ახალი ამბები

“ბიზნესის და მძღოლების ინტერესებზე მორგებული” კანონპროექტი ქვეითებს ისევ საფრთხეში ტოვებს

12 აპრილი, 2017 • 4652
“ბიზნესის და მძღოლების ინტერესებზე მორგებული” კანონპროექტი ქვეითებს ისევ საფრთხეში ტოვებს

კერძო ბიზნესსა და მძღოლების ინტერესებზე მორგებული –  ასე აფასებს მოძრაობა “იარე ფეხით” საგზაო მოძრაობის შესახებ კანონპროექტს, რადგან კანონი ნაკლებად მკაცრია იმ დარღვევების მიმართ, რომლითაც ქვეითად მოსიარულენი ზარალდებიან, უფრო მკაცრი კი მაშინ, როდესაც საქმე საავტომობილო მოძრაობას ეხება.

საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი თავდაპირველად ითვალისწინებდა, რომ ტროტუარზე უკანონო პარკირებისთვის მძღოლებს 5 საჯარიმო ქულა მიეღოთ, თუმცა პარლამენტში მეორე მოსმენის შემდეგ გადაწყდა, რომ მართვის მოწმობას ქულა აღარ დააკლდებოდა.

კანონის ინიციატორი უწყების, შსს-ს მინისტრის მოადგილემ, შოთა ხუციშვილმა “ნეტგაზეთთან”  დაადასტურა, რომ ბიზნესომბუდსმენის, დისტრიბუტორების მიმართვისა და პარლამენტარების პოზიციის გაცნობის შემდეგ ნაკლებად მკაცრი კანონი შეიმუშავეს.

თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებული სავაჭრო ცენტრის მშენებლობა რუსთაველის გამზირზე. ქვეითებს მუდმივად უწევს დაელოდონ სატვირთო მანქანების გავლას ტროტუარზე, ან გზის სავალ ნაწილზე გადავიდნენ. ფოტო: მიშა მეფარიშვილი

თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებული სავაჭრო ცენტრის მშენებლობა რუსთაველის გამზირზე. ქვეითებს მუდმივად უწევთ დაელოდონ სატვირთო მანქანების გავლას ტროტუარზე, ან გზის სავალ ნაწილზე გადავიდნენ. ფოტო: მიშა მეფარიშვილი

მოძრაობა “იარე ფეხით”, რომელიც ტროტუარზე პარკირებისთვის საჯარიმო ქულის დაწესებას მოითხოვდა, ამბობს, რომ ტროტუარის მთლიანად გადაკეტვაზე მძოლებს საჯარიმო ქულა აღარ დაეწერებათ, ხოლო ოცლარიანი ჯარიმა ეფექტური არ იქნება.

მოძრაობის “იარე ფეხით” გარდა, ტროტუარებზე გაჩერებული ავტომობილები ფეხით მოსიარულეებსაც აწუხებთ.

[blue_box]რას ამბობენ ფეხით მოსიარულენი[/blue_box]

ანი ჩიკვაიძეს საბავშვო ბაღში შვილი ფეხით დაჰყავს. სანამ ბაღამდე მივა, რამდნიმე ადგილას, დავით კლდიაშვილის, ფიროსმანისა და ჩიტაიას ქუჩებზე (ჩუღურეთში), ტროტუარიდან გზის სავალ ნაწილზე უწევს გადასვლა, რის გამოც საკუთარ და ბავშვის სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს, თუმცა ტროტუარზე გაჩერებული მანქანები სხვა გზას არ უტოვებს.

“პირდაპირ გზაზე მიწევს გადასვლა, რომ გვერდი ავარიდო”, – ამბობს ანი ჩიკვაიძე.

ანი ჩიკვაიძე ამბობს, რომ იქაც კი, სადაც ტროტუარი ფართოა, ქვეითად მოსიარულეთათვის ადგილი მაინც არ არის, რადგან მანქანებს მთლიანად აქვს ტროტუარი დაკავებული.
ჩიკვაიძის თქმით, მაგალითად, მალაკნების ბაზართან, ზებრა გადასასვლელის წინ, ტროტუარზე სამშენებლო მასალების მაღაზიის კიბეა აშენებული, იქვე ულაგიათ ცემენტი და იქვე დგას სატვირთო ავტომანქანაც. იგივე მდგომარეობაა ფიროსმანის ქუჩაზეც.

ანი ჩიკვაიძე ფიქრობს, რომ 20-ლარიანი ჯარიმა არაფერს შეცვლის, რადგან მძღოლები იმდენად არიან ორიენტირებული გაჩერებაზე, რომ ჯარიმასაც გადაიხდიან. მისი აზრით, საჯარიმო ქულების დაწესება უფრო ეფექტური იქნებოდა.

ლონდა ბერია ამბობს, რომ გადაადგილება უკვე ყველა უბანშია პრობლემური, არ აქვს მნიშვნელობა, გლდანი იქნება თუ ვაკე. ყველას უნდა, რომ მისი მანქანა ფანჯრის წინ იყოს გაჩერებული.

“ვაკეში გადაადგილება ძალიან დამთრგუნველია. გარდა იმისა, რომ არ იცი, სად გაიარო, იმიტომ, რომ გზაზეც მანქანებია, ტროტუარის ორივე მხარეს მანქანებია და შუაში ამ დროს ახალი მანქანა შემოდის ან უკვე დაპარკინგებული გადის, ან უბრალოდ დგას ასე შუაში და გვერდულად უნდა გახვიდე. კიდევ უფრო შემაწუხებელი ისაა, რომ მძღოლებს საერთოდ ვერ შეატყობ, აწუხებთ თუ არა, გზას რომ გიკეტავენ. ხშირად ასიგნალებენ, რომ საკუთარი გზა დაუთმო და გაატარო,” – ამბობს ლონდა ბერია.

ლონდა ბერიას თქმით, ვიწრო ტროტუარებზე ისე აყენებენ მანქანას, რომ გასავლელი არ რჩება და იძულებულია, გზის სავალ ნაწილზე გადავიდეს.

“ვინც მისიგნალებს, იმას არ ვატარებ და თუ საჭიროა ვეჩხუბები, მაგრამ ყველა მანქანას ხომ ვერ ვეჩხუბები და, საბოლოო ჯამში, ძალიან უსუსურად ვგრძნობ თავს”, – ამბობს ლონდა.

“ლანძღვა-გინებით”, – ასე პასუხობს მეგი წიკლაური კითხვას, როგორ გადადგილდება ტროტუარზე.

ტროტუარზე პარკირებული ავტომობილი, ფოტო: საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

ტროტუარზე პარკირებული ავტომობილი, ფოტო: საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

“თუ მძღოლი ან სავარაუდო მძღოლი შევნიშნე, ხმამაღლა ვლაპარაკობ, რომ ამ ხალხმა სად უნდა გააჩეროს თავისი “ტანკები”, არ იცის-მეთქი. ერთხელ ძალიან ვიწრო გასასვლელში დაყენებული მართლა ტანკივით მანქანა იდგა, ვერ გავეტიე ბავშვთან ერთად და მომიწია ბუჩქებში გადასვლა, ჰოდა, თოვლით იყო დაფარული და წავუწერე ზედ, ეს ტანკი აქ არ ეტევა-მეთქი. მას შემდეგ კარგა ხანს აღარ მინახავს იქ. ახლა გაზაფხულდა და ისევ იქ დაიწყო დაპარკინგება”, – ამბობს მეგი წიკლაური.

რას გულისხმობს კანონპროექტი

[checklist]

  •  “გაჩერება აკრძალულია”, “დგომა აკრძალულია” – მოთხოვნის დაუცველობა გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით. [“იარე ფეხით” მოითხოვდა, რომ ამ დარღვევის შემთხვევაში მძღოლის მართვის მოწობას 5 საჯარიმო ქულა დაკლებოდა]
  • თუ მძღოლმა მანქანა გააჩერა 5 მეტრის რადიუსში ქვეითების გადასასვლელთან, პანდუსებთან ან შშმ პირებისთვის განკუთვნილ პარკირების ადგილებზე, ან ავტობუსის გაჩერებებთან, 30 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. ამ მუხლის დარღვევისთვის ასევე 10 ქულა დააკლდება მართვის მოწმობას.
  • იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ ნახსენები დარღვევები ერთი წლის პერიოდში ხელმეორედ დაარღვია მძღოლმა, მაშინ 200 ლარით დაჯარიმდება.
  • თუ კანონის დარღვევით გააჩერებს მძღოლი მანქანას, რაც გამოიწვევს საგზაო მოძრაობის შეფერხებას ან საავარიო მდგომარეობას შექმნის, მძღოლს 200 ლარით დააჯარიმებენ.
  • თუ მძღოლმა ქვეითის მიმართ დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები (40-ლარიანი ჯარიმა) და ამავე დროს საავარიო მდგომარეობა ან საცობი შექმნა, 20 ქულა დააკლდება მართვის მოწმობაზე.

[/checklist]

ელენე მარგველაშვილი ამბობს, რომ კანონი იმ შემთხვევაშია უფრო მკაცრი, თუ სხვა მძღოლებს ექმნებათ პრობლემა და არა ქვეითებს. მისი შეფასებით, “საქმე გვაქვს ფასადურ ცვლილებასთან”.

მარგველაშვილის თქმით, კარგად ჩანს, თუ რა სულისკვეთებით არი კანონი დაწერილი- როდესაც მანქანის გაჩერება იწვევს მოძრაობის შეფერხებას, ჯარიმა 200 ლარია, ხოლო როდესაც მანქანის გაჩერება ხელს უშლის ქვეითებს, 20 ლარია.

ქვეითი ზებრა გადასასვლელზე

ქვეითი ზებრა გადასასვლელზე

“ეს გადაწყვეტილება გაკეთდა კერძო ბიზნესის სასარგებლოდ, არა მოქალაქეების სასრგებლოდ. გაითვალისწინა ბიზნესომბუდსმენის მოთხოვნა სადისტრიბუციო მანქანების კანონის შერბილებასთან დაკავშირებით, რაც კარგად აღწერს ჩვენს სავალალო მდგომარეობას- რა როლი უკავია მოქალაქეს ასეთი კანონის მიღების პროცესში და რა ძალაუფლება აქვს კერძო ბიზნესს”, – ამბობს ელენე მარგველაშვილი.

მისი თქმით, ყველა თანამედროვე ქალაქის პრაქტიკა აჩვენებს, რომ ფეხით მოსიარულეებისთვის ელემენტარული საარსებო გარემოს შექმნა არის ერთადერთი გამოსავალი მძიმე საგზაო მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად.

[yellow_box]რას ამბობს შინაგან საქმეთა სამინისტრო[/yellow_box]

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ მომდევნო სასესიო კვირაში პარლამენტი მიიღებს ამ კანონის პროექტს, ხოლო შემდეგ, სექტემბრამდე, ისინი კიდევ შეიმუშავებენ ახალ კანონპროექტს, რომელიც შეეხება პანდუსებზე, შშმ პირებისთვის განკუთვნილ გასაჩერებელ ადგილებზე, ტროტუარებზე, ავტობუსების გაჩერებასთან მანქანის დაყენებას.

“იმის გათვალისწინებით, რომ იყო დისტრიბუტორების მხრიდან ბიზნესომბუდსმენისადმი მიმართვა, იყო კომიტეტის წევრების პოზიცია, ჩვენ გარკვეულწილად შევარბილეთ პარკინგთან დაკავშირებით”, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ახალი კანონპროექტი ცალკე იქნება ინიცირებული, მას შემდეგ, რაც  გარკვეული კონსულტაციებს თბილისის მერიასთან გაივლიან.

კითხვაზე, შევიდნენ თუ არა მერიის მდგომარეობაში და ამის გამო არ დააწესეს უფრო მკაცრი რეგულაციები, პასუხობს, რომ მათ არ უნდოდათ ერთი ხელის მოსმით შეეცვალათ მდგომარეობა, რადგან ამის გამო უფრო მეტი პრობლემა შეექმნებოდათ.

“თბილისში პარკირებასთან დაკავშირებით “სითი პარკიც” აღასრულებს, მერიას აქვს ცალკე ხელშეკრულება “სითი პარკთან”. და ქაოსი რომ არ ყოფილიყო, იმის ნაცვლად, რომ რაღაც კი არ გავაუმჯობესეთ, არამედ გავაუარესეთ, არ გვინდოდა შეცვლა ხელის ერთი მოსმით. ჩვენ გვექნება კონსულტაციები. სანამ რაღაცას შეცვლი, ხომ უნდა გააუმჯობესო, ჰოდა, სწრაფად და ერთი ხელის მოსმით არ გვინდოდა შეცვლა”, – ამბობს შალვა ხუციშვილი.

რაც შეეხება ზოგად შეხედულებას, პარლამენტში ამჟამად ინიცირებული კანონპროექტის თაობაზე ხუციშვილი იმედოვნებს, რომ 2018 წელს 50%-ით შემცირდება გზებზე სიკვდილიანობა.

“ივლისიდან ჩვენ გვექნება სრულიად ახალი ადმინისტრირება სისტემის, რეფორმირებული სისტემა საგზაო მოძრაობის კუთხით, და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს სისტემა 50%-ით შეამცირებს 2018 წელს სიკვდილიანობას და დაშავებულთა რაოდენობას”, – ამბობს შალვა ხუციშვილი.


დაგეგმილია, რომ პარლამენტი მომდევნო სასესიო კვირაში აღნიშნულ კანონპროექტს მესამე მოსმენით დაუჭერს მხარს და დაამტკიცებს. ამ კანონის მიხედვით, ამოქმედდება უკონტაქტო პატრულირება და საჯარიმო ქულები მძღოლებისთვის.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა მართვის მოწმობას ექნება 100 ქულა, ხოლო კონკრეტული მუხლების დარღვევისთვის მძღოლებს საჯარიმო ქულები მოაკლდებათ. ერთი წლის გასვლის შემდეგ მოკლებული საჯარიმო ქულები მომავალი წლის პირველი იანვრიდან ისევ გაბათლდება და მართვის მოწმობას ისევ 100 ქულა ექნება.

თუ ერთი წლის განმავლობაში 100 ქულაზე მეტი მოაკლდება მძღოლს, მძღოლი ერთი წლით დაკარგავს მართვის მოწმობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი