ახალი ამბები

გასახდელში ვიდეოთვალთვალი დაუშვებელია – ინსპექტორის გამოხმაურება “ფრესკოში” მომხდარზე

11 აპრილი, 2017 • 3090
გასახდელში ვიდეოთვალთვალი დაუშვებელია – ინსპექტორის გამოხმაურება “ფრესკოში” მომხდარზე

დაუშვებელია გამოსაცვლელ ოთახებსა და ჰიგიენისთვის განკუთვნილ ოთახებში ვიდეოთვალთვალი, ასე გამოეხმაურა “ნეტგაზეთთან” საუბარში საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი ფრესკოს ყოფილი თანამშრომლების ინფორმაციას, რომ გამოსაცვლელ ოთახებში მათ ადმინისტრაცია უთვალთვალებს.

“„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი ამბობს, რომ ვიდეოთვალთვალი გამოსაცვლელ ოთახებსა და ჰიგიენისთვის განკუთვნილ ოთახებში დაუშვებელია. ეს პირდაპირ წერია კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტში. გარდა ამისა, კანონი განსაზღვრავს სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის მიზნებსა და საფუძვლებსაც და ამბობს, რომ: „სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენებისას შესაბამის კერძო ან საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული ყველა პირი წერილობითი ფორმით უნდა იყოს ინფორმირებული ვიდეოთვალთვალის განხორციელებისა და მისი უფლებების შესახებ”, – განუცხადეს “ნეტგაზეთს” პერსონალურ მონაცემთა დაცვის ისნპექტორის აპარატიდან.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი აცხადებს, რომ თუკი გარემოებების შესწავლის შედეგად კანონით გათვალისწინებული წესის დარღვევა დადგინდება, ეს გამოიწვევს ფრესკოს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 500 ლარით, განმეორებით შემთხვევაში – 2 000 ლარით.

“გარდა ამისა, კანონმდებლობა ითვალისწინებს ინსპექტორის უფლებამოსილებას, მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა და მოპოვებული მასალის განადგურება”, – განუცხადეს “ნეტგაზეთს” ინსპექტორის აპარატიდან.

ინსპექტორის აპარატში აცხადებენ, რომ მზად არიან, შემთხვევა შეისწავლონ.

დღეს, 11 აპრილს, “ფრესკოს” ყოფილმა თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ  გასახდელ ოთახში დამონტაჟებული ვიდეოთი უთვალთვალებდნენ. მათ ამის ამსახველი ვიდეოც გაავრცელეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი