ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რამდენად ეფექტური იქნება ყარაბაღში სელექციური აბორტის აკრძალვა

11 აპრილი, 2017 • 3255
რამდენად ეფექტური იქნება ყარაბაღში სელექციური აბორტის აკრძალვა

მთიანი ყარაბაღის ეროვნულმა კრებამ [პარლამენტმა] 2017 წლის 30 მარტს 33-დან 28 ხმით კენჭი უყარა “რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და რეპროდუქციული უფლებების შესახებ” კანონში ცვლილებებს და სქესობრივი ნიშნით ორსულობის შეწყვეტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.

იმის მიუხედავად, რომ კანონპროექტი არ გასაჯაროებულა, აკრძალვის ამოქმედებამდე მხოლოდ ერთი ეტაპი დარჩა – ყარაბაღის პრეზიდენტმა ეროვნული კრების შესაბამის ცვლილების დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს. 

[red_box]რა სურთ კანონმდებლებს[/red_box]

კანონპროექტის თანაავტორი, სოციალური და ჯანდაცვის საკითხებში მუდმივი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე არამ გრიგორიანი ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ ახალი კანონის მიზანი “მხოლოდ სქესობრივი ნიშნით აბორტის აკრძალვაა”.

მისი თქმით, შემთხვევები, როდესაც ქალი მხოლოდ იმიტომ იკეთებს აბორტს, რომ ნაყოფი გოგოა, ყარაბაღში მრავლადაა. შესაბამისად, როგორც გრიგორიანი ამბობს, კანონმდებლები აღნიშნულ ნაბიჯს ქვეყანაში დემოგრაფიული სიტუაციის გათვალისწინებით დგამენ.

[red_box]სტატისტიკა[/red_box]

რამდენი ბიჭი და რამდენი გოგო იბადება ყოველწლიურად ყარაბაღში, ოფიციალური სტატისტიკა საჯაროდ არ იძებნება, თუმცა აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების მიღების შემდეგ  და მწვავე განხილვების დროს, ყარაბაღის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა, არტაკ ბეგლარიანმა ყარაბაღში 2013-2016 წლის შობადობის სტატისტიკა გამოაქვეყნა – 4 წლის განმავლობაში ყარაბაღის სამედიცინო დაწესებულებებში 9852 შობადობა და 3034 აბორტი დარეგისტრირდა.

“3034-იდან 2225 ხელოვნური აბორტი იყო, მათი ნაწილი სწორედ სქესის შერჩევის მიზნით გაკეთდა. და ეს მხოლოდ ოფიციალური მონაცემია”, – წერს ბეგლარიანი.

სტეპანაკერტი; 2017; ფოტო: ანაიტ დანიელიანი/ნეტგაზეთი

სტეპანაკერტი; 2017; ფოტო: ანაიტ დანიელიანი/ნეტგაზეთი

[red_box]კანონმდებლობა[/red_box]

უკვე არსებული  “რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და რეპროდუქციული უფლებების შესახებ” კანონით, ყარაბაღში, ისევე, როგორც ბევრგან, ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა 12 კვირამდეა დაშვებული და აბორტი ამ ვადაში დედის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. 12 -22 კვირამდე კი  [12 კვირიდან ნაყოფის სქესის დადგენა შესაძლებელი ხდება], – აბორტი აკრძალულია. გამონაკლსს წარმოადგენს შემთხვევები, როდესაც არსებობს სამედიცინო ჩვენება ან მთავრობის სპეციალური დადგენილებებით გათვალისწინებული შემთხვევები. მაგალითად, ქმრის სიკვდილი ორსულობის დროს, განქორწინება, დედის უფლების ჩამორთმევა, ქმრის ან ცოლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა, ორსულობა გაუპატიურების შედეგად. სამედიცინო ჩვენების დროს  კი აბორტის დასაშვები ცნობის/დასკვნის გაცემა ექიმს შეუძლია.

[red_box]რას ფიქრობს საზოგადოება[/red_box]

ცვლილებებს აღნიშნულ კანონპროექტში არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა ყარაბაღის საზოგადოებაში, თუმცა უმრავლესობა სელექციური მიზნით აბორტის აკრძალვას მაინც მიზანშეწონილად მიიჩნევს. ამის მიუხედავად, სოციალურ ქსელებში გაჩნდა დისკუსიებიც იმასთან დაკავშირებით, რომ კანონი ქალის უფლებებს შეზღუდავს.

სტეპანაკერტში მომუშავე გინეკოლოგი ედუარდ კარგამანიანი მიიჩნევს, რომ “21-ე საუკუნეში აბორტის აკრძალვა გონივრული არ არის და შეუძლებელია”.

“უბრალოდ, მეტი უნდა ვისაუბროთ ამ პრობლემაზე, მის შედეგებზე. გამოვიყენოთ ამისთვის პრესა, ტელევიზია. გავმართოთ აქციები ახალგაზრდებისთვის”.

გინეკოლოგი მიიჩნევს, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, ვისაც სელექციური აბორტი სურს, სხვაგან წავა და იქ “მოიშორებს არასასურველ ნაყოფს”.

იურისტი ირინა მანგასარიანი მიიჩნევს, რომ კანონის  იმპლემენტაციამდე საჭიროა მკაფიო მექანიზმების განსაზღვრა, თუ როგორ მოხდება 12 კვირის შემდეგ დადგენა,  – აბორტი სქესთან იქნება კავშირში თუ არა.

გინეკოლოგის მსგავსად, ისიც ფიქრობს, რომ პირველ რიგში, მსგავს საკითხებზე სამუშაოა ჩასატარებელი ქალებთან, თუმცა, როგორც ამბობს, მსგავსი კანონებიც ქალებს საშუალებას მისცემს, უკეთესად დაგეგმონ ორსულობა.

კანონის მიღებით ვერ მოგვარდება შერჩევითი აბორტების პრობლემა. შეიძლება უარესი შედეგიც მივიღოთ იმ მხრივ, რომ ქალს ან მის ოჯახს, თუკი გადაწყვეტილი აქვს, მოიშოროს არასასურველი სქესის ნაყოფი, ყველაფერს გააკეთებს ამისთვის, თუნდაც ქვეყნიდან გავა ან სხვა გზების ძებნას დაიწყებს, რა დროსაც აბორტი შეიძლება უსაფრთხო არ იყოს ქალისთვის. ამიტომაც საგანმანათლებლო სამუშაოებია ჩასატარებელი ოჯახებთან.

შუშის ქალთა რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი გაიანე ამბარცუმიანიც ფიქრობს, რომ საკანონმდებლო მექანიზმები არ არის საკმაოდ მკაფიო – “12 კვირამდე გასაგებია, მაგრამ შემდეგ რა ხდება”. გაიანე არ გამორიცხავს, რომ შეზღუდვის შემდეგ, სურვილის შემთხვევაში, ბევრი კანონს გვერდს აუვლის, ყარაბაღიდან გავა და აბორტს გაიკეთებს.

ორი შვილის დედა სუსანა პეტროსიანი, ზოგადად, აბორტის წინააღმდეგია.

“რაც შეეხება სელექციური აბორტებს, ეს ველურობაა. გამოდის, რომ შენი დამოკიდებულება შვილთან სქესზეა დაფუძნებული. მიდგომა, რომ თუ გოგო უნდა დაიბადოს, მოდი, მოვკლავ, სანამ დაიბადა, ძალიან არასწორია. ვფიქრობ, ეს კანონი პირველი ნაბიჯია აბორტების სრულ აკრძალვამდე ყარაბაღში”.


აბორტი სრულად არის აკრძალული აფხაზეთშისქესის მიხედვით აბორტების პრობლემა კი, სამხრეთ კავკასიის სხვა რეგიონებისთვისაც აქტუალურია.

სელექციური აბორტი – ეს არის გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა. საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ეს ფენომენი საბჭოთა კავშირის შემდეგ გაჩნდა. დაახლოებით ამავე პერიოდში, 90-იან წლებში, პირველად გაჩნდა ულტრაბგერითი კვლევა, რომელიც ორსულობის დროს სქესის დადგენის საშუალებას იძლეოდა. აღმოჩნდა, რომ ოჯახების უმრავლესობას ბიჭი უნდა და თან, არ უნდა ბევრი შვილი. ამიტომაც სასურველი შედეგის მისაღწევად არჩევანს აკეთებენ.

სტეპანაკერტი; 2017; ფოტო: ანაიტ დანიელიანი/ნეტგაზეთი

სტეპანაკერტი; 2017; ფოტო: ანაიტ დანიელიანი/ნეტგაზეთი


ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი