ახალი ამბები

კალაძე მიიჩნევს, რომ რუსთავი 2–ის საქმის განხილვისას სტრასბურგზე იყო ზეწოლა

12 აპრილი, 2017 • 2863
კალაძე მიიჩნევს, რომ რუსთავი 2–ის საქმის განხილვისას სტრასბურგზე იყო ზეწოლა

კახა კალაძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მხრიდან რუსთავი 2–ის საქმეზე სტრასბურგში იგზავნებოდა წერილები, რაც შეიძლება შეფასდეს, როგორც ზეწოლა სასამართლოზე. ამის შესახებ ვიცეპრემიერმა ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ ისაუბრა.

კითხვაზე, რუსთავი 2–ის საქმესთან დაკავშირებით იყო თუ არა პრეზიდენტის, პოლიტიკური ძალებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან სტრასბურგის სასამართლოზე ზეწოლა, კახა კალაძე პასუხობს:

“იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რაც ამ საქმის იეგვლივ კეთდებოდა, შეიძლება განვიხილოთ, როგორც ზეწოლად [სტრასბურგის სასამართლოზე]. ჩვენ თუ მთლიანად გადავხედავთ ამ [რუსთავი 2–ის] საქმის ქრონოლოგიას, დაწყებული ადგილობრივ მოსამართლეებზე ზეწოლით… ამის ფაქტები არსებობს, სიუჟეტები არსებობს და შეგვიძლია ამოიღოთ, როდესაც მიდიოდა სიტყვიერი შეურაცხყოფები, გინებები და ა.შ. შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მხრიდან გაგზავნილი წერილები… ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შეიძლება ითქვას, რომ არის ირიბი ზეწოლა. პრეზიდენტმაც გააგზავნა [წერილი], თუ არ ვცდები.”

გუშინ, 11 აპრილს, ირაკლი კობახიძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ რუსთავი 2-ის საკითხზე სტრასბურგის სასამართლომ მოექცა პოლიტიკური გავლენის ქვეშ. დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდოამრემ განმარტა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ იყო პოლიტიკური, მაგრამ პოლიტიკური გავლენის ქვეშ იქნა მიღებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი