ახალი ამბებიეკონომიკა

პრემიერი: საერთაშორისო სავალუტო ორგანიზაციებიდან ანთებული გვაქვს მწვანე შუქი

13 აპრილი, 2017 • 7162
პრემიერი: საერთაშორისო სავალუტო ორგანიზაციებიდან ანთებული გვაქვს მწვანე შუქი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ახალი პროგრამის დამტკიცების მნიშვნელობაზე ისაუბრა. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ახალი, 285 მლნ დოლარის მოცულობის სამწლიანი პროგრამა დაამტკიცა.

„ეს არის ძალიან მძიმე, ინტენსიური მუშაობის შედეგი, რომელიც ფინანსთა მინისტრმა გასწია ეკონომიკურ გუნდთან ერთად. ფინანსთა სამინისტრომ ბევრი იმუშავა ამ მიმართულებით. ეს პროგრამა არის უმნიშვნელოვანესი ყველა იმ რეფორმის განსახორციელებლად, რომლებსაც ჩვენ ვაანონსებთ და ვახორციელებთ 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, განსაკუთრებით, სივრცითი მოწყობის მიმართულებით. პროგრამის დამტკიცება უკვე ნიშნავს, რომ მომავალი სამი წლის განმავლობაში ყველა დაანონსებული გეგმის განსახორციელებლად საერთაშორისო სავალუტო ორგანიზაციების მხრიდან ანთებული გვაქვს მწვანე შუქი.

ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი განხორციელდება და იქცევა რეალობად. ეს გულისხმობს იმასაც, რომ ფისკალური დისციპლინა და ქვეყნის ფინანსების მართვა უნდა იყოს სათანადო დონეზე. ასევე მინდა აღვნიშნო ეროვნული ბანკის კარგი, კოორდინირებული მუშაობა ამ მიმართულებით. ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი პოზიტიური დინამიკა სახეზეა, როგორც მაკროეკონომიკურ, ისე მიკროდონეზეც. ჩვენი ვალია, რომ ეს დინამიკა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავააქტიუროთ. სავალუტო ფონდის პროგრამის დამტკიცება არის ძალიან პოზიტიური სიგნალი ყველა იმ ინვესტორისთვის, რომელიც საქართველოს მიმართულებით მუშაობს,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი