ახალი ამბები

რას ემსახურება ხელისუფლების განცხადებები, რომ სტრასბურგის სასამართლო გავლენის ქვეშ მოექცა

12 აპრილი, 2017 • 2307
რას ემსახურება ხელისუფლების განცხადებები, რომ სტრასბურგის სასამართლო გავლენის ქვეშ მოექცა

რას ნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და ვიცეპრემიერ კახა კალაძის განცხადებებები რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რომ თითქოს ევროპული სასამართლო პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოექცა და რა გავლენა აქვს ასეთ განცხადებებს ქვეყნის იმიჯზე? ამ საკითხზე “ ნეტგაზეთი” პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ესაუბრა.

11 აპრილს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოექცა და ამიტომ შეაჩერა “რუსთავი 2”-ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. ანალოგიური შინაარსის განცხადება დღეს ენერგეტიკის მინისტრმა, კახი კალაძემაც გააკეთა.
მათ მოსაზრებას იზიარებს პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი.

“ქვეყნის წამყვანი ინსტიტუტების, პრეზიდენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების, პარტიების განცხადებები, რასაკვირველია, გავლენას ახდენს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. იმ თვალსაზრისით, რომ მართლაც რამე არ მოხდეს და ცუდად არ განვითარდეს პროცესები, აღსრულების შეჩერება სწორედ ამან გამოიწვია.”

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ეს განცხადება “ქართული ოცნების” მომხრეების დასამშვიდებლად გააკეთა.

“პასუხისმგებლობის აღება ამ პარტიის ლიდერების პლუსი არ არის, ისინი ყოველთვის სხვას აბრალებენ საკუთარ წარუმატებლობას. ეს განცხადება არაკომპეტენტურობის მაგალითია, ვინაიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ზედმეტად მაღალი ინსტანციაა იმისთვის, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ან პარტიების გავლენის ქვეშ მოექცეს.”

კახიძის თქმით, ბოლო წლებში ქართული ოცნების ლიდერები განცხადებებს აკეთებენ შიდა მოხმარებისთვის:

“მაგრამ არ იციან, რომ ეს განცხადებები ასევე ხელმისაწვდომია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის. ეს ქვეყნის იმიჯის დაზიანებაც არის, მაგრამ ყველაზე მეტად ქვეყნის იმიჯს ისეთი გადაწყვეტილებები აზიანებს, როგორიც იყო რუსთავი 2-ის ხელში ჩაგდების მცდელობა უზენაესი სასამართლოს მეშვეობით,” – აღნიშნავს ოთარ კახიძე.

იმავე აზრზეა ახალი მემარჯვენეების ლიდერი მამუკა კაციტაძე. მისი განცხადებით, ირაკლი კობახიძის განცხადება დაბალი კვალიფიკაციის და უცოდინრობის დემონსტრაციაა:

ეს განცხადება არის დაბალი კვალიფიციურობის, შეიძლება ითქვას, ამ სფეროს უცოდინრობის დემონსტრირება და, მეორე მხრივ, ეს არის ძალიან ღრმა პოლიტიკური შეცდომა მათი მხრიდან. თუ რაღაცის თქმა გინდა, უნდა აწონ-დაწონო, ეს რას გავნებს და რაში შეგიწყობს ხელს.”

მისივე სიტყვებით, რაც უნდა შიდა მოხმარებისთვის იყოს გაკეთებული, ასეთი ტიპის განცხადებები ქვეყნის შიგნით არ რჩება:

“ის აუცილებლად გადის გარეთ, ამ განცხადებების თაობაზე აუცილებლად იგებენ ის სტრუქტურები, ვის მიმართაც ეს ყველაფერი ითქვა და ამ ტიპის განცხადებები აუცილებლად ნეგატიურ გავლენას მოახდენს ქვეყნის იმიჯზე. “

“ნაციონალურ მოძრაობაში” მიიჩნევენ, რომ ასეთი განცხადება შეიძლება სტრასბურგში მიმდინარე პროცესს მტკიცებულებად დაერთოს. თინა ბოკუჩავას თქმით, ეს ძალიან არასერიოზული განცხადებაა:

“ქვეყნისთვის საზიანოა, როცა უმაღლესი თანამდებობის პირები ასეთ სამარცხვინო და არასერიოზულ განცხადებებს აკეთებენ, ეს მოქმედებს ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟზე და გავლენაც კი შეიძლება იქონიოს სტრსბურგის საბოლოო გადაწყვეტილებაზე. ცხადია, მოსამართლეები ყველა მტკიცებულებას განიხილავენ საქმის შესწავლისას, მათ შორის, თანამდებობის პირების საჯარო განცხადებებს.”

მმართველი გუნდის პოზიციას იზიარებს “პატრიოტთა ალიანსის” წევრი ადა მარშანია.

“რასაკვირველია, სტრასბურგის სასამართლო მოექცა გავლენის ქვეშ, ეს საქმე გახდა პოლიტიკური. რუსთავი 2 არ არის ტელევიზია, ის პროპაგანდისტული მანქანაა, ამას დიდი ხანია ვამბობ. რუსთავი 2 პროპაგანდისტული მანქანაა, რომელიც დიდ მავნებლობას ჩადის თავისი ქვეყნის წინააღმდეგ,” – აღნიშნავს მარშანია.

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაია კი აცხადებს, რომ
არც პარლამენტის თავმჯდომარე და არც ენერგეტიკის მინისტრი არ იჩენს შორსჭვრეტელობას იმის თაობაზე, თუ როგორ წარმოჩნდება საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო არენაზე.

“მათი ეს განცხადებები სწორედ ქვეყნის ღირსებას ურტყამს. ეს არის ძალიან ვიწრო ხედვა. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ვიწრო პოლიტიკური გაქანების ლიდერები ჰყავს დღეს ჩვენს ქვეყანას. მარცხის ღირსეული აღიარება გარკვეული სიმაღლის ქონაა და ეს სიმაღლე ამ ხელისუფლებას არ აქვს,” – ამბობს კორძაია და აღნიშნავს, რომ ასეთი განცხადებების გაკეთება დანაშაულია, რადგან საქართველოს წარმოაჩენს როგორც განუვითარებელ ქვეყანას, რომელსაც არ ესმის სტრასბურგის სასამართლოს როლი ევროპაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი