ახალი ამბებისაზოგადოება

სახალხო დამცველის სპეციალური მონიტორინგის პროგრამა ფემიციდის წინააღმდეგ

13 აპრილი, 2017 • 2861
სახალხო დამცველის სპეციალური მონიტორინგის პროგრამა ფემიციდის წინააღმდეგ

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში ფემიციდის მონიტორინგის სისტემა იქმნება. ომბუდსმენის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატი დეტალურად შეისწავლის ფემიციდის ყველა შემთხვევას და გააკონტროლებს სამართალდამცავ სტრუქტურებში საქმეების მიმდინარეობას როგორც გამოძიების ეტაპზე, ასევე შეისწავლის სასამართლოში საქმის წარმოების პროცესებს.

ამასთან დაკავშირებით განცხადება ნანუაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა ესწრებოდა. მისი თქმით, ზედამხედველობის პროცესში სახელმწიფო, არასამთავრობო და უფლებადამცველი ორგანიზაციების მხარდაჭერის მოლოდინი აქვთ.

“ვაცნობიერებთ რა ფემიციდის, როგორც დანაშაულის სიმძიმესა და უარყოფით გავლენას ქვეყანაში გენდერული თანასწორობის მიღწევისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით და ვიზიარებთ გაეროს სპეციალური მომხსნებლის რეკომენდაციას ფემიციდის მონიტორინგის სისტემის შექმნის შესახებ, ვაცხადებ, რომ სახალხო დამცველი იქნება ის ინსტიტუტი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს ქალთა გენდერული ნიშნით მოტივირებულ მკვლელობის, მკვლელობის მცდელობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ყველა შემთხვევას მისთვის კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში,” – აცხადებს სახალხო დამცველი.

უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების მასშტაბები შემაშფოთებელია. 2016 წელს, ჯამში, 21 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2017 წელს -უკვე 4. პრობლემის მოსაგვარებლად კი სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა. ომბუდსმენი მოითხოვს, გაჩნდეს საქართველოს კანონმდებლობაში ნორმა ფემიციდთან დაკავშირებით.

“პრობლემის სიმწვავის მიუხედავად, არ არსებობს სახელწმიფოს მხრიდან ერთიანი ხედვა შემთხვევების პრევენციის რისკების შეფასების მექანიზმებისა და განმეორებითი ძალადობის შემთხვევების თავიდან აცილების შესახებ. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ კვლავ არ ხდება დეტალური სტატისტიკური მონაცემების წარმოება, ანალიზი და მასზე დაყრდნობით პრევენციული ღონისძიებების წარმართვა,” – აცხადებს ომბუდსმენი.

ომბუდსმენის ოფისი წლიური მონიტორინგის შედეგებს ყოველი წლის 25 ნოემბერს წარადგენს.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა მიესალმება ომბუდსმენის წამოწყებას და მოუწოდებს სახელმწიფოს, აწარმოოს დეტალური სტატისტიკა, მათ შორის მოძალადეთა ასაკობრივ ჯგუფებსა და მათ ურთიერთობებზე მოკლულ ქალებთან.

“უნდა გაანალიზდეს, როგორ მუშაობს პროკურატურა, სასამართლო, რა ზომის სასჯელს იღებენ დამნაშავეები. ფემიციდის ზედამხედველობის საბოლოო მიზანი უნდა იყოს მისი პრევენცია,” – ამბობს კვაპილოვა.

ფემიციდის შემთხვევების ზედამხედველობის სისტემის შექმნაზე რეკომენდაცია გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა დუბრავკა სიმონოვიჩმა ჯერ კიდევ 2015 წელს მისცა სახელმწიფოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი