ახალი ამბები

ჭიათურაში, სამუშაო ადგილზე რეზო ტალახაძე გარდაიცვალა

12 აპრილი, 2017 • 2048
ჭიათურაში, სამუშაო ადგილზე რეზო ტალახაძე გარდაიცვალა

ჭიათურაში, გამამდიდრებელ კომბინატში, სამუშაო ადგილზე კიდევ ერთი მუშა გარდაიცვალა. რეზო ტალახაძე ზეინკალი იყო და ჯორჯიან მანგანეზში” 40 წლის განმავლობაში მუშაობდა.

„ჯორჯიან მანგანეზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ზაქარია ზალიკაშვილის თქმით, პოლიცია საქმეს უკვე იძიებს:

“გუშინ, ღამის საათებში მოხდა უბედური შემთხვევა. გარდაცვლილია 40-წლიანი სამუშაო სტაჟის მქონე ზეინკალი, რეზო ტალახაძე. ჩაწერილი მქონდა მისი ასაკიც, მაგრამ თან არ მაქვს.  დაკრძალვის ხარჯებს სრულად აანაზღაურებს ჩვენი კომპანია. საგამოძიებო სამსახური გაარკვევს უბედური შემთხვევის მიზეზს”.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით იძიებს. ამ მუხლის თანახმად, სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

საქართველოს სახალხო დამცველმა არაერთხელ მოუწოდა საქართველოს მთავრობას შრომითი ინსპექციის ეფექტური მექანიზმის შექმნისკენ. ომბუდსმენის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიშის თანახმად,  უმწვავეს პრობლემად რჩება შრომით უფლებებსა და შრომის უსაფრთხო გარემოს მონიტორინგზე პასუხისმგებელი ეფექტური მექანიზმის არარსებობა, რაც საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის მხრიდან დაუყოვნებლივ მოქმედებას საჭიროებს.

“2016 წლის მონაცემებით, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 58 და დაშავდა 85 ადამიანი. საქართველოს სახალხო დამცველის აზრით, უმნიშვნელოვანესია, დაუყოვნებლივ შეიქმნას შრომის უსაფრთხოებისა და შრომის პირობებზე ზედამხედველობის მექანიზმი – შრომის ინსპექცია.”

ამავე თემაზე: შრომითი უფლებები ჰაერში.

მასალების გადაბეჭდვის წესი