იყო გამოვლენილი. საუბარია იმის შესახებ, რომ ამ რიცხვის გაორმაგების შემთხვევაში ქვეყანას ფორმალურად უვიზო რეჟიმის შეჩერების მოთხოვნის საფუძველი ექნება. საყურადღებოა თავშესაფრის მაძიებელთა საკითხიც, რომლის დინამიკაც, ზრდის შემთხვევაში, ასევე ებმის ე.წ. სწრაფი შეჩერების მექანიზმს: საქართველო 2013 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანას უსწრებდა ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის მიხედვით: 9110-მა ადამიანმა მიმართა ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანას თავშესაფრის მოთხოვნით. განცხადებების მხოლოდ 5 პროცენტი დაკმაყოფილდა. 2014 წელს ეს რიცხვი შედარებით შემცირდა – 8555 აპლიკანტი, რომლის 50 პროცენტი 18-34 წლის ადამიანიებზე მოდის. როგორც 2013, ასევე 2014 წელს საქართველო, თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის მიხედვით,  EU-ს მიერ შედგენილი “რეიტინგის” ოცეულში იყო.

აღსანიშნავია კიდევ ერთი გარემოება. EU-სთან სავიზო დიალოგის პროცესში საქართველოს 2 არგუმენტი ჰქონდა იმის თაობაზე, რომ მასთან სავიზო რეჟიმის გაუქმება ევროგაერთიანებას პრობლემებს არ შეუქმნიდა: მოლდოვა, რომელიც უპრობლემოდ იყენებდა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის სიკეთეს, და ისრაელი, რომელთანაც საქართველოს ჰქონდა უვიზო რეჟიმი გართულებების გარეშე. მოლდოვის არგუმენტი ისევ ძალაშია, თუმცა იგივე ითქმის თუ არა ისრაელზე, ცხადი არ არის, რადგან ბოლო პერიოდში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა ისრაელის აეროპორტიდან უკან გამობრუნებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ და საკითხი იქამდეც კი მივიდა, რომ ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ (ისრაელის სახლი) უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერების იდეაც კი გამოთქვა დაძაბულობის აღმოსაფხვრელად.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ვიქტორ დოლიძეს ვკითხეთ, რას აკეთებს სახელმწიფო იმისათვის, რომ მოქალაქეებს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით სწორი მოლოდინები და ინფორმაცია ჰქონდეთ. დოლიძე ამბობს, რომ მათ უკვე დაიწყეს საინფორმაციო კამპანიის პროცესი, რომელიც რეგიონებშიც გაიშლება.

“[მოსახლეობის ინფორმირებისთვის] გამოვიყენებთ ბილბორდებს, ყველნაირ სატრანსპორტო საშუალებებს. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ კითხვის ნიშანი არ დარჩეს იმასთან დაკავშირებით, მივაწოდეთ თუ არა ხალხს ინფორმაცია”, – ამბობს დოლიძე.

EU-ში გაწევრიანება “ისტერიული ხმამაღალი” პოლიტიკის გარეშე?

ის, რომ ევროკავშირთან არც უვიზო რეჟიმის მიღწევა და არც პოლიტიკური თუ ეკონომიკური ასოცირება საქართველოს საბოლოო მიზანი არ არის, ყველასათვის ნათელია, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებაშიც, თუმცა ამ მიმართულებით თბილისშიც და ბრიუსელშიც საკმაოდ ფრთხილობენ. NDI-ის კვლევებით, მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას და არალიმიტირებულ ურთიერთობას, თუმცა თითზე ჩამოსათვლელია ოფიციალური პოლიტიკური დოკუმენტები, სადაც მკაფიოდ წერია, რომ საქართველოს EU-ის ხელშეკრულების 49-ე მუხლზე დაყრდნობით აქვს უფლება, განაცხადი გააკეთოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. გამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ერთობლივი განცხადებები, რომელსაც ისეთივე პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს, როგორც, მაგალითად, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციებს.

არაოფიციალური ინფორმაციით, ქართული მხარე 49-ე მუხლზე მითითებას უშედეგოდ ცდილობდა როგორც განვლილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტების დეკლარაციაში, ასევე, ასოცირების ხელშეკრულების ტექსტში. თუმცა ეს ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. ვანო ჩხიკვაძე გვიხსნის, რომ აქ საუბარია იმის შესახებ, მიიღებს თუ არა საქართველო ევროპულ პერსპექტივას, დაახლოებით იმას, რაც ნატოსთან დაკავშირებით აქვს მინიჭებული, როცა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტზე ითქვა, რომ საქართველო ოდესმე აუცილებლად გახდება ნატოს წევრი.

მინისტრი ვიქტორ დოლიძე ჩვენთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ევროპული პერსპექტივის მიღება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება აღმოსავლეთის პარტნიორობის ბრიუსელის სამიტზეც, რომელიც მიმდინარე წელს გაიმართება:

“როგორ არ არის [მიზანი], მაგრამ მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ და ნუ ვიტყვით, რომ ნოემბერში აუცილებალდ მივიღებთ ამას. ის, რომ საქართველოს მოსახლეობას ესაჭიროება მკაფიო პოლიტიკური გზავნილი ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით, ეს ცხადი და ნათელია. მე არ ვიცი, იქ რა ჩაიწერება, მაგრამ, მით უმეტეს, ამ რუსული პროპაგანდის ფონზე, რომ საქართველოს ეს სჭირდება, ჩვენ ყველგან და ყველა საუბარში ხაზს ვუსვამთ. არ ვიცი, ამას ევროპული პერსპექტივა დაერქმევა თუ რაიმე სხვა, მთავრია, პოლიტიკური ნება და გადაწყვეტილება არსებობდეს. მე რასაც ვუყურებ, ევროკავშირში ამის ნება არის და ვიზა არ იყო შემთხვევითი გადაწყვეტილება, მაგრამ ამ მღელვარე და რთულ პერიოდში, ავიღოთ იგივე მიგრაცია და ა.შ. ჩვენ უნდა გვესმოდეს და, ბუნებრივია, გვესმის კიდევაც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკანა პლანზე გადავიწიოთ”, – ამბობს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე.

ვიქტორ დოლიძე © დათო ქოქოშვილი/ნეტგაზეთი

ვიქტორ დოლიძე © დათო ქოქოშვილი/ნეტგაზეთი

მისივე თქმით, გარდა პოლიტიკური ამოცანისა, ბრიუსელის სამიტზე საქართველო კონკრეტული პრაქტიკული მიზნებითაც მიდის. იგი გვიხსნის, რომ ევროკავშირში არსებობს პრინციპი “მეტი მეტისთვის”, რომლის მიხედვითაც ქვეყანა, რომელიც სხვებზე მეტ რეფორმებს ახორციელებს, უფრო მეტი დახმარება და პროგრამა ეკუთვნის. დოლიძის თქმით, საქართველოს მიზანი სწორედ ამ პრინციპის ეფექტურად გამოყენებაა.

დღეისათვის ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში დღის წესრიგში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები დგანან, რომლებმაც ჯერ კიდევ 2003 წელს მიიღეს ევროპული პერსპექტივა და პროცესს ეტაპობრივად მიჰყვებიან. ის, რომ უვიზო რეჟიმი ევროკავშირში გაწევრიანების ფანჯრის გახსნას პირდაპირ არ ნიშნავს, მათი მაგალითიც მოწმობს, რადგან ამ ქვეყნებმა ჯერ გაწევრიანების პროცესი დაიწყეს, ხოლო სავიზო რეჟიმი EU-მ შემდეგ გააუქმა. თუმცა ვიზის ლიბერალიზაცია პოზიტიურ ატმოსფეროს რომ ქმნის იმ ქვეყნისთვის, რომელსაც მთავარ მიზნად ევროკავშირში გაწევრიანება აქვს დასახული, ამას სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძეც ეთანხმება, რომელსაც პირდაპირ ვკითხეთ, რატომ არ აკეთებს საქართველო განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის:

“რა თქმა უნდა, ჩვენ განაცხადი უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს და ყველაფერს თავისი მოსამზადებელი პერიოდი სჭირდება. ჩვენ უნდა ვიმაუშაოთ და შევამზადოთ ნიადაგი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან.  გეგმაზომიერი უნდა ვიყოთ ყველაფერში, მათ შორის, განაცხადის შეტენაშიც”.

იმას, რომ საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთება ადრეა, სხვა ადამიანებიც ამბობენ, რომლებსაც ამ სტატიის მომზადების ფარგლებში ვესაუბრე. მაგალითად, ჰოლანდიელი ანალიტიკოსი და პოლიტიკოსი, იელგერ გრუნვილდი ფიქრობს, რომ საქართველომ ჯერ ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციაზე უნდა იფიქროს:

“იმისათვის, რომ გაწევრიანების პროცესისთვის მოემზადოს, საქართველოს სჭირდება ასოცირების ხელშეკრულების მაქსიმალური იმპლემენტაცია. ახლა წევრობაზე განაცხადის შეტანა, ჩემი აზრით, იმედგაცრუებით დასრულდება. ევროკავშირი არ არის მზად შემდგომი გაფართოებისთვის. მე მახსოვს, რომ 2014 წელს მოქმედმა ევროკომისიამ მუშაობა დაიწყო იმ პირობით, რომ ის გაწევრიანების ახალ მოლაპარაკებებს არ წამოიწყებდა სხვა ქვეყნებთან. ამიტომ, ჩემი აზრით, ამ ეტაპზე წევრობაზე განაცხადის შეტანა დახურულ კარს ნიშნავს”, – გვითხრა გრუნვილდმა.

უნდა შეიტანოს თუ არა განაცხადაი საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე სავიზო დიალოგის დასრულების შემდეგ? – ეს კითხვა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, იანოშ ჰერმანსაც დავუსვით:

“მე არ ვფიქრობ ასე. რა თქმა უნდა, სავიზო რეჟიმი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში ადამიანებს შორის კონტაქტების, ბიზნესის, კულტურული ურთიერთობების თვალსაზრისით.

ორმხრივი ურთიერთობების კუთხით ჩვენ გვაქვს ასოცირების შეთანხმება, რომლის იმპლემენტირებაზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს. ამაზე მუშაობა ახალ ამოცანებს აჩენს. ჩემი რეკომენდაცია იქნება ფოკუსირება ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციაზე”, – გვითხრა ჰერმანმა.

ვანო ჩხიკვავაძე, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს წლებია აკვირდება, ფიქრობს, რომ თბილისმა ევროკავშირში განაცხადი უნდა შეიტანოს და ნათლად განსაზღვროს ხედვა, რას და როგორ აპირებს, ვინ არიან მისი მხარდამჭერები ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით. ასევე უნდა იფიქროს: პროცესში შედის მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად, თუ მარტო.

ვანო ჩხიკვაძე © დათო ქოქოშვილი/ნეტგაზეთი

ვანო ჩხიკვაძე © დათო ქოქოშვილი/ნეტგაზეთი

“მე რთულად წარმომადგენია ისეთი პერიოდი, როცა ვინმე თვითონ გვეტყვის, რომ განაცხადი შემოიტანეთო. თუ იმის შიშია, რომ ვინმე ამას ვერ გაგვიგებს, ჩემი აზრით, ჩვენი ხელისუფლების საქმე არ უნდა იყოს ვიღაცისთვის კომფორტის შექმნა, ჩვენი ამოსავალი წერტილი უნდა იყოს საკუთარი ინტერესები”, – ამბობს ვანო ჩხიკვაძე.

დღევანდელი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის უკრაინა იყო პირველი, რომელთანაც ევროკავშირმა სავიზო დიალოგი დაიწყო 2008 წელს, თუმცა მას პროცესის დასრულება მოლდოვამაც დაასწრო, რომელმაც პროცესი 2010 წელს დაიწყო და საქართველოც ასწრებს (2013 წელს დაწყებული პროცესით). ვანო ჩხიკვაძე ფიქრობს, რომ ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ ვიქტორ იუშენკოს უკრაინის ირგვლივ შექმნილი პოზიტიური ატმოსფეროთი რომ ესარგებლა და EU-ში გაწევრიანების განაცხადი გაეკეთებინა, არავინ იცის, სად იქნებოდა ახლა.

“ჩვენ გვგონია, რომ ცა უნდა გაიხსნას და შემდეგ უნდა გავაკეთოთ განაცხადი, არაფერი მსგავსი საჭირო არ არის, უნდა ჩავიდეს პრემიერი და გააკეთოს განაცხადი”, – ამბობს ჩხიკვაძე.

“ახლა რომ განაცხადი გააკეთო, როდესაც ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გზაზე ხარ, არ გეტყვიან, ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია მოახდინე, განაცხადს რომ აკეთებო?”, – ამ კითხვას ვიქტორ დოლიძე სვამს.

ფორმალურად საქართველომ ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესი შესაძლოა 2030 წლამდე ვერ დაასრულოს, რადგან ყველა ვალდებულებების შესრულების ბოლო ვადა დაახლოებით ამ პერიოდისათვის იწურება. მინისტრს ვკითხეთ, ეს ნიშნავს თუ არა, რომ 13 წელიწადი გაწევრიანების განაცხადის გაკეთებას არ აპირებს ქვეყანა?

“ეს არის შესაძლო დასრულების ვადები, მაგრამ შენ ხომ შეგიძლია… ნუ დაასრულებ 2029 წელს და დაასრულე, მაგალითად, 2022-ში? დროებზე ლაპარაკს ყოველთვის ვერიდები. არ იქნება სწორი, რომ ვთქვათ, ჩვენ 2029-ში ამას დავასრულებთ და გაწევრიანებას 30-ში დავიწყებთო. ეგებ ადრე ვიწყებთ? პოლონეთს [ასოცირების ხელშეკრულებიდან] 13 წელი დასჭირდა, ხორვატიას ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციიდან დაწყებყლი 11 წელი დასჭირდა. იქნებ საქართველოს 7 წელი დასჭირდეს ან 5? ჩვენ გვჭირდება შიგნით მუშაობა ქვეყნის განვითარებისთვის. ამაზე უნდა ვიყოთ ორინეტირებული და არა იმაზე, რომ რაღაც ხმამაღალი განცხადებები ვაკეთოთ… ისტერიული არაფერი ვარგა: [საჭიროა] გეგმაზოიმიერი, საქმიანი კონკრეტული ნაბიჯები. რა თქმა უნდა, გვინდა, რომ მალე მოხდეს ეს ყველაფერი, მაგრამ ერთია სურვილი და რეალობა- მეორე”, – გვითხრა მინისტრმა, რომელსაც ვკითხეთ, რას გულისხმობს რეალობაში, ანუ როდის უნდა ჩაითვალოს რეალობა საქართველოსთვის ხელსაყრელად:

“დღეს ასოცირების [შეთანხმების] იმპლემენტაციის ეტაპზე ხარ, ეს უნდა გაიარო. თუკი ამას სწრაფად გააკეთებ… მაგალითად, დეკემბერში, როდესაც ბრიუსელში ვიყავით მოგერინიმ თქვა, 5 თვეა, რაც ძალაში შევიდა ასოცირების შეთანხმება და საქართველო მას ზედმიწევნით კარგად ასრულებსო. გავა კიდევ 5 თვე და ვნახავთ, რა იქნება, გავა 1, 2 წელი. რეალობა სწორედ ეს არის – შენ თუ ამას სწრაფად, თანმიმდევრულად შეასრულებ, მეტი შესაძლებლობა და პერსპექტივა გაგეხსენება იმისა, რომ ინტეგრაციის პროცესი მალე მოხდეს და ალბათ უვე გადახვალ კანდიდატთა სიაში. მე სერბეთის მხარესთანაც ვაპირებ შეხვედრას, უკვე დავგეგმე ვიზიტი და მინდა, რომ მათი გამოცდილება გავიზიარო. ეს არის ის რეალობა, რაზეც მე ვსაუბრობ, ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია მიდის, [ახლა რომ გავაკეთოთ განაცხადი] ხომ გეტყვიან, რომ შენ არ ხარ თანმიმდვერული…”.

მინისტრს ასევე ვკითხეთ- ის, რომ საქართველოს ამას ეტყვიან, ეს მისი ვარაუდია, თუ უკვე უთხრა ვინმემ:

“კულისებში რას ვლაპარაკობთ, მე, ბუნებრივია, ვერ გეტყვით, მაგრამ რეალობა ისეთია, რომ დღეს, ამ ეტაპზე ჩვენი უმთავრესი ამოცანა არის და უნდა იყოს ასოცირების შეთანხმების ზედმიწევნით სწორად იმპლემენტაცია”.

ვანო ჩხიკვაძეს კი, როგორც თვითონ ამბობს, ეშინია, რომ მომავალში ეს პერიოდი საქართველოს სანანებელი არ გაუხდეს. იგი ასევე შიშობს, რომ სავიზო დიალოგის წარმატებით დასრულების შემდეგ არ გაჩნდეს ერთგვარი ვაკუუმი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში, როდესაც პროცესი წინ ვეღარ წავა.

“ჩვენ არ ვიცით, რა იქნება ევროპაში ხვალ, ზეგ… შეიძლება სიტუაცია ისე გაუარესდეს, რომ სანანებელი გაგვიხდეს. თუ იქ მივდივართ და საბოლოო არჩევანი არის, რომ ევროკავშირის წევრები უნდა გავხდეთ, ამას რაც უფრო ადრე და ხმამაღლა ვიტყვით და, შესაბამისად, ადრე გადავდგამთ ნაბიჯს, მით უფრო კარგი იქნება”, – ამბობს ვანო ჩხიკვაძე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com