ახალი ამბები

გოცირიძე: საკონსტიტუციო კომისიის რამდენიმე წევრმა სამოქალაქო პარტნიორობა პოლიგამიასთან გააიგივა

12 აპრილი, 2017 • 2767
გოცირიძე: საკონსტიტუციო კომისიის რამდენიმე წევრმა სამოქალაქო პარტნიორობა პოლიგამიასთან გააიგივა

საიას იურისტი, საკონსტიტუციო კომისიის წევრი გიორგი გოცირიძე ამბობს, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების ნაწილის წინააღმდეგობის მიუხედავად, კომისია ქორწინების, როგორც “ქალის და მამაკაცის კავშირად” განსაზღვრაზე შეთანხმდა.

არასამთავრობოებს ჰქონდათ შეთავაზება, რომ თუკი უმრავლესობა ქორწინების დეფინიციის ჩაწერას მაინც გადაწყვეტდა, იქვე უნდა ჩაწერილიყო, რომ თანაცხოვრების სხვა ფორმები განისაზღვრებოდა კანონით. თანაცხოვრების ასეთი ფორმაა სამოქალაქო პარტნიორობა.

მისივე განმარტებით, სამოქალაქო პარტნიორობაში მყოფ ადამიანებს გააჩნიათ გარკვეული ქონებრივი უფლებები, მაგალითად, მემკვიდრეობის უფლება, ურთიერთრჩენის ვალდებულება, თანაცხოვრების პერიოდში შეძენილ ქონებაზე საერთო თანასაკუთრება. თუმცა, როგორც გოცირიძემ განაცხადა, კომისიის ზოგიერთმა წევრმა სამოქალაქო პარტნიორობა პოლიგამიასთან გააიგივა:

“ჩვენი პირველი მოწოდება იყო, რომ არ გაჩენილიყო ასეთი ხასიათის ჩანაწერი იმიტომ, რომ ამას მოჰყვებოდა ძალიან ცუდი გამოხმაურება, ეს იქნებოდა იმ ძალადობის წახალისება, რასაც ყოველდღიურად ხვდებიან ლგბტ თემის წარმომადგენლები და მხოლოდ ამის გამო ღირდა, რომ ასეთი ტიპის ჩანაწერი არ გაჩენილიყო კონსტიტუციაში. ამაზე გაჩნდა წინააღმდეგობა.

ალტერნატიული ვარიანტი იყო ის, რომ ჩაწერილიყო ქალის და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი და, იმავდროულად, ამ მუხლს დამატებოდა ის, რომ თანაცხოვრების სხვა ფორმები რეგულირდებოდა კანონით. ამაზე იყო პასუხი, რომ თუკი ასეთ რაღაცას ჩაწერენ, ეს, იმავდროულად, ნიშნავს პოლიგამიის დაკანონებას, ანუ სამოქალაქო პარტნიორობა რატომღაც გაიგივებულ იქნა კომისიის არა ერთი, არამედ რამდენიმე წევრის მხრიდან პოლიგამიასთან,”- განაცხადა გიორგი გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ქორწინების განსაზღვრის შესახებ ინიციატივა მმართველი გუნდის ძალიან მყარი ნებაა და იმ შემთხვევაშიც კი, თუკი კომისიას უარყოფითი გადაწყვეტილება ექნება, პარლამენტი ყველა ვარიანტში შეიტანს ამ ცვლილებას კონსტიტუციაში.

გოცირიძე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც კონსტიტუციაში ეს ჩანაწერი გაჩნდება, ლგბტ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები განიხილავენ, რომ სამოქალაქო პარტნიორობასთან დაკავშირებით მიმართონ როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს, ასევე,  სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი