ახალი ამბები

გოცირიძე: არ მგონია, სტრასბურგი პარტიების და არასამთავრობოების მოსაზრებებით ხელმძღვანელობდეს

12 აპრილი, 2017 • 1591
გოცირიძე: არ მგონია, სტრასბურგი პარტიების და არასამთავრობოების მოსაზრებებით ხელმძღვანელობდეს

საიას იურისტი, გიორგი გოცირიძე ნეტგაზეთთან საუბრისას ცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება სტრასბურგის სასამართლოს შესახებ არასწორია.

გუშინ, 11 აპრილს, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტიების ზეგავლენის ქვეშ მოექცა და სწორედ ამიტომ შეაჩერა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება რუსთავი 2-ის საქმეზე.

გიორგი გოცირიძე ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლო არ ხელმძღვანელობს არასამთავრობოებისა და პარტიების მოსაზრებებით:

“მე გაცილებით მაღალი წარმოდგენა მაქვს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოზე იმიტომ, რომ ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა, როდესაც, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებს წარუდგენიათ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებები, მაგრამ თუკი სტარსბურგის სასამართლო ვერ დაინახავდა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას, ის ამ გადაწყვვეტილებას არ იღებდა. ასე რომ, არ მიმაჩნია სწორად, ამ შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლოს შვიდმა მოსამართლემ და არ მგონია, რომ მაინცდამაინც პოლიტიკური პარტიების და არასამთავთრობო ორგანიზაციების მოსაზრებებით ხელმძღვენელობდნენ ისინი,”- განაცხადა გიორგი გოცირიძემ.

მისივე თქმთ, არ არის სასურველი, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე მაღალი ავტორიტეტის ინსტიტუტზე მსგავს განცხადებებს აკეთებს:

“სასურველია, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ და ზოგადად, პოლიტიკოსებმა თავი შეიკავონ ასეთი ავტორიტეტული ინსტიტუტის მიმართ მსგავსი ტიპის განცხადების გაკეთებისგან იმიტომ, რომ რეალურად, ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით დიდი ავტორიტეტით სარგებლობს ეს სასამართლო და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას, ვისაც უფლება აქვს შელახული, ეს ინსტიტუტი მიაჩნია მისი უფლებების დაცვის ეფექტურ გარანტიად. შესაბამისად, სასურველი იქნება, რომ სტრასბურგის სასამართლოსთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ მსგავსი ტიპის განცხადებებისგან თავი შეიკავოს,”- განაცხადა გიორგი გოცირიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი