ახალი ამბები

ქუთაისში თუ თბილისში? – კომისია პარლამენტის ადგილსამყოფელის განსაზღვრაზე ვერ თანხმდება

11 აპრილი, 2017 • 2671
ქუთაისში თუ თბილისში? – კომისია პარლამენტის ადგილსამყოფელის განსაზღვრაზე ვერ თანხმდება

დღეს, 11 აპრილს,  საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფი მსჯელობს, როგორ უნდა განისაზღვროს პარლამენტის ადგილსამყოფელი კონსტიტუციაში – ის იყოს თბილისში, ქუთაისში, თუ საერთოდ გაუქმდეს ეს ჩანაწერი. ამასთან დაკავშირებით კომისიის წევრები ერთსულოვანი არ არიან.

ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრი ხათუნა გოგორიშვილი ამბობს, რომ უმრავლესობამ უკვე გადაწყვიტა პარლამენტის ადგილსამყოფელის ბედი და ამ ჩანაწერს კონსტიტუციიდან საერთოდ ამოიღებენ.

“[ეს] ნიშნავს ერთადერთ რამეს, რომ პარლამენტი ქუთაისში აღარ იქნება იმიტომ, რომ ეს საკითხი დარეგულირდება რეგლამენტით და ის ხმების პრობლემა, რომელიც ქუთაისიდან გადმოტანას აქვს, რეგლამენტით დარეგულირების შემთხვევაში უბრალო უმრავლესობით იქნება მიღებული. ეს გადაწყვეტილება ცალსახაა. საუბარი იმაზე, რომ დანაპირები, რომელიც გაცემული იქნა ქუთაისელების მიმართ, დღეს ტრანსფორმირდა და აღმოჩნდა, რომ პირობა იყო ასეთი, ქუთაისიდან პარლამენტი არ გადმოვა, ვიდრე სხვა მნიშვნელოვანი პროექტები არ განხორციელდება და უკვე ამასთან დაკავშირებით გეგემები არსებობს. ასე რომ, პარლამენტი ქუთაისში აღარ იქნება. ძალიან ვწუხვარ ამასთან დაკავშირებით. ჩვენი წინააღმდეგობა და დაფიქსირება იმ პოზიციისა, რომ პარლამენტი ქუთაისში უნდა იყოს, არ იქნა გაზიარებული,”- განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ კონსტიტუციაში შეიძლება საერთოდ გაუქმდეს ჩანაწერი პარლამენტის ადგილსამყოფელის შესახებ. მისივე თქმით, ამ საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობაა:

“სუფთა კონსტიტუციური ტექნიკის თვალსაზრისით, უნდა ეწეროს თუ არა პარლამენტის ადგილსამყოფელი კონსტიტუციაში, კონსტიტუციონალისტები თვლიან და კომისია თვლის, რომ ასეთი ჩანაწერი არ უნდა არსებობდეს. კომისიის უმრავლესობა ამას ეთანხმება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი სახით იქნება მიღებული… დარჩება თუ არა პარლამენტი ქუთაისში – ეს თემა არ არის დღის წესრიგიდან მოხსნილი. ერთი საკითხი არის უდავო, რომ “ქართულმა ოცნებამ” განაცხადა წინასაარჩევნოდ, რომ ქუთაისიდან პარლამენტის გადმოტანა თბილისში არ იგეგმება უახლოეს ხანში და ეს ნამდვილად ასე იქნება,”- განაცხადა ძიძიგურმა.

უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, კობა ნარჩემაშვილი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, ადგილსამყოფელი არის როგორც თბილისი, ასევე- ქუთაისი.

“პირადად ჩემი მოსაზრება არის იმგვარი, რომ ჩვენ ავსახოთ კონსტიტუციაში ის რეალობა, რომელი რეალობაც იმ პოლიტიკური მოცემულობის გათვალისწინებით, რომელიც შეიქმნა წინასაარჩევნოდ, ავსახოთ ორივე მისამართი, როგორც ქუთაისი, ისე თბილისი, და პრაქტიკულად დავაკანონოთ ის რეალობა, რომელიც დღეს გვაქვს,”- განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

ქართული ოცნების მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში წერია, რომ საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი. პარლამენტის ადგილსამყოფლის დროებით შეცვლა სხდომის ან სესიის მოწვევის მიზნით დასაშვებია მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი