ახალი ამბებიკინოხელოვნება

რუპერტ ფრენდი პიტერ ქუინის ბედსა და “სამშობლოს” მომავალზე

14 აპრილი, 2017 • 7315
რუპერტ ფრენდი პიტერ ქუინის ბედსა და “სამშობლოს” მომავალზე

SPOILERS: ვიდრე წაიკითხავდეთ, იცოდეთ, რომ თუ თქვენ სერიალ “სამშობლოს” მე-6 სეზონის ყურება ჯერ არ დაგიმთავრებიათ, სტატია თქვენთვის შეიცავს სპოილერებს.


ვიდრე ინგლისელი მსახიობი რუპერტ ფრენდი ცნობილი ამერიკული ტელეშოუს, “სამშობლოს” ერთ-ერთი მთავარი გმირის, პიტერ ქუინის როლს მოირგებდა, ქართველმა მაყურებელმა ფილმში “აგვისტოს 5 დღე” გაიცნო. ამ დრომდე 35 წლის მსახიობის კარიერა რამდენიმე ცნობილ კინოროლსა და ერთ ემის ნომინაციას ითვლის. მათ შორის იყო ფილმები- “ჰითმენი” და “ახალგარდა ვიქტორია”.

როგორც “დედლაინთან” საუბარში აღნიშნავს, “სამშობლოში” როლის მისაღებად კასტინგზე 7-ჯერ გააგზავნა ჩანაწერი. პიტერ ქვინის როლში ის იყო წამების მსხვეპრლი, ალკოჰოლიკი, ჰქონდა ფსიქოლოგიური პრობლემები, დაჭრეს, მიიღო ტვინის დაზიანება, სცადა თვითმკვლელობა, მოიწამლა გაზით, ჩავარდა კომაში, ისევ დაჭრეს, გადაურჩა აფეთქებას.

პიტერ ქუინი “სამშობლოში” მკვდრეთით ერთხელ უკვე აღდგა, მაგრამ ამჯერად, მე-6 სეზონის ბოლოს, შოუს საბოლოოდ დაემშვიდობა. გამოცემა “ვერაიეთი” რუპერტ ფრენდს მისი პერსონაჟის ბედის შეასახებ ესაუბრა. როგორც ფრენდი ინტერვიუში აღნიშნავს, მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა ქუინის სიკვდილი და უფრო მეტიც, მისი აზრით, პერსონაჟის ეკრანიდან გასაქრობად შესაფერისი დრო იყო.

“ტკბილ-მწარე გრძნობაა. ჩემთვის ეს იყო მცირედი შვება იმ ადამიანისათვის, რომელმაც ბევრი რამ გამოიარა იმის მიუხედავად, რომ ასე თავად არ სურდა. ჩემი აზრით, პერსონაჟის შენარჩუნება მის მიმართ ცოტა სადისტური გადაწყვეტილება იქნებოდა. ზუსტად არ ვიცი, ეს რამდენად გასაგებად ჟღერს. ეს იქნებოდა ბოროტი სიუჟეტი. მოკლედ რომ ვთქვათ, მისი დრო მოვიდა. მქონდა წინათგრძნობა, რომ ასე მოხდებოდა,” – ამბობს მსახიობი.

შოუს პროდიუსერებმა მისი პერსონაჟის სიკვდილის შესახებ წინა სეზონის ბოლოსაც შეატყობინეს, თუმცა ამჯერად გადაწყვეტილება საბოლოოა: “შოუს პროდიუსერმა ამჯერად უკვე ირონიული ღიმილით მითხრა, ალბათ, ჩემი არ გჯერა, მაგრამ ქუინი მკვდარია და ეს არ შეიცვლებაო.”

რუპ

პიტერ ქუინი. კარდი სერიალიდან “სამშობლო” წყარო: IMDB

პიტერ ქუინი სერიალის ბოლო სერიაში სიცოცხლეს მსხვერპლად იღებს ახალარჩეული პრეზიდენტისათვის. რუპერტ ფრენდი დარწმუნებული არ არის, რომ მის პერსონაჟს გააზრებული ჰქონდა, რომ სიკვდილს ვერ გადაურჩებოდა. თუმცა დარწმუნებულია, რომ მისი მთავარი მოტივაცია პატრიოტიზმი იყო.

“როდესაც ის გადის ავტოფარეხიდან და ხედავს, რომ ერთადერთი გზა დაბლოკილია და ათობით ჯარისკაცი ავტომატებით შეიარაღებულია, ითვლის, რამდენი ტყვიის აცილება შეუძლია მანქანის ჯავშანს, ვიდრე გააღწევს. ამ დროს ორჭოფობს და დარწმუნებული არ ვარ, თუ იცის, რომ გადარჩენის შესაძლებლობა არ აქვს, ან თუ მიდის იმ იმედით, რომ გააღწევს, როგორც ყოველთვის.

ვფიქრობ, რომ იმ მომენტში ეს პატრიოტიზმით იყო განპირობებული. “ამერიკა უპირველეს ყოვლისა” შეესაბამება ამ სცენას. თქვენ წინაშეა მისი, კერის და პრეზიდენტის სიცოცხლე და არც ერთის არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც პრეზიდენტის, მიუხედავად იმისა, ეთანხმებით თუ არა მის პოლიტიკას. ის დამოუკიდებლად ცდილობს დაიცვას პრეზიდენტის ოფისი. რაც შეეხება კერის, ჩემი აზრით, მისთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, იქ კერი იქნებოდა თუ სხვა ვინმე. ეს გადაწყვეტილება პირადი ინტერესების გამო არ მიუღია. მთელი სეზონის განმავლობაში ქუინი ცდილობდა ეთქვა კერისათვის, რომ ეს ყველაფერი იმაზე მეტია, ვიდრე ორი ადამიანი და მათი გრძნობები,” – ამბობს ფრენდი.

ამბობს, რომ ვიდრე სერიალის ახალი სეზონი გამოვა აპირებს, ძველ სეზონებს თავიდან უყუროს, რადგან რაც თავად გადამღებ ჯგუფს შეუერთდა, სერიალი არ უნახავს: “მაინტერესებს, რა იქნება შემდეგი. ალბათ, კიდევ შემოგვთავაზებენ სისხლს.”

“სამშობლო” კიდევ 2 სეზონით გრძელდება. შემდეგი ნაწილის პრემიერა 2018 წელს იგეგმება. ვრცლად სერიალის შესახებ წაიკითხეთ ნეტგაზეთის სტატია.

პიტერ ქუინი და კერი მეტისონი. კარდი სერიალიდან "სამშობლო" წყარო: IMDB

პიტერ ქუინი და კერი მეტისონი. კარდი სერიალიდან “სამშობლო” წყარო: IMDB

მასალების გადაბეჭდვის წესი