ახალი ამბები

რას შეცვლის ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის საკანონმდებლო ინიციატივა

12 აპრილი, 2017 • 1975
რას შეცვლის ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის საკანონმდებლო ინიციატივა

საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნულმა პლატფორმამ, რომელიც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასა და მოძრაობას აერთიანებს, საკანონმდებლო ინიციატივა შეიმუშავა. საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავს ქვეყანაში მოქმედი ნარკოკანონმდებლობის ლიბერალიზაციას. გარდა კანონმდებლობის გადახედვისა, პლატფორმამ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შემცირებისა და ნარკოდამოკიდებული პირების რეაბილიტირების კონცეფციაც შეიმუშავა.

კანონპროექტის მიხედვით, მოხდება ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების დეკრიმინალიზაცია. რაც იმას გულისხმობს, რომ მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების ფლობა, აგრეთვე, ნარკოტიკული (ასევე, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური) ნივთიერების მოხმარება საჯარო სივრცეში ან არასრულწლოვნების თანდასწრებით, ისევე, როგორც ნარკოტიკული თრობის ქვეშ მომატებული რისკის, ან პროფესიული საქმიანობის განხორციელება, ადმინისტრაციული წესით დაისჯება და არ იქნება პირის დაპატიმრების საფუძველი.

ამასთანავე, დაკონკრეტდება იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმების საფუძვლები. ნარკოტესტირების პროცედურები კი ახლებურად განისაზღვრება, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი სამართლდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების რისკები ან პასუხისმგებლობის პირისთვის უსაფუძვლოდ დაკისრება. საკანონმდებლო ინიციატივის კონცეფციის მიხედვით, კანონში უნდა განისაზღვროს ტესტირებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლებიც.

იგეგმება  ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერების პირადი მოხმარების მიზნით ფლობის სისხლისსამართლებრივი მოწესრიგებაც. კერძოდ, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის საწყისი ოდენობით ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადატანა (და ყველა მსგავსი ტიპის ქმედება) დაისჯება არასაპატიმრო სასჯელით. ხოლო იგივე ქმედება- დიდი ან განსაკუთრებული ოდენობის შემთხვევაში – საპატიმრო სასჯელით დაისჯება, თუმცა განისაზღვრება ქმედების პროპორციული სამართლებრივი ზომით.

საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, იგივე სანქციები გავრცელდება ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერების საზღვარზე შემოტანის/საზღვრიდან გატანის დანაშაულზე. საკანონმდებლო ინიციატივაზე მომუშავე ჯგუფი მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს გასაღების ცნების კანონმდებლობით გამიჯვნა გავრცელებისგან. კერძოდ, გასაღებად მიჩნეული იქნება შემთხვევა, როცა პირს აღნიშნული ქმედებისგან მატერიალური ან არამატერიალური ქონებრივი სარგებლის მიღება შეუძლია. ამგვარი ქმედება ყველა სხვა ნარკოტიკულ დანაშაულზე მკაცრად დაისჯება. გავრცელების შემთხვევაში კი, როცა პირს არ აქვს ამისგან მატერიალური დაინტერესება, მისთვის სასჯელები იქნება უფრო მკაცრი, ვიდრე შეძენა/შენახვისთვის არის გათვალისწინებული (შესაბამის ოდენობებთან ბმით).

კანონპროექტზე მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიც” (EMC). როგორც ორგანიზაციის ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი, სოფო ვერძეული ამბობს, საკანონმდებლო ინიციატივა, დამტკიცების ჩემთხვევაში, ფუნდამენტურად ცვლის გარკვეულ მიდგომებს ნარკოპოლიტიკის სფეროში:

“ნათელია, რომ მოქმედი რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შენარჩუნება დიდი ხნის განმავლობაში არის შეუძლებელი. გარდაუვალია რეფორმა ამ მიმართულებით. უბრალოდ, აქ საუბარია დროზე. ძალიან სწრაფად არის რეფორმა გასატარებელი იმიტომ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ეხება ის რეპრესია, რაც მოდის კანონმდებლობიდან, პრაქტიკიდან, სამართლებრივი სისტემიდან. ეს აისახება მათ უფლებრივ მდგომარეობაზე, მათ სოციალურ მდგომარეობაზე” – ამბობს სოფო ვერძეული.

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს დაამტკიცებს, კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ლიბერალიზებული ნარკოპოლიტიკის პირობებში მნიშვნელოვანი იქნება სარეაბილიტაციო და პრევენციული სერვისების გაძლიერება. სწორედ ამისთვის პალტფორმამ გარდამავალი კონცეფცია შეიმუშავა.

კონცეფციის თანახმად, სპეციალურად შემუშავებული კურიკულუმის მიხედვით, იგეგმება სასკოლო ასაკიდან მოსწავლეებისათვის ინფორმაციის მიწოდება ნარკოტიკის მოხმარების მძიმე შედეგებზე. აგრეთვე დაინერგება სისტემური საინფორმაციო კამპანია მოხმარების პრევენციაზე.

გარდამავალი კონცეფციის მიხედვით, შეიქმნება შეფასებისა და გადამისამართების კომისიები, რომელთა დანიშნულება ნარკოტიკის მომხმარებლების ქვეყანაში არსებულ სარეაბილიტაციო, ზიანის შემცირების ან სოციალურ პროგრამებში ჩართვა იქნება.

დღეისათვის ქვეყანაში არსებული სარეაბილიტაციო მომსახურება სტაციონარულ დეტოქსიკაციას (7 კლინიკა, 933 ბენეფიციარი 2015 წლის მონაცემებით), ჩანაცვლებით მკურნალობას (18 ცენტრი, 4459 ბენეფიციარი 2015 წლის მონაცემები) და ზიანის შემცირების სერვისებს მოიცავს (14 ცენტრი 25 000 ბენეფიციარი).

ნარკოპოლიტიკის ეროვნულ პლატფორმაში მიიჩნევენ, რომ აუცილებელია სერვისების გაფართოება. სერვისებს უნდა დაემატოს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციაც, რომელიც ხანგრძლივ,  3-6-თვიან სარეაბილიტაციო მომსახურებას და ფსიქოლოგთან საკონსულტაციო სესიებს შესთავაზებს ბენეფიციარებს. კონცეფციის ავტორები მიიჩნევენ, რომ გარდამავალ პერიოდში მნიშვნელოვანი იქნება სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლება, რასაც მთლიანობაში შესაძლოა დაჭირდეს ექვსი თვიდან ერთ წლამდე პერიოდი.

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, არასამთავრობოების მიერ მომზადებული კანონპროექტის პარლამენტში განსახილველად შეტანა, სავარაუდოდ, გაზაფხულის სესიაზევე მოხდება. აკაკი ზოიძის თქმით, აღნიშნული კანონპროექტი და გარდამავალი კონცეფცია ქვეყანას საშუალებას მისცემს, დაბალანსებული ნარკოპოლიტიკა აწარმოოს, სადაც პრევენციის, მკურნალობის, ზიანის შემცირებისა და რეპრესიის კომპონენტები იქნება გათვალისწინებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად კი ზოიძე საინექციო ტიპის ნარკოტიკული ნივთიერებების დეკრიმინალიზებას მიიჩნევს:

“განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ კანონპროექტიდან დეკრიმინალიზაცია საინექციო ტიპის ნარკოტიკების მომხმარებლებისთვის. რადგანაც სწორედ ეს ჯგუფი, 50 000-მდე მომხმარებელი საინექციო ნარკოტიკული ნივთიერების, წარმოადგენს იმ ჯგუფს, რომელიც ავრცელებს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ც ჰეპატიტი და შიდსი. ამ ორი ვერაგი დაავადების დამარცხება შეუძლებელია იმის გარეშე, რომ ეს 50 000 ადამიანი არ გამოვიყვანოთ სინათლეზე. მათ არ უნდა ჰქონდეთ შიში, რომ მიიღონ დახმარება, მკურნალობა და რეაბილიტაცია სახელმწიფოს მხრიდან. ნაცვლად იმისა, რომ ციხეში ჩავსვათ, მათ უნდა ვუმკურნალოთ,” – ამბობს აკაკი ზოიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი