ახალი ამბები

რუსული რბილი ძალა, ჯაშუშები, ტერორიზმის დაფინანსება – სუს-ის ანგარიში პარლამენტში

12 აპრილი, 2017 • 3997
რუსული რბილი ძალა, ჯაშუშები, ტერორიზმის დაფინანსება – სუს-ის ანგარიში პარლამენტში

პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2016 წლის ანგარიში შევიდა. ანგარიში სუს-ის კონტრდაზვერვით საქმიანობას, ტერორიზმთან და კორუფციასთან ბრძოლას, კონფლიქტის ზონიდან ადამიანების გატაცებას და სხვა საკითხებს ეხება. ანგარიშის თანახმად, უწყებაში 3764 ადამიანია დასაქმებული, რომელთაგან 549 ქალია (14,6%).

ოკუპირებული ტერიტორიები და ადამიანების გატაცება

ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის მთავარი გამოწვევაა ოკუპირებული ტერიტორიების არსებობა.

“ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში დიდი ოდენობით რუსული სამხედრო კონტიგენტი და მზარდი მილიტარიზაცია ქართული სახელმწიფოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს.”

ამავე ანგარიშით, 2016 წელს კონფლიქტის ზონაში საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 134 ადამიანი დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს, რომელთაგან 133 გათავისუფლდა, 1 კი პატიმრობაში რჩება. ხოლო აფხაზეთის მხარეს სუს-მა 193 უკანონო დაკავება დაარეგისტრირა.

2016 წელს აღდგა IPRM-ის შეხვედრები გალსა და ერგნეთში. შეხვედრის ფარგლებში შეიქმნა ცხელი ხაზი, რაც 24-საათიანი კავშირის საშუალებას წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, რუსეთის საოკუპაციო ძალებისა და დე ფაქტო მთავრობებს შორის. 2016 წელს ცხელი ხაზი 1591-ჯერ ამოქმედდა.

კონტრდაზვერვითი საქმიანობა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი კონტრდაზვერვითი საქმიანობაა. ანგარიშის თანახმად, 2016 წელს  სამსახური ახორციელებდა საქართველოში მოქმედი უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების მისწრაფებების გამოვლენას და განეიტრალებას, გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის დროული და ზუსტი ინფორმაციის მიწოდებას, სახელისუფლებო წრეებისა და უსაფრთხოების სტრუქტურის დაცვას უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მხრიდან შეღწევისგან.

“უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურები ლეგალური და არალეგალური პოზიციებიდან მუდმივად ცდილობენ შეაღწიონ ხელისუფლების ორგანოებსა და ქვეყნის უსაფრთხოების სტრუქტურებში, მოიპოვონ წვდომა სახელმწიფო საიდუმლოებაზე, გადაიბირონ ან/და ჩანერგონ კონკრეტული პირები, მოიპოვონ ინფორმაცია საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ. მათი ძირითადი მისწრაფება ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენაა,” – წერია ანგარიშში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გაზრდილი ნაკადების კონტროლის შედეგად, გამოვლინდნენ პირები, რომელთა ქმედებებში იკვეთება უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირის ნიშნები, დადგენილია მათი კონტაქტები საქართველოს მოქალაქეებთან.

“მიმდინარეობს აღნიშნული კონტიგენტის ოპერატიული შესწავლა, რათა დროულად იქნას აღკვეთილი შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტრდაზვერვითი უზრუნველყოფის მიზნით, სამსახურის საქმიანობა მიმართული იყო ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების შეღწევის პრევენციაზე, ცალკეულ პირთა დესტრუქციული და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის გამოვლენასა და აღკვეთაზე. აღნიშნული მიმართულებით ოპერატიული ღონიძიებების 99 პირის მიმართ ტარდება.

საანგარიშო პერიოდში 164 ორგანიზაცია-დაწესებულებაზე (81 სახელმიწიფო დაწესებულება, 83 კერძო სამართლის იურიდული პირი) გაიცა სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება (ნებართვა-ფორმა N4), ხოლო 12 ორგანიზაცია-დაწესებულებას, გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების, სანდოობისა და საიმედოობის დაბალი ხარისხის გათავლისწინებით, ნებართვის მიღებაზე ეთქვა უარი, ” – ვკითხულობთ ანგარიშში.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, 152 დაწესებულებაში განხორციელდა სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვების მისაღებად და საიდუმლოების დაცვის რეჟიმისა და საიდუმლო საქმის წარმოების კომისიური შემოწმება.

“სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების მსურველ 3525 ფიზიკურ პირზე განხორციელდა შემოწმების პროცედურა.  საანგარიშო პერიოდში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 17 საქმეზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემულია 21 პირი. ”

სამსახურის  ანგარიშის თანახმად, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებებით გამოწვეული მიგრაციული პროცესების გათვალისწინებით, მუდმივად მიმდინარეობს მიგრაციული არხების მონიტორინგი.  საანგარიში პერიოდში მასალების შესწავლისა და გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ადამიანების გარკეულ კატეგორიას უარი ეთქვათ ბინადრობის მინიჭებაზე.

“გამოვლინდა 1786 პირის მიერ ფიქტიური დოკუმენტაციის წარმოდგენის ფაქტი. საანგარიშო პერიოდში საქართველოში შემოსვლაზე უარი 800-მდე პირს ეთქვა. ”

რბილი ძალა

ანგარიშის თანახმად, სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურები სადაზვერვო ინფორმაციისა და, შესაბამისად, სასურველი შედეგის მიღებას, არაძალისმიერი მეთოდების გამოყენებით, ე.წ. რბილი ძალის კონცეფციის მიხედვით ცდილობენ. ისინი აქტიურად იყენებენ „სახალხო დიპლომატიის“ და „ინფორმაციული დივერსიის“ კომპონენტებს.

“აღნიშნულის გასანეიტრალებლად კომპლექსურად და გეგმაზომიერად ტარდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები საქმიანობაში ჩართული ძალებისა და მათი დაფინანსების წყაროების გამოსავლენად. ასევე იმ პირთა დასადგენად, რომლებიც შესაძლოა თანამშრომლობდნენ უცხო ქვყნების სპეცსამსახურებთან. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესის სფეროს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სუბიექტები, ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა, ასევე საქართველოს ეკონომიკური პოტენციალისა და ბაზრის შესწავლა წარმოადგენს.

ეკონომიკური შპიონაჟი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ცალკეული კომპანიების საქმიანობას, არამედ ნეგატიურ გავლენას ახდენს ქვეყნის განვითარებაზე. აღნიშნული საფრთხეების განეიტრალებისა და ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების მიზნით სამსახურის მიერ ტარდებოდა შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის, იმ პირთა გამოვლენა, რომლებიც შესაძლოა, უცხო ქვეყნის სამსახურების დავალებით მოქმედებდნენ”.

ტერორიზმთან ბრძოლა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაა. ანგარიშის მიხედვით, საქართველო არ განეკუთვნება ტერორისტული თავდასხმის მაღალი რისკის ქვეყნების რიცხვს, თუმცა გარკვეული გამოწვევები არსებობს:

“ისლამურმა სახელმწიფომ და სხვა ექსტრემისტულმა დაჯგუფებებმა საქართველოს ცალკეულ რეგიონებში მხარდამჭერთა გარკვეული რაოდენობა შეიძინეს. რადიკალური იდეოლოგიის გამავრცელებლები ცდილობენ, საზოგადოების გარკვეული ნაწილის რელიგიური შეხედულებები და დაბალი ცნობიერება საკუთარი ინტერესების შესაბამისად გამოიყენონ. 2016 წელს სხვადასხვა ტიპის ტერორისტული აქტივობების ბრალდებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 9 საქმეზე.”

ანგარიშის თანახმად, 2016 წლის 28 დეკემბერს გამოძიება დაიწყო უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ, რომელიც საქართველოში ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერი დაჯგუფების შექმნას ცდილობდა:

“კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების 15-კაციანი ჯგუფის მიმართ, რომლებიც ექსტრემალური მოწოდებებით ტერორიზმის იდეოლოგიურ მხარდაჭერას ახორციელებდნენ.”

საანგარიში პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა ტერორიზმის დაფინანსების საქმეების გამოკვლევა:

“განხორციელდა ბიზნეს და საქველმოქმედო ორგანიზაციების საფარქვეშ მოქმედი, ტერორისტული დაჯგუფებების ფინანსური ინტერესების შესაძლო გამტარებელი პირების საქმიანობის კონტროლი. გამოვლინდა უცხო ქვეყნის 20-მდე მოქალაქე, რომლებსაც დაფუძნებული ჰქონდათ საეჭვო ფინანსურ საქმიანობაში ჩართული იურიდიული პირები. ”

საანგარიშო პერიოდში სუს-ი საქართველოს მოქალაქეების სირიაში გამგზავრების პრევენციის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებებს ახორციელებდა:

“სუს-სა და პარტნიორი სახელმწიფოების შესაბამის უწყებებს შორის ხდებოდა ინფორმაციის გაცვლა ტერორისტულ ორგანიზაციებში გაწევრიანებულ და მათთან კავშირში მყოფ პირებზე, ასევე ტრანზიტად გადაადგილების მსურველებზე. მთლიანობაში, კონტრტერორისტული მიმართულებით საქართველოს სასაზღვრო კონტროლზე აყვანილ იქნა 1500 პირი, ხოლო 750-ს ქვეყანაში შემოსვლა აეკრძალა.”

ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. 2016 წელს სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 47 საქმეზე, მათ შორის, ქრთამის აღების -22, ქრთამის მიცემის – 2, თაღლითობის – 8, კომერციული მოსყიდვის – 5, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების – 4, მითვისების ან გაფლანგვის – 2, სამსახურეობრივი გულგრილობის -2 და სხვა შემთხვევებზე.

საანგარიშო პერიოდში ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 59 პირი 32 სისხლის სამართლის საქმეზე.

პერსონალურ მონაცემთა დაცვა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

ანგარიშის მიხედვით, უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პიროვნების პერსონალურ მონაცემთა დაცვას.

“სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება შესაძლებელი იყო მხოლოდ ე.წ. ორგასაღებიანი სისტემით, პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის თანხმობით. სამსახური აქტიურად თანამშრომლობდა ინსპექტორთან და ატარებდა ყველა აუცილებელ ღონისძიებას  ეფექტური კონტროლის  განხორციელებისთვის საჭირო პირობების შესაქმნელად.”

ანგარიშის თანახმად, 2016 წელს სუს-ში საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 658 განცხადება შევიდა, რომელთაგან 458 დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 8, შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნა 130 განცხადება, ხოლო 62 არ დაკამყოფილდა.

ბრძოლა კომუნისტური/ფაშისტური სიმბოლიკის და სსრკ-ის აგენტების წინააღმდეგ

სუს-ის ანგარიშის თანახმად, უკვე ამოქმედებულია ვახტანგ გომელაურის ბრძანება “თავისუფლების ქარტია” და კანონის საფუძველზე, 2016 წლის 1 მაისს  შეიქმნა შესაბამისი კომისია, რომელიც მიზნად ისახავს ყოფილი საბჭოთა კავშირის სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლების აღიარებისა და კომუნისტური, ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების და პროპაგანდის აკრძალვას.


მერვე მოწვევის პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის ანგარიშის მოსმენა ორჯერ სცადა, თუმცა- უშედეგოდ. ერთხელ, პარლამენტის სხდომა კვორუმის პრობლემის გამო ჩაიშალა, ხოლო მეორე შემთხვევაში – პარლამენტი კანონპრეოქტს განიხილავდა და ანგარიშის მოსასმენად დრო არ დარჩა.

უცნობია, ვინ წარუდგენს 2016 წლის ანგარიშს პარლამენტს, რადგან 2017 წლის 22 მარტს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, სამსახურის უფროსი ან მისი მოადგილე ვალდებულია წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 15 აპრილისა, საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს სამსახურის მიერ წინა წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში. აქამდე მოქმედი კანონით კი ეს ვალდებუელბა სუს-ის ხელმძღვანელს ეკისრებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი