კომუნიკაციების ეროვნული კომისია

GNCC: საერთაშორისო ზარებზე შეზღუდვა მომხმარებელს არ შეეხება

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, რომ საქართველოში საერთაშორისო ზარები შეფერხების გარეშე განხორციელდება. კომისიაში განმარტავენ, რომ ზარების მიღებაზე შეზღუდვა არ შეეხება მომხმარებელს:

“უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებისთვის უნდა განიმარტოს, რომ აღნიშნული შეზღუდვა არანაირად არ შეეხება მომხმარებელს და საერთაშორისო ზარები განხორციელდება ყოველგვარი შეფერხების გარეშე.

“მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების მიერ გავრცელებული განცხადება ეხება საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე ავტორიზებულ პირებს შორის წარმოქნილ სატარიფო რეგულაციასთან დაკავშირებულ დავას, რომლის საჯარო განხილვაც იმართება კომისიაში ხვალ, 13 აპრილს, 15:00 საათზე.” – აცხადებენ კომისიაში.

ოპერატორებმა განცხადება თემასთან დაკავშირებით დღეს გააკეთეს. მათი განცხადებით, 12 აპრილს, 18:00 საათიდან 00:00 საათამდე, “ჯეოსელი” “მაგთიკომი” და “მობიტელი” საერთაშორისო ზარების შემომტანი ტრანზიტული ოპერატორების ქსელიდან გათიშვას დაიწყებენ. რაც ნიშნავს, რომ ამ დროის განმალობაში საქართველოში საზღვარგარეთიდან შესრულებული ზარების მიღება შეფერხდება. მობილური კომპანიები ამ დროისთვის განმარტებას არ აკეთებენ. ურთიერთჩართვების შეწყვეტის შესახებ ოპერატორებს ადგილობრივმა ქსელებმა 10 აპრილს აცნობეს.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აღნიშული ქსელური ოპერატორების, “მაგთის”, “ჯეოსელის”, “მობიტელის”, “ახალი ქსელების”, “სილქნეტისა“ და “ახტელისათვის” სანქცირებისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხს 13 აპრილს ჩანიშნულ სხდომაზე განიხილავენ.

ავტორი