ახალი ამბები

თბილისის მერის ყოველწლიური ანგარიშის ძირითადი აქცენტები

11 აპრილი, 2017 • 1823
თბილისის მერის ყოველწლიური ანგარიშის ძირითადი აქცენტები

თბილისის მერი დავით ნარმანია დღეს საკრებულოში ყოველწლიური ანგარიშით წარდგა. გთავაზობთ ძირითად საკითხებს, რის შესახებაც ნარმანიამ დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში ისაუბრა.

ინფრასტრუქტურული პროექტები

თბილისის მერმა 2016 წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებიდან გამოყო ახალი გზების მშენებლობა, ხიდების რეაბილიტაცია, პანდუსების მოწყობა. კერძოდ, ნარმანიას თქმით:

  • აშენდა კრწანისი-შინდისისა და სამება-მახათას ახალი გზები;
  • რეაბილიტაცია ჩაუტარდა კოჯორი-სამადლოს 6,4 კმ-იან მონაკვეთს;
  • აშემდა პუშკინის ესტაკადა;
  • რეაბილიტაცია ჩაუტარდა ბარათაშვილისა და გულიას ხიდებს;
  • ახალი ხიდი გაიხსნა ზაჰესის დასახლებაში;
  • დასრულდა ვერეს კალაპოტის ფორმირების პირველი ეტაპი;
  • 144 ობიექტზე განხორციელდა ავარიული კორპუსების გამაგრება-გაძლიერება;
  • რიგით მესამე მედიათეკის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა;
  • რეაბილიტაცია ჩაუტარდა მუხათგვერდის პანდუსს.

ნარმანიას თქმით, 2017 წელს დედაქალაქის მასშტაბით 600-მდე მისამართზე საგზაო სამუშაოები ჩატარდება. როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, ზაფხულში კაპიტალურად შეკეთდება პეკინის ქუჩა – შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, დაიგება ასფალტის ახალი საფარი. საგზაო სამუშაოები ჩატარდება ავლაბრის მეტროდან ჯორჯ ბუშის ქუჩამდე, ირბახის, წურწუმიას, ზურაბიშვილის, ფეიქრების, მირიან მეფის, ფარნავაზ მეფის, პეკინის, ქიზიყის, გარეჯის, მონადირის, ამაღლების, ჭიჭინაძისა და ცაიშის ქუჩებზე, ასევე, თელავის ქუჩის ნაწილზე. ასევე, კეთილმოეწყობა „ლაგუნა ვერესთან“ მდებარე გზა და გარდაბნის გზატკეცილი, სადაც საგზაო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

 

პროექტი ახალი ტფილისი

დავით ნარმანიას თქმით, 2016 წლის პროექტებს შორის უმნიშვნელოვანესია დავით აღმაშენებლის გამზირის, კერძოდ, მარჯანიშვილის მოედნიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე არსებული ტერიტორიის რეაბილიტაცია.

თბილისის მერის განცხადებით, პროექტი უზრუნველყოფს მტკვრის ორივე სანაპიროზე დიდი ტურისტული მარშრუტის მოწყობას.

ნარმანიას თქმით, პირველი ეტაპის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ღვინის აღმართზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. ამასთან, დასრულდა ზემო კალას რეაბილიტაცია, რომელიც მოიცავს 20-მდე შენობას და 15-მდე ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლს. მიმდინარეობს გუდიაშვილის სახელობის მოედნის რესტავრაცია-რეაბილიტაცია 14 მისამართზე, ასევე, ნარიყალას ისტორიული ციხე-სიმაგრის რეაბილიტაცია.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, თბილისის მერია უახლოეს მომავალში დაიწყებს პროექტ „ახალი ტფილისის“ მეორე ეტაპს, რომელიც ორბელიანის მოედნისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას მოიცავს.

 

მრავალდონიანი ავტოსადგომები

თბილისის მერის თქმით, თბილისის ტერიტორიაზე შერჩეულია არანაკლებ 10 ადგილი მრავალდონიანი ავტოსადგომისთვის, ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. ეს ადგილებია:

  • რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია
  • მეტრო მარჯანიშვილის
  • ფილარმონია
  • პუშკინის მოედნის მიმდებარე ტერიტორიები
  • ისნის მეტროსთან
  • დინამოს სტადიონთან
  • ქალაქ თბილისის მერიასთან
  • გულუას მოედანთან
  • ვარკეთილის მეტროსთან
  • გეგეშიძის ბაღთან ახლოს მდებარე ლოკაციები

შერჩეული 10 ადგილიდან 9 მიწისქვეშა პარკინგია და მხოლოდ ერთია მიწისზედა (მერიასთან).

 

მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება

დავით ნარმანიას განცხადებით, 2017 წლის მარტის ბოლომდე თბილისს “Man Truck and Bus AG”-ის 143 ახალი ავტობუსი ეყოლება. ამ ეტაპზე ქალაქში უკვე მოძრაობს ევროსტანდარტების შესაბამისი 40 ლურჯი ავტობუსი. ამასთან, უკვე დამონტაჟდა 200 ახალი მოსაცდელი.

“2017 წელს კიდევ 500 ახალი მოსაცდელი დამონტაჟდება. მნიშვნელოვანია, რომ 2014 წლიდან დღემდე გაუქმებულია 800-ზე მეტი საპარკინგე ადგილი ტროტუარებზე”, – განაცხადა ნარმანიამ.

დავით ნარმანიას განცხადებით, 2017 წელს მთაწმინდის საბაგირო გზის აღდგენა-რეაბილიტაცია დაიწყება.

თბილისის მერის თქმით, ასევე, დიდი ყურადღება ეთმობა მეტროს მოდერნიზაციას – “2016 წელს გარემონტდა 20 ვაგონი და მოდერნიზდა  ოთხი. 2017 წელს განხორციელდება 22 ვაგონის რემონტი და მოდერნიზაცია. ასევე, გარემონტდება მეტროს სადგურები”, – განაცხადა ნარმანიამ.

 

რა ღონისძიებები გატარდა გამწვანების კუთხით?

დავით ნარმანიას თქმით, 2016 წელს დედაქალაქის მასშტაბით 180 000 ხე-მცენარე დაირგო, თბილისსა და მის შემოგარენში კი პირველად დაიწყო ნუშისა და ზეთისხილის ბაღების გაშენება.

„გამწვანება ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომელიც დედაქალაქის მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესია. 2014 წლიდან დღემდე, თბილისსა და მის შემოგარენში სულ 650 000-მდე ხე-მცენარეა დარგული. გარდა ამისა, გასულ წელს დედაქალაქში 30 ახალი სკვერი მოეწყო, ხოლო რეაბილიტაცია 249 სკვერს ჩაუტარდა. მათ შორისაა იაპონური ბაღი -ბოტანიკურ ბაღში, რომელიც იაპონური ხელოვნების თვალსაჩინო ნიმუში გახლავთ. გავამწვანეთ და კეთილმოვაწყვეთ თამარაშვილის ქუჩის გზაგამყოფი ხეივანი, ასევე, ვერის პარკი და სხვა სკვერები. მნიშვნელოვანი გამწვანებითი ღონისძიებები ჩატარდა ე.წ. ახალ გზაზე, სადაც მიუხედავად ათასგვარი წინასწარი ვერსიისა, ნერგების უმრავლესობამ გაიხარა. ლისის ტბის ირგვლივ საფეხმავლო ბილიკი გავაკეთეთ,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა

თბილისის მერის განცხადებით, 2017 წელს თბილისს ექნება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. თბილისის მერის თქმით, დოკუმენტზე საერთაშორისო კონსორციუმი და დარგის 200-მდე სპეციალისტი მუშაობს.

„გეგმა ისეთ ძირეულ პრინციპებს ითვალისწინებს, როგორიცაა: თბილისი – ჯანმრთელი, მწვანე, ტოლერანტული, საცხოვრებლად მოსახერხებელი, კომპაქტური, რესურსდამზოგავი, ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული უნიკალურობის შენარჩუნებაზე ორიენტირებული, “ჭკვიანი ქალაქი” (Smart City). აქვე გეტყვით, რომ გენგეგმაზე მუშაობის დასრულებამდე, ჩემი ინიციატივით, „თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებში“ განხორციელდა ცვლილებები, რის შედეგადაც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში საცხოვრებელ სახლებზე განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) გაზრდაზე შეზღუდვა დაწესდა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

გარდა ამისა, თბილისის მერის თქმით, დასრულდა და დედაქალაქის მერიას ჩაბარდა თბილისის ზღვის განვითარების გენერალური გეგმა.

„დეტალური ანალიზის საფუძველზე, კვლევამ შემოგვთავაზა თბილისის ზღვის შემოგარენის ძირითადად სარეკრეაციო დანიშნულებით განვითარება და ტერიტორიის 12 ფუნქციურ ზონად დაყოფა. კვლევაში მოცემულია ასევე 40 ბიზნესინიციატივა, რომელთა განხორციელება პირველადი ფინანსური გათვლებით, მიზანშეწონილია ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური პოლიტიკა

თბილისის მერის თქმით,  ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა 2016 წელს 31 პროგრამა განახორციელა, რომლის ბიუჯეტი 70 395 101 ლარი იყო, ბიუჯეტის შესრულების საკასო მაჩვენებელმა კი 70 193 163 ლარი (99.7%) შეადგინა.

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, 2016 წელს ჯანდაცვის მიმართულებით 9 პროგრამა განხორციელდა, მათ შორის 2 ახალი პროგრამის განხორციელება დაიწყო. პირველი „ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის მკურნალობის დაფინანსების პროგრამა“ და მეორე – „ორთოპედიულ დაავადებათა სკრინინგისა და აღდგენითი თერაპიის“ საპილოტე პროგრამა.

თბილისის მერის განცხადებით, ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების მიმართულებით მისი ყველა წინასაარჩევნო დაპირება შესრულებულია.

 

საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია და მშენებლობა

თბილისის მერის თქმით, 2017 წელს თბილისში 10 ახალი ბაგა-ბაღი აშენდება, ხოლო 2016 წელს 7 ახალი ბაღი გაიხსნა. გარდა ამისა, დედაქალაქის მერის თქმით, 2016 წელს 40-მდე საზაფხულო ბაღი ფუნქციონირებდა, სადაც 14000-მა აღსაზრდელმა მიიღო მომსახურება.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, გასული წლის იანვრიდან თბილისის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღს დაემატა ფსიქოლოგის, ლოგოპედისა და სპეცპედაგოგის შტატი.

„ალბათ გესმით, თუ რა ფინანსურ და ადამიანურ რესურსს, რამხელა შრომას უკავშირდება ჩატარებული სამუშაოები, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს არის სფერო, რომელშიც შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

თბილისის მერიის კულტურის და სპორტის პროგრამები

დავით ნარმანიამ ყურადღება მუზეუმებზე გაამახვილა და აღინიშნა, რომ შეიქმნა „მუზეუმების გაერთიანება“, რომელიც  2016 წლის 5 აგვისტოდან აქტიურად შეუდგა გაერთიანების და მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულების ინსტიტუციურ განვითარებას.

2016 წელს  დაარსდა:

 გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასი „თბილისის თანამედროვე ბალეტი“;

 “ქალაქი – ბიბლიოთეკა“, რომელიც თბილისის მერიისა და ელექტრონული წიგნების

სახლის, „საბას“ ერთობლივი პროექტია;

 ალოიზ მიზანდარის სახელობის #1 ხელოვნების სკოლის ბაზაზე „ბიჭუნათა კაპელა“, რომელიც 300-მდე მოზარდს აერთიანებს.

2016 წლის განმავლობაში ქალაქში დაიდგა ცნობილი ქართველოლოგის, მარი ბროსეს და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტები, დამსახურებული არტისტის ქართული კინოვარსკვლავის, ნატო ვაჩნაძის ძეგლი, ირაკლი ჩარკვიანის სკულპტურული კომპოზიცია, ასევე, მასშტაბური სკულპტურა „სიცოცხლის ხე“ ევროპის მოედანზე.

ამასთან,  თბილისის მერის განცხადებით, რესტავრაცია ჩაუტარდა ილია ჭავჭავაძის საფლავს მთაწმინდის პანთეონში და საფლავზე მდებარე სიმბოლურ-ალეგორიული ხასიათის მონუმენტურ ნამუშევარს – „მწუხარე საქართველო“.

რაც შეეხება  სპორტს, 2016 წელს, თბილისის მერიის მხარდაჭერით, დაფინანსდა 210 სპორტული ღონისძიება და სპორტსმენთა მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებაში.

დედაქალაქის მასშტაბით მოეწყო 7 ახალი სპორტული მოედანი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 210-ს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი