ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: სტრასბურგის სასამართლო პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოექცა

11 აპრილი, 2017 • 23069
ირაკლი კობახიძე: სტრასბურგის სასამართლო პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოექცა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოექცა და ამიტომ შეაჩერა “რუსთავი 2”-ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. ამის შესახებ მან ინგა გრიგოლიასთან საუბრისას, გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არაერთმა სუბიექტმა მიმართა, რათა პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოექციათ:

“უზენაესმა სასამართლომ ის დაასაბუთა, რაც ყველამ ვიცით, რაც ყველას თვალწინ მოხდა. როდესაც  სტრასბურგის სასამართლოს პრეზიდენტი მიმართავს,  როდესაც ე.წ. პარტიები და ე.წ. ნეიტრალური ენჯეო-ები მიმართავენ, ყველა ერთად როცა მიმართავს სტრასბურგის სასამართლოს, ბუნებრივია, ის ექცევა პოლიტიკური გავლენის ქვეშ. მე არ ვსაუბრობ იმაზე, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლომ, თუმცა ამ სუბიექტების – პრეზიდენტის მიზანი, არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციური პარტიების მიზანი ის იყო, რომ სასამართლო მოქცეულიყო პოლიტიკური გავლენის ქვეშ და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.”

კობახიძის განცხადებით, სასამართლოს ახლა ევალება საქმეზე სიღრმისეული მსჯელობა და გადაწყვეტილების დასაბუთება. მისივე თქმით, უზენაესმა სასამართლომ ის გააფორმა, რაც ყველას თვალწინ მოხდა:

“სტრასბურგმა უნდა თქვას, რომ ქიბარ ხალვაშმა გერმანიაში თავისი ნებით გადაუფორმა ტელევიზია მიხეილ სააკაშვილს. თუ ამას იტყვის სტრასბურგის სასამართლო, მაშინ მე არ ვიცი. თუმცა რეალობა სხვაა. ჩვენ ვიცით, რომ უზენაესმა სასამართლომ მხოლოდ და მხოლოდ გააფორმა ის, რაც ყველას თვალწინ მოხდა, ის დანაშაული ყველას თვალწინ მოხდა 2004 წლის შემდეგ საქართველოში. რანაირად შეიძლება ამაზე ბრალი დავდოთ უზენაესი სასამართლოს ცხრა წევრს? მით უმეტეს, როგორ შეიძლება ეს გააკეთოს საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც პროცესების ნეიტრალური მაყურებელი უნდა იყოს? ეს არის აბსოლუტურად გამაღიზიანებელი.”

2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.  3 მარტს სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა. არასამთავრობო  ორგანიზაციები,  მედიის წარმომადგენლების ნაწილი და  ოპოზიციური პარტიები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს სთხოვდნენ, რომ   რუსთავი 2-თან დაკავშირებით უზენაესის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება   მანამდე შეეჩერებინა, სანამ ევროსასამართლო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი