კვირიკაშვილი: შეიქმნება 40 000 სამუშაო ადგილი

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მომდევნო 3 წლის განმავლობაში დაგეგმილია 1000 კილომეტრი საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია, დამატებით 500 000 ადამიანისთვის 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ნაგავსაყრელების პრობლემის გადაწყვეტა. მისი თქმით, 10 მილიარდ ლარამდე ღირებულების 2 500 ინფრასტრუქტურული პროექტი 2017-2020 წლებში განხორციელდება, ხოლო შეიქმნება 40 00 სამუშაო ადგილი.

2017-2020 წლების სამოქმედო გეგმა საკანონმდებლ და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებსა და მედიას რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ გააცნო. მისი თქმით, ეს გეგმა გულისხმობს მასშტაბური და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტების განხორციელებას, ქვეყანაში არსებული შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას და სრული დატვირთვით მუშაობას ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის.

“განხორციელდება უმნიშვნელოვანესი პროექტები გზების, წყალმომარაგების, ტურისტული ინფრასტრუქტურის, ეკოლოგიის, გარემოს დაცვის და სხვა მიმართულებით. განსაზღვრულია ის მიდგომები, რომლითაც ქვეყნის ყველა მოქალაქე საქართველოს ნებისმიერ კუთხეში შეძლებს მიიღოს განათლება, დასაქმდეს და თავად დაასაქმებს. სრული დატვირთვით ამუშავებული და განვითარებული ინფრასტრუქტურა მისცემს მოსახლეობას არსებული შესაძლებლობების რეალიზების საშუალებას,” – განაცხადა ალავიძემ.

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ 2017–2020 წლებში მთელი საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 2500–მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.

“დაგეგმილია 1000 კილომეტრი გზის მშენებლობა–რეაბილიტაცია, დამატებით ნახევარ მილიონამდე ადამიანი ისარგებლებს 24–საათანი წყალმომარაგებით, აშენდება შვიდი ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული ნაგავსაყრელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 120–ზე მეტ საზოგადოებრივ–კულტურული დანიშნულების ობიექტს. 2500–მდე პროექტის განხორციელება პირდაპირ შექმნის 40 000 სამუშაო ადგილს,” – ამბობს ალავიძე.

როგორც მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, აღნიშნული პროექტები საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, ხოლო მათი ჯამური ღირებულება 10–მდე მილიარდი ლარია. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, 2500 პროექტისთვის განკუთვნილი უპრეცედენტო მოცულობის ინვესტიციიდან – 10 მილიარდი ლარიდან, მხოლოდ 2017 წელს 1 მილიარდ 260 მილიონი ლარი დაიხარჯება.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ქვეყნის თანმიმდევრული და სწრაფი განვითარების მყარ საფუძველს შექმნის სივრცითი მოწყობის გეგმა, რომელშიც მთლიანად არის გათვალისწინებული საქართველოს, მისი თითოეული რეგიონისა და ადგილის უნიკალურობა და პოტენციალი. პრემიერი მიიჩნევს, რომ საკმარისი რესურსი არსებობს, რათა რეგიონები თანაბრად იყოს განვითარებული, რაც, სამწუხაროდ, დღეს ასე არ არის.

“რას მოუტანს ახალი სივრცითი მოწყობა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოსახლეობას? – ახალ გზებს, მაგისტრალებს, ახალ აეროპორტებს, პორტს, ხიდებს, გვირაბებს, ჩვენი ქვეყნის სრულიად ახალ შესაძლებლობებს. ეს მოგვიტანს ახალ 40 000 სამუშაო ადგილს! მეტ დასაქმებულს, მეტ შემოსავალს, უფრო ძლიერ და ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანას,” – ამბობს კვირიკაშვილი.

პრემიერი მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი გეგმა ძალიან საინტერესო და იმედის მომცემი იქნება თითოეული მოქალაქისთვის, რადგან პროექტები აბსოლუტური სიზუსტით არის გათვლილი და დროშია გაწერილი, თუმცა ჯერჯერობით არ არის ხელმისაწვდომი იმ პროექტების სრული ჩამონათვალი, რომელთა განხორციელებაც მომდევნო სამ წელიწადში იგეგმება.

2500-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი და 40 000 სამუშაო ადგილი 2017–20 წლებში – მთავრობა

2500-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი და 40 000 სამუშაო ადგილი 2017–20 წლებში – მთავრობა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.