ახალი ამბებისაზოგადოება

ცალკეული შემთხვევების განზოგადება – ომბუდსმენის ანგარიშის განსხვავებული შეფასებები

11 აპრილი, 2017 • 2832
ცალკეული შემთხვევების განზოგადება – ომბუდსმენის ანგარიშის განსხვავებული შეფასებები

სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშს იურიდიულ საქმეთა კომიტეტზე დღეს 5 საათის მანძილზე ისმენდნენ. ანგარიშის განხილვას, რომელიც ძირითადად ძალოვან სტრუქტურებში და სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებს ეთმობოდა, ცხარე კამათი მოჰყვა დეპუტატებს შორის. მმართველი გუნდი ამბობს, რომ სახალხო დამცველს ცალკეული შემთხვევები განზოგადებული აქვს და მასზე, როგორც სისტემურ პრობლემაზე საუბრობს, ხოლო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას არ სურს პრობლემების აღიარება.

სახალხო დამცველმა თავისი გამოსვლა პენიტენციურ სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრით დაიწყო. უჩა ნანუაშვილის განცხადებით. პენიტენციურ დაწესებულებებში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება პატიმართა შორის ძალადობის პრევენცია, ციხის კრიმინალური სუბკულტურის ზეგავლენის წინააღმდეგ ქმედითი ზომების მიღება და წესრიგის დაცვა, სახალხო დამცველმა პრობლემურად გამოყო პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახალხო დამცველთან/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრთან შეხვედრის ვიზუალურად დაკვირვება. უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ ეს პატიმრის კონფიდენციალურობას არღვევს.

პენიტენიურ დაწესებულებაში არსებულ პრობლემებზე საუბრის შემდეგ უჩა ნანუაშვილმა პოლიციელების მიერ ადამიანების დაკავებისას ძალის გადამეტების სისტემურ ტენდენციაზე ისაუბრა.

ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოავლინა, რომ კვლავ მწვავედ დგას პოლიციის მიერ დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის პრობლემა. 2015 წელთან შედარებით საანგარიშო პერიოდში დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებულ პირთა რაოდენობა შემცირებულია, თუმცა გაზრდილია დაზიანებით შესახლებულ პირთა და პოლიციის მიმართ პრეტენზიების რაოდენობა. ბოლო 4 წლის განმავლობაში, 2016 წელს იზოლატორში შესახლებულ პირთა საერთო რაოდენობასთან მიმართებით დაზიანებით შესახლებულ და პოლიციის მიმართ პრეტენზიის მქონე პირთა ხვედრითი წილი ყველაზე მაღალია. 2015 წელთან შედარებით ასევე გაზრდილია დაკავებისას ან დაკავების შემდგომ სხეულის დაზიანების შემთხვევათა რაოდენობა.

სახალხო დამცველის მოსმენა პარლამენტში

სახალხო დამცველის მოსმენა პარლამენტში

“შემაშფოთებელი ტენდენციაა, რომ შესწავლილი სისხლის სამართლის საქმეებიდან თითქმის ნახევარ შემთხვევებში დაკავებულ პირს საერთოდ არ ჰყოლია ადვოკატი. პოლიციის მიერ დაკავებისას ძალის გადამეტება, დაკავების შემდეგ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, დაკავებული პირის მიერ პროცედურული უფლებებით არაჯეროვნად სარგებლობა და სხეულის დაზიანებების არასრულყოფილი დოკუმენტირება კვლავ გამოწვევად რჩება პოლიციის სისტემისათვის”,- მიიჩნევს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენის ამ შენიშვნებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ხვალ უპასუხებს, რადგან საკომიტეტო მოსმენაზე, რომელიც ხვალ გაიმართება, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს მოუსმენენ, თუმცა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა შეფასება დღესაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ანგარიშში არის საკითხები, რომლებიც დაუსაბუთებელია:

“ჩვენ ხვალ უნდა წარვდგეთ კომიტეტზე. ძალიან დიდი ნაწილი ამ ამგარიშის ეთმობა შინაგან საქმეთა სამინისტროს. ყველა კონკრეტულ საკითხზე წარმოდგენილია პოზიცია კომიტეტში და ხვალ ყველა კონკრეტულ საკითხზე ვუპასუხებთ. ჩემი მხრიდან კორექტული არ იქნება, დღეს ტელევიზიით ვისაუბრო იმ საკითხებე, რაზეც ხვალ პარლამენტის წინაშე უნდა გამოვიდე. დაახლოებით 90 შენიშვნა იყო და მე განვიხილე ჩემს თანამშრომლებთან ერთად. არის საკითხები, რომლებსაც ვიზიარებთ და მზად ვართ, რომ ვიმუშაოთ და დავხვეწოთ, არის საკითხები, რომლებიც ჩვენი აზრით დაუსაბუთებელი იყო სახალხო დამცველის რეკომენდაცია. თუ რატომაა დაუსაბუთებელი, ამაზე. ვისაუბურებთ ხვალ”,- განაცხადა მან.

მინისტრის მოადგილის კომენტარს უჩა ნანუაშვილიც გამოეხმაურა:

“ჩვენ ანგარიშში გვაქვს კონკრეტული ფაქტები, გამოყენებული გვაქვს ის სტატისტიკური ინფორმაცია, რომელიც უშუალოდ შსს-ს მიერაა მოწოდებული. თუ საკუთარ სატისტიკას არ უჯერებენ, მაშინ სხვა საკითხია”,- ამბობს ომბუდსმენი, რომელიც ზემოთ აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ეფექტური ორგანოს არსებობა ქვეყანაში, რომელიც პოლიციელთა მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულს გამოიძიებს.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე მიიჩნევს, რომ ომბუდსმენს განზოგადებული აქვს ცალკეული შემთხვევები:

“დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმთან დაკავშირებით  მიმდინარეობს მუშაობა იუსტიციის სამინისტროში და უახლოეს მომავალში იქნება შესაბამისი პროექტი წარმოდგენილი. რაც შეეხება სამართალდამცავებს, პრინციპში, აქაც ხვალ შსს-ს მოვუსმენთ და ალბათ მინისტრის მოადგილე უფრო მკაფიოდ ჩამოაყილებებს სტატისტიკას და ა.შ. მაგრამ დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის შემთხვევბი, როდესაც საგამონაკლისო შემთხვევის განზოგადება ხდება და ეს არ არის მთლად მართებული”,- ამბობს ის.

[red_box]პრობლემები თავდაცვის სამინისტროში[/red_box]

სახალხო დამცველმა ცალკე ილაპარაკა თავდაცვის სფეროში არსებული პრობლემების შესახებ, კონკრეტულად, მან სავალდებულო სამხედრო სამსახურში წვევამდელების გაწვევაზე ისაუბრა. მისი თქმით, 2016 წელსაც უცვლელი დარჩა მთელი რიგი პრობლემები სამედიცინო შემოწმების დროს:

“არ არის დაცული წვევამდელების კონფიდენციალობა, გარეშე პირები და წვევამდელები ისმენენ ერთმანეთის დიაგნოზს და ჯანმრთელობის პრობლემებს, ასევე უცვლელია პაციენტების სამედიცინო შემოწმების წესი. არ ხდება წვევამდელების სრულფასოვანი შემოწმება. ფსიქიატრის გასაუბრება მათთან შემოიფარგლება 10 წუთით, რა დროსაც ექიმი უსვამს შეკითხვებს, ხომ არ აქვს რაიმე ფსიქიკური პრობლემა, ხომ არ გადის მედიკამენტოზურ მკურნალობას და ასე შემდეგ. ფსიქიატრი პრაქტიკულად დამოკიდებულია წვევამდელის პასუხებზე და არ უტარდებათ საფუძვლიანი ტესტირება”.- ამბობს ომბუდსმენი.

მან ასევე დაიმოწმა სტატისტიკური მონაცემები, რათა ამ პრობლემის ზეგავლენის მასშტაბი ეჩვნებინა. უჩა ნანუაშვილის თქმით, 2016 წელს  სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად იქნა ცნობილი  94 სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე, სხვადასხვა დიაგნოზით, მათ შორის- ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დიაგნოზებით.  2016 წელს სამხედროების გარდაცვალების 10 და სხეულის დაზიანების 66 ფაქტი დაფიქსირდა.

თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი

თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი

აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი. მისი თქმით, თითოეულ დანაყოფში კვალიფიციური ფსიქოლოგის ყოლა პრობლემურია:

“რთულია კვალიფიციური ფსიქოლოგის მოძიება იმ შეთავაზებულ პირობებში, რისი საშუალებაც არის. მოგეხსენებათ, ეს დანაყოფები სხვადასხვა ადგილზეა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამიტომ ხშირად კონკრეტულ ლოკაციაზე კვალიფიციური ფსიქოლოგის ყოფნა არის რთული, მაგრამ დეპარტამენტი საჭიროების შემთხვევაში აბსოლუტურად უზურუნველყოფს კვალიფიციური ფსიქოლოგების მივლინებას, რაც შეიძლება, რამდენიმე დღე ან კვირაც გაგრძელდეს”,- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიორგი ტუღუშის შეფასებით, სამწუხაროა, რომ მმართველი გუნდი კვლავ წარსულზე აპელირებს და ახლანდელი პრობლემების შესახებ საუბარი არ სურს:

“რამდენიც არ უნდა ეცადოს უმრავლესობა, რომ გადაფაროს ის პრობლემები, რომელიც ანგარიშშია, ჩვენ სწორედ იმისთვის ვართ, რათა შევახსენოთ, რომ ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს ამ ხელისუფლებას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით”- ამბობს ტუღუში.

დღევანდელ საკომიტეტო მოსმენაზე საუბარი შეეხო მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ ხარვეზებსაც. საკომიტეტო მოსმენას უნდა დასწრებოდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, თუმცა დღეს გვენეტაძე პარლამენტში არ მოსულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი