ახალი ამბები

“თავისუფალი დემოკრატები” საკონსტიტუციო კომისიის დატოვებას განიხილავენ

11 აპრილი, 2017 • 1441
“თავისუფალი დემოკრატები” საკონსტიტუციო კომისიის დატოვებას განიხილავენ

“თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარე, შალვა შავგულიძე ამბობს, რომ თუ უმრავლესობა არ გაითვალისწინებს მათ პოზიციებს კონსტიტუციაში არჩევნების საკითხების განსაზღვრის შესახებ, ისინი კომისიას დატოვებენ, რადგან არ სურთ პასუხისმგებლობის აღება კონსტიტუციაში შესატან “დამაზიანებელ” ცვლილებებზე.

ეს განცხადება შალვა შავგულიძემ 11 აპრილს, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფი სწორედ დღეს განიხილავს სარჩევნო საკითხებს.

შალვა შავგულიძის თქმით, უმრავლესობის პოზიციები მყარია და აპირებენ, კონსტიტუციაში ასახონ სამი კრიტიკული საკითხი: 1. გაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებული ძალისთვის მიკუთვნება, 2. 5%-იანი ბარიერის შენარჩუნება და 3. ბლოკების აკრძალვა.

“ეს მმართველ ძალას აქვს მყარად ჩამოყალიბებული და ამაზე განსხვავებული პოზიციების გამოხატვას, როგორც მოვისმინეთ, აზრი არ აქვს იმიტომ, რომ ეს პოზიციები იქნება უცვლელი… ეს არის ისეთი ცვლილებები, რომლებზეც დატოვების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ავიღებთ პასუხისმგებლობას, ვინაიდან ეს აძლევს აბსოლუტურად დაუმსახურებელ ბონუსს, რომ ამომრჩეველთა მიღებული ხმების ძალიან დიდი დისპროპორციით უფრო მეტი მანდატები მოიპოვოს პარლამენტში მმართველმა ძალამ,”- ამბობს შალვა შავგულიძე.

იგი განმარტავს, რომ მსგავსი ცვლილება დამაზიანებელია როგორც პოლიტიკური პარტიებისთვის, ასევე, ამომრჩევლისთვის:

“წარმოიდგიენეთ, ამ არჩევნებზე, 2016 წლის არჩევნებზე, გაუნაწილებელი იყო 20 თუ 21 პროცენტი. ეს როდესაც მხოლოდ 77 დეპუტატი აირჩეოდა პროპორციული წესით. როდესაც მთლიანად პროპორციულზე გადავალთ, 150 რომ იქნება, ბუნებრივია,  ციფრი კიდევ გაიზრდება.

ბლოკების აკრძალვა და ბარიერის აკრძალვა, ნახეთ, რა კომბინაციას იძლევა: ნაკლები შესაძლებელობის პარტიები მიიღებენ მონაწილეობას. უმეტესობა, რა თქმა უნდა, ვერ გადალახავს ბარიერს, მაგრამ დააგროვებენ ამომრჩეველთა გარკვეულ ხმებს, სწორედ ეს ხმები ქმნის გაუნაწილებელ მანდატებს. ანუ ოპოზიციური პარტიების საარჩევნო საქმიანობა იქნება ხმების დაგროვება, რომელსაც შემდგომ გაუნაწილებელი მანდატების სახით მიითვისებს გამარჯვებული პარტია. ანუ ამომრჩევლის მიმართაც არაკეთილსინდისიერია ეს, ვინაიდან ამომრჩეველი, რომელიც არ აძლევს ხმას სახელისუფლებო ძალას და აძლევს ოპოზიციურ ძალას, მათი ხმების აკუმულირება მოხდება და მთლიანად მიეკუთვნება სახელისუფლებო ძალას.

ეს ყველაფერი თუ დარჩა, ჩვენ მოგვიწევს დატოვება. მე განვუცხადე კიდეც, რომ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ამ დემოკრატიული განვითარებისთვის საზოანო საარჩევნო სისტემაზე არ ავიღებთ,”- ამბობს შალვა შავგულიძე.

მისივე თქმით, პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა მხოლოდ მაშინ იქნება გამართლებული, თუ პარლამენტი იქნებოდა არჩეული სამართლიანი წესით:

“თუ მივიღებდით ნამდვილად სამართლიან საარჩევნო სისტემას, მაშინ შეიძლებოდა ფიქრი ასეთი სამართლიანი სისტემით არჩეული პარლამენტისთვის მიგვეცა პრეზიდენტის არჩევის შესაძლებლობა. მაგრამ, როდესაც კიდევ უფრო მეტად უსამართლო სისტემას გვთავაზობენ, რა მნიშვნელობა აქვს, მაჟორიტარული სისტემის გამოყენებით თუ ამ სამის კომბინაციით დაუმსახურებლად მიითვისებ მანდატებს. ასეთ შემთხვევაში, როდესაც აძლევ პარლამენტს პრეზიდენტის არჩევის შესაძლებლობას, ეს იმას ნიშნავს, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა უსამართლოდ მოიპოვებს აბსოლუტურ უმრავლესობას პარლამენტში და ამ უმრავლესობით ის დანიშნავს მისთვის სასურველ პირს პრეზიდენტად,”- განაცხადა შალვა შავგულიძემ.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი