ახალი ამბები

როგორ გაიზრდება საქართველოს თავდაცვისუნარიანობა – მინისტრის ხედვები და დეპუტატების გამოხმაურება

11 აპრილი, 2017 • 2122
როგორ გაიზრდება საქართველოს თავდაცვისუნარიანობა – მინისტრის ხედვები და დეპუტატების გამოხმაურება

დღეს, 11 აპრილს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოველწლიური ანგარიში მოისმინა. სხდომაზე თავდაცვის მინისტრმა უკვე განხორციელებულ პროექტებზე, გრძელვადიან პერიოდში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განვითარებასა და მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრა.

2017-2020 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, განსაზღვრულია 5 ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება:

სტრატეგიული მართვა; შეიარაღებული ძალების ოპტიმიზაცია; შეიარაღებული ძალების მზადყოფნა; ინსტიტუციური განვითარება; მრავალმხრივი და ორმხრივი თანამშრომლობა.

<strong>ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და საფრთხე რუსეთიდან</strong>

თავდაცვის სამინისტროს მიზანია ეფექტური, მობილური, თანამედროვე, პროფესიონალური და ნატო-სთან თავსებადი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბება. მინისტრის თქმით, მხოლოდ ასე შეიძლება პოტენციური აგრესორის შეკავება:

“აგრესორს ყველაზე მეტად ის შეაკავებს, რომ ჩვენი სამხედრო მზადყოფნა იყოს ძლიერი. ეს ამცირებს აგრესორის თავდასხმის რისკს. სანამ აგრესორი ჩვენზე თავდასხმას გადაწყვეტს, მან უნდა იფიქროს, თუ რა დიდ ზიანს მიაყენებს საქართველო და უნდა იფიქროს, ღირს თუ არა თავდასხმა. თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიზანი ის არის, რომ ასეთ კონდიციაში გვყავდეს ჩვენი საჯარისო დანაყოფები,” – ამბობს ლევან იზორია.

საქართველოს თავდაცვისუნარიანობის მთავარი პრობლემა საჰაერო თავდაცვის სისტემაა და ეს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომმაც აჩვენა. შესაბამისად, ლევან იზორიას განცხადებით, მთავარი მიზანი სწორედ ამ კომპონენტის გაძლიერებაა.

“ჩვენ ვერ გვეყოლება ძლიერი სახმელეთო ჯარი, ვერ გვეყოლება ძლიერი საჰაერო ძალები და, თუ ამის ამბიცია გაგვიჩნდა, საზღვაო ძალები, თუ ისინი დაცული არ იქნება საჰაერო თავდასხმებისგან. ჩვენ ეს გამოცდილება რუსეთ-საქართველოს ომის დროს მივიღეთ და პრიორიტეტად ანტისაჰაერო სისტემის შეძენის აუცილებლობა განისაზღვრა.”

მისივე ინფორმაციით, საფრანგეთთან საჰაერო სისტემის საკითხზე დადებული ხელშეკრულების ფარგლებში ფინანსური ტრანში სამინისტრომ უკვე განახორციელა:

“გარკვეულ ეტაპებს გულისხმობს ეს ხელშეკრულება. ეს ეტაპები ითვალისწინებს ჩვენი სამხედროების მომზადებას, რათა მათ საჰაერო სისტემის გამოყენება შეეძლოთ. გარკვეული ფინანსური ტრანშები უკვე განხორციელდა და 2017-2018 წელი არის თანამშრომლობის ინტენსიური ეტაპი, როცა ჩვენ აღჭურვილობის შეძენისთვის საჭირო სახსრებს გავზრდით და ისეთ ანტისაჰაერო სისტემას შევქმნით, რომლითაც ჩვენი ქვეყნის გლობალურ დაცულობას უზრუნველვყოფთ,” – ამბობს ლევან იზორია.

“შეიარაღებულ ძალებს კომპლექსური რეფორმა სჭირდება, რათა ის ადეკვატური იყოს საფრთხეებთან და გამოწვევებთან მიმართებაში. ეს ნათელია,” – აღნიშნავს საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტი ბათუ ქუთელია.

<strong>რეზერვი და მობილიზაცია</strong>
“ტოტალური თავდაცვის” კონცეფციის ფარგლებში ერთ-ერთ ძირითად კომპონენტს წარმოადგენს ეფექტური “რეზერვისა და მობილიზაციის” გეგმის ჩამოყალიბება. თავდაცვის სამინისტროს შემუშავებული აქვს კონცეფცია, რომელიც სამკომპონენტიანი (შეიარაღებული ძალების, ტერიტორიული და სპეციალისტების) რეზერვის სისტემის შემოღებას ითვალისწინებს. თითოეული კომპონენტი ძალთა მდგრადობისა და მზადყოფნის ამაღლებას ემსახურება. შემუშავებული კონცეფცია განიხილება ფართო საზოგადოებრივ ფორმატში და მისი დამტკიცების შემდეგ, 2018 წლიდან დაგეგმილია საპილოტე პროექტის განხორციელება.

“გვქონდა რამდენიმე განხილვა არასამთავრობო სექტორთან, საპარლამენტო კომიტეტთან და იგეგმება უშიშროების საბჭოს აპარატთთან შეხვედრა, რომლის შემდეგ თქვენთან წარვდგები რეზერვის სისტემის შეთანხმებული ვერსიით.  ეს სისტემა ასამოქმედებელია, ამ პრინციპს ყველა იზიარებს და რეზერვი იქნება “ტოტალური თავდაცვის” კონცეფციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი,” – აცხადებს ლევან იზორია.

<strong>სავალდებულო სამხედრო სამსახური</strong>

სამინისტროს მიერ  შემუშავებული “ტოტალური თავდაცვის” კიდევ ერთ კომპონენტს წარმოადგენს სავალდებულო სამხედრო სამსახური. განახლებული კონცეფცია 3 სიახლეს ითვალისწინებს:

  • თითოეული ახალწვეული გაივლის სტანდარტულ “საწყისი საბრძოლო მოქმედების” კურსს და შემდგომ საბრძოლო მომზადებას ქვედანაყოფის შესაბამისად;
  • ახალწვეულებს შეეძლებათ, ისარგებლონ უქმე დღეებით;
  • 50 ლარამდე გაიზრდება წვევამდელთა თვიური ხელფასი;

ლევან იზორიას თქმით, ეს არის სრულიად ახალი სისტემა:

“მთავარი აქცენტი გავაკეთეთ საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებაზე. საჯარისო დანაყოფების ყველა კომპონენტი ინტეგრირებული უნდა იყოს. ინტეგრაციის მაღალი დონე მაშინ მიიღწევა, თუ წვევამდელებიც ისეთივე საწყის მომზადებას მიიღებენ, როგორც პროფესიული ჯარი. ჩვენ ამის შესაძლებლობა მივეცით წვევამდელებს.“

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, საგანგაშოა, რომ შეიარაღებული ძალების განვითარების გეგმა მინისტრებთან ერთად იცვლება:

“ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ლევან იზორია თავდაცვის მეოთხე მინისტრია. მინისტრების შეცვლასთან ერთად იცვლება შეიარაღებული ძალების განვითარების ხედვა, მიდგომა და სტრატეგია. ვისურვებდით, რომ დადგეს დრო, როცა ქვეყნის თავდაცვის განვითარების მიმართულებები დამოკიდებული არ იქნება მინისტრის ცვლილებაზე.”

<strong>NATO და საერთაშორისო თანამშრომლობა</strong>

თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება, მრავალეროვნულ ოპერაციებსა და წვრთნებში მონაწილეობა და თავდაცვის სფეროში ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობა ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებთან. მინისტრის ანგარიშის მიხედვით:

  • საქართველო განაგრძობს ნატოსთან პარტნიორობის არსებული მექანიზმების გამოყენებას. ნატოს წევრი სახელმწიფოებისა და პარტნიორი ქვეყნების ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობით გრძელდება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელება.
  • საქართველო აგრძელებს აშშ-ის მხარდაჭერით ინიცირებული “საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის” (GDRP) განხორციელებას.
  • “საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ” დადებული ჩარჩო -ხელშეკრულება ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვის სისტემის კრიტიკული მიმართულებების სტაბილურ განვითარებას.

“ჩვენ მიერ განხორციელებული რეფორმები აბსოლუტურ თანხვედრაშია ნატოს განსაზღვრულ სტრატეგიებთან. ჩვენ არა მარტო განცხადებებით, არამედ მოქმედებებში ვართ თავსებადი ნატოსთან,” – ამბობს ლევან იზორია.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტის, ბათუ ქუთელიას აზრით, სამინისტროს დეკლარირებული ამოცანების განსახორციელებლად საჭირო სახსრები არ აქვს:

“ძალიან ბევრი კომპონენტი შეესაბამება იმ სტანდარტებს, რასაც ნატო უწესებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს. მთავარი შეკითხვა არის ის, რამდენად შესრულებადია ეს ამოცანები იმ ბიუჯეტით, რაც დღეს თავდაცვის სამინსიტროს აქვს? ჩემი აზრით, აქ ძალიან დიდი აცდენაა სურვილებს, დეკლარირებულ ამოცანებსა და ამისთვის გამოყოფილ ფინანსურ რესურსებს შორის,” – აღნიშნავს ბათუ ქუთელია.

მინისტრის თქმით, ნატოს ზოგადი მოთხოვნაა, რომ თავდაცვის ბიუჯეტი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტი იყოს:

“ამ მოთხოვნას დღეს 5 ქვეყანა აკმაყოფილებს. 2017 წელს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 670 მილიონი ლარია, რაც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 1,9 პროცენტია, ხოლო საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობის გაძლიერების პროგრამით, რომელიც 78 მილიონ ლარს მოიცავს, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მთლიანი შიდა პროდუქტის 2,1 პროცენტს შეადგენს.

“სამინისტროს ფინანსური რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად განაწილების მიზნით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან და უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული ღონისძიებები გაიმიჯნა,” – ამბობს იზორია.

“ბატონმა ლევან იზორიამ ძალიან მოკლე ვადაში შეძლო ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების არა მარტო დაგეგმვა, არამედ განხორციელებაც. ის ყველა აქტუალურ თემას შეეხო და ამომწურავი პასუხები მოგვაწოდა, “ – აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა. ფოტო: პარლამენტის აპარატი.

მასალების გადაბეჭდვის წესი