ახალი ამბებიტექნოლოგიები

საქართველოში შესაძლოა საერთაშორისო ზარების მიღება შეფერხდეს

12 აპრილი, 2017 • 5493
საქართველოში შესაძლოა საერთაშორისო ზარების მიღება შეფერხდეს

ოპერატორთა განცხადებით, 12 აპრილს, 18:00 საათიდან 00:00 საათამდე, “ჯეოსელი” “მაგთიკომი” და “მობიტელი” საერთაშორისო ზარების შემომტანი ტრანზიტული ოპერატორების ქსელიდან გათიშვას დაიწყებენ. რაც ნიშნავს, რომ ამ დროის განმალობაში საქართველოში საზღვარგარეთიდან შესრულებული ზარების მიღება შეფერხდება. მობილური კომპანიები ამ დროისთვის განმარტებას არ აკეთებენ.

სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაციის ინფორმაციით, ტრანზიტული ზარების შეწყვეტის შემთხვევაში 12 მცირე ოპერატორი ბაზრის გარეთ დარჩება, მათ ადგილს კი თავად ქსელური ოპერატორები დაიკავებენ, რომლებიც შეძლებენ გარკვეული ხნის შემდეგ შუალედური რგოლის გარეშე მიიღონ შემომავალი ზარები.

ურთიერთჩართვების შეწყვეტის შესახებ კომპანიებს ქსელებმა 10 აპრილს აცნობეს. ამის მიზეზად კი ის სახელდება, რომ ისინი ტრანზიტულ ოპერატორებთან მომსახურების ფასზე ვერ თანხმდებიან.

ოპერატორები აცხადებენ, რომ მათ უფლება არ აქვთ, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილ ფასზე მეტი გადაახდევინონ მომხმარებელს. ამ ეტაპზე ეს ფასი დაახლოებით 18 თეთრია. მათთვის გაგზავნილ წერილებში კი კომპანიები ძველი ტარიფის, 20 ცენტის შენარჩუნებას ითხოვენ.

ტრანზიტული ოპერატორები აცხადებენ, რომ “ჯეოსელი”, “მაგთიკომი” და “მობიტელი” მსგავსი პირობის დაყენებით არღვევენ კომუნიკაციების კომისიის მიერ, ბაზრის რეგულირების მიზნით, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კომპანიებისთვის დაკისრებულ სპეციფიკურ, კონკურენციის უზრუნველმყოფ ვალდებულებებს.

საერთაშორისო ზარების ერთ-ერთი ტრანზიტორი საქართველოში შპს კავკასუს ონლაინია. კომპანიის წარმომადგენლის, ირინა ჭანტურიას თქმით, ქსელური ოპერატორების მიერ შემოთავაზებულ პირობებზე დათანხმების შემთხვევაში, კანონს დაარღვევენ. ოპერატორების თქმით, მათ ჯერ კიდევ თებერვალში მიიღეს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან წერილობითი შეტყობინება, რომ 2017 წლის პირველი მარტიდან მოქმედებს რეგულაცია – უქმდება დროებითი მოქმედი ტარიფი და დგინდება ახალი. რეგულაციის ფარგლებში ტრანზიტულ ოპერატორებს უნდა მიეღოთ ახალი შეთავაზებები ქსელებისაგან.

“ეს ითვალისწინებს ურთიერთჩართვებისას ზარის წამოწყების ტარიფს 3 თეთრს დღგ-ს ჩათვლით და 15 თეთრს აქციზის სახით, რომლის გადახდის ვალდებულებაც გვაქვს ქსელის ოპერატორისათვის. ქსელის მფლობელი ოპერატორები კი გვიგზავნიან ძველ შემოთავაზებას, რომელიც მოქმედებდა პირველ მარტამდე და მობილურ ქსელში საერთაშორისო ზარების ჩართვაზე ითვალისწინებდა გადასახადს 20 ცენტის მოცულობით. გვთხოვენ, რომ ამას უპირობოდ დავეთანხმოთ. რაც არის იურიდიულად და ფინანასურად გაუმართლებელი,” – ამბობს ჭანტურია.

საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, უჩა სეთურის თქმით, კანონი „ელექტრონული კომუნიკაციების” შესახებ კრძალავს ურთიერთჩართვის შეზღუდვას ან მარეგულირებელი კომისიის თანხმობის გარეშე გათიშვას. ტრანზიტული ოპერატორებისათვის წაყენებული პირობით დღეს საღამოდან გათიშვის შემთხვევაში ქსელური ოპერატორები კანონს არღვევენ.

“მიზანი, ჩვენი აზრით, არის ერთადერთი, რომ გააძევონ ეს ოპერატორები ბაზრიდან. შეიქმნება პრობლემები რაღაც პერიოდის განმავლობაშიში, მაგრამ შემდეგ ამას თავადვე შეავსებენ. ოპერატორები აღმოჩნდებიან თამაშგარე მდგომარეობაში, დიდი ქსელები კი თავად მიიღებენ საერთაშორისო ზარებს.

მარეგულირებელი კომისია ამბობს, რომ დაარეგულირებს ის ამ ბაზარს თავიდან, მაგრამ გვაქვს სამთვიანი პერიოდი, რომელიც უბრალოდ დაანგრევს ამ კომპანიებს,” – აცხადებს სეთური.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა მობილურ კომპანიებს. “ჯეოსელში” გვითხრეს, რომ მოგვიანებით გააკეთებენ განცხადებას საკითხთან დაკავშირებით. “მაგთისა” და “მობიტელის”, მათივე თხოვნით, წერილობით მივმართეთ, თუმცა ამ დროისათვის პასუხი არც ერთი კომპანიისაგან მიგვიღია. უცნობია, დაიწყებენ თუ არა ისინი ოპერატორების გათიშვას დღეს საღამოს.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აღნიშული ქსელური ოპერატორების, “მაგთის”, “ჯეოსელის”, “მობიტელის”, “ახალი ქსელების”, “სილქნეტისა“ და “ახტელისათვის” სანქცირებისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხს 13 აპრილს ჩანიშნულ სხდომაზე განიხილავენ. სხდომას ყველა მხარის წარმომადგენელი დაესწრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი