ახალი ამბები

“არ გავატარებინებთ ელ.გადამცემ ხაზებს სოფელთან” – პროტესტი სნოს ხეობაში

12 აპრილი, 2017 • 3298
“არ გავატარებინებთ ელ.გადამცემ ხაზებს სოფელთან” – პროტესტი სნოს ხეობაში

ყაზბეგის რაიონში, სნოს ხეობის სოფლების -სნოს, ახალციხის და კარკუჩას მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მოხევეები ითხოვენ, რომ ხელისუფლებამ სნოს ხეობის დასახლებულ პუნქტებთან 500-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი არ გაატაროს, რომლის მშენებლობაც უახლოეს პერიოდში დაიწყება.

ადგილობრივები თავდაპირველად ახალციხეში შეიკრიბნენ, ხოლო შემდეგ სოფელ კარკუჩაში გადაინაცვლეს. საპროტესტო აქციაზე დადაახლოებით 50 ადამიანი იმყოფებოდა. მათ ადგილზე დაიბარეს მუნიციპალიტეტის გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე, მაჟორიტარი დეპუტატი და რეგიონის გუბერნატორი, თუმცა არავინ გამოჩენილა.

“მაღალი ძაბვის ხაზები ზედ სოფელზე უნდა გაატარონ, საცხოვრებელი სახლებიდან რამდენიმე მეტრში. ისეთ გაჭირვებაში ვცხოვრობდით, ზვავები, წყალი გადმოვარდებოდა, არსად არ წავსულვართ და ახლა ამ რუსეთთან დამაკავშირებელი ხაზის გამო უნდა ავსახლდე და სადღაც წავიდე? არ წავალ! სადაც ანძების დადგმას აპირებენ, იქ გვაქვს ნაკვეთები, იქ მოგვყვავს კარტოფილი, ლობიო. სოფლის აქეთ არაფერია. საერთოდ ვერაფერს ვეღარ მოვიყვანთ,” – ამბობს სოფელ კარკუჩას მცხოვრები, ტარიელ მარსაგიშვილი.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სნოს ხეობის სოფელში არავინ უჭერს მხარს ამ პროექტს. მოხევეები არც ერთ შემთხვევაში აპირებენ ელექტროგადამცემი ხაზების სოფლების სიახლოვეს გაშვებას: “არ გავატარებინებთ მაგას… შეიძლება აქ მკვლელობა მოხდეს.”

ამ ლამაზი სოფლების დანგრევა და გაუბედურება შეიძლება? გააკეთონ ის მაღალი ძაბვა, მაგრამ ააცილონ სოფლებს, ხალხს. ჩვენ ტრანზიტად ნუ გამოგვიყენებენ. ძალიან ვიწრო ხეობაა და არაფრით არ შეიძლება ელექტროგადამცემი ხაზების სოფელთან გატარება, დავიხოცებით. აქ რომ მაღალი ძაბვა გამოიყვანონ, სნოს ხეობა აღარ იქნება,” – ამბობს დეზდემონა მარსაგიშვილი.

დანონსებულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე, რომელმაც აქციის მონაწილეებს დესტრუქციული ძალები უწოდა. ნეტგაზეთის კითხვაზე, განიხილავს თუ არა ენერგეტიკის სამინისტრო ელექტროგადამცემი ბოძების გადატანას სოფლის მოშორებით, კალაძე პასუხობს:

“ჯერ ერთი, მინდა დაგიზუსტოთ, რომ სოფელზე ელექტროგადამცემი ხაზი არ გადის. ეს არის სოფლიდან მოშორებული, თუმცა ადგილზე არის დესტრუქციული ძალები, ვინც ცდილობს ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების შეჩერებას და მინდა ისინი გავაწბილო – ნამდვიალდ არაფერი გამოუვათ. ისინი ვერ მოახერხებენ შეცდომაში შეყვანას,” – განაცხადა კალაძემ.

ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ეს არა მისი პირადი, არამედ ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და სასიკეთო პროექტია. კალაძე ამბობს, რომ არავის მისცემს ამ პრეოქტის შეჩერების შესაძლებლობას.

მოხევეების პროტესტი ელექტროგადამცემი ხაზების სოფლის სიახლოვეს გატარების წინააღმდეგ, სოფელი კარკუჩა. 12.03.2017. ფოტო: შოთა ბუჩუკური

მოხევეების პროტესტი ელექტროგადამცემი ხაზების სოფლის სიახლოვეს გატარების წინააღმდეგ, სოფელი კარკუჩა. 12.03.2017. ფოტო: შოთა ბუჩუკური

მასალების გადაბეჭდვის წესი