ვერძეული: უსაფუძვლოა განცხადება, რომ სტრასბურგზე ადგილობრივმა ორგანიზაციებმა გავლენა მოახდინეს

არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის” (EMC) იურისტი სოფო ვერძეული მიიჩნევს, რომ ისეთი პოლიტიკური განცხადებები, როგორიც გუშინ და დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, აზიანებს სამართლებრივ პროცესს.

“პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ასეთმა პოლიტიკუმა განცხადებებმა მიმდინარე სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ადგილობრვ დონეზეც სერიოზულად დააზიანა საქმის განხილვა და საზოგადოების განწყობები ჩამოაყალიბა იმგვარად, რომ ხელისუფლება არ იყო სრულად დისტანცირებული რუსთავი 2-ის საქმის განხილვისგან და მას გარკვეული ინტერესები ჰქონდა ამ პროცესში. ამიტომ, მე ვფიქრობ, თავის დროზეც არ იყო მიზანშეწონილი ასეთი პოლიტიკური განცხადების გაკეთება. მით უმეტეს, ახლა ევროპულ სასამართლოზე იმის თქმა, რომ ადგილობრივმა ორგანიზაციებმა რაიმე გავლენა მოახდინეს სასამართლოზე, მიუხედავად იმისა, რომ ესაა პოლიტიკური შეფასება, მე ვფიქრობ, არც საფუძველი გააჩნია და არც დადებითად საუბრობს პოლიტიკური გუნდის დამოკიდებულებაზე როგორც არასამთავრობო სექტორის, ასევე ევროპული სასამართლოს მიმართ. ამიტომ, მე ვფიქრობ, პოლიტიკოსებმა ახლა მაინც თავი უნდა შეიკავონ ასეთი განცხადებებისგან”, – აცხადებს ვერძეული.

პარლამენტის თავმდჯომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის შესახებ პოლიტიკური გავლენის ქვეშ იქნა მიღებული.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი