ახალი ამბები

“თავისუფალი საქართველო” შსს–სა და სუს–ის თანამშრომლებს წამებაში ადანაშაულებს

11 აპრილი, 2017 • 3222
“თავისუფალი საქართველო” შსს–სა და სუს–ის თანამშრომლებს წამებაში ადანაშაულებს

“თავისუფალი საქართველო” სუს–სა და შსს–ს მათი პარტიის ახალქალაქის კომიტეტის თავმჯდომარის, მელიქ რაისიანის შვილების (აშოტი და კარლო) გატაცებასა და წამებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ კახა კუკავამ და მელიქ რაისიანმა დღეს პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრეს.

როგორც კახა კუკავამ განაცხადა, ძალოვანი სტრუქტურების მიერ ჩატარებული ერთობლივი ოპერაციის დროს, ყოფილი პარლამენტარის, აშოტ რაისიანის შვილები ყოველგვარი ბრალდების და დაკავების პროცედურების გარეშე გაიტაცეს, შემდეგ კი ელექტროშოკით აწამეს. მათი თქმით, ახალციხეში ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ემუქრებოდნენ ჯერ მათ, ხოლო შემდეგ მათი ოჯახის წევრებს და ურჩევდნენ, რომ თუკი საქართველოში მშვიდი ცხოვრება სურთ, “ჭკვიანად უნდა მოიქცნენ”.

“დაკავებული კარლოს რაისიანი ახალციხის წინასწარი დაკავების იზოლატორში აწამეს ელექტოროშოკით. 2 აპრილს დაკავებულები წარუდგინეს სასამართლოს, რომელმაც სამართალდარღვევების არარსებობის გამო აშოტ რაისიანი გაამართლა, ხოლო კარლოს რაისიანი 250 ლარით დააჯარიმა. პოლიცია ორივე შემთხვევაში დაპატიმრებას ითხოვდა. დაკავებულებს დღემდე არ მიუღიათ არანაირი ოფიციალური განმარტება, თუ რა გახდა მათი დაკავების მიზეზი,” – განაცხადა კუკავამ.

კახა კუკავა, თავისუფალი საქართველოს ლიდერი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

კახა კუკავა, თავისუფალი საქართველოს ლიდერი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

როგორც მელიქ რაისიანი ამბობს, რეალურად, მისი ოჯახის წინააღმდეგ ძალოვან სტრუქტურებს პრეტენზიები მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც თვითმმართველობის არჩევნებისთვის დაიწყეს კამპანია და მზადება. წინა ადგილობრივ არჩევნებში “თავისუფალმა საქართველომ” ახალქალაქში 29% მიიღო, რაც ოპოზიციის მიერ საქართველოში ნაჩვენები საუკეთესო შედეგია.

“ბოლო პერიოდში განვითარებული სხვა მოვლენების კონტექსტში (ქალაქის ცენტრში რეჟიმის ოპონენტების დემონსტრაციული ცემა, ნარკოტიკების ჩადება, უკანონო გატაცებები და დაკავებები) იწვევს პირდაპირ ანალოგიებს და პარალელებს სააკაშვილის რეჟიმთან და მის მიერ შექმნილ ზონდერ–ბრიგადებთან. განსაკუთრებით ამაზრზენია, როცა ივანიშვილის რეჟიმი მშობელზე ზეწოლისთვის აპატიმრებს მის შვილებს, რაც ბოლო დროს გავრცელებული ტენდენციაა და კიდევ უფრო ნათლად წამოაჩენს არსებული რეჟიმის არაადამიანურ, უზნეო ხასიათს,” – ამბობს კახა კუკავა.

კახა კუკავა და მელიქ რაისიანი მიმართავენ სასამართლოს, შსს–ს, პროკურატურას, პარლამენტის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა კომიტეტებს, სახალხო დამცველს – სასწრაფოდ შეისწავლონ ზ/ა/ ფაქტი და კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ დამნაშავეები:

“აღსანიშნავია, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტების დადგენა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. შესაძლებელია, ამოიღონ სათვალთვალო კამერები, აგრეთვე, მობილური სატელეფონო კომპანიების კუთვნილი ანძების ჩანაწერები, საიდანაც ადვილად დადგინდება თუნდაც ის ფაქტი, რომ დაკავებას ადგილი ჰქონდა არა ახალციხეში, როგორც მითითებულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში, არამედ ახალქალაქში – ასპინძის გზატკეცილზე.”

მელიკ რაისიანი, თავისუფალი საქართველოს ახალქალაქის კომიტეტის ლიდერი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მელიკ რაისიანი, თავისუფალი საქართველოს ახალქალაქის კომიტეტის ლიდერი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ნეტგაზეთი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. სუს–ში “თავისუფალი საქართველოს” ლიდერების ბრალდებებს აბსურდული უწოდეს და განაცხადეს, რომ ამ საქმესთან მათ არანაირი შემხებლობა არ აქვთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 1989 წელს დაბადებული აშოტ რ. და 1994 წელს დაბადებული კ. ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

“საპართალდამცველებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გადამოწმების მიზნით აშოტ რ. და კარლოს რ. ახალციხესა და ბორჯომში შეაჩერეს, რა დროსაც მათ პოლიციას გაუწიეს ფიზიკური წინააღმდეგობა და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე და 173-ე მუხლებით.

დაკავებულ კარლოს რ. ახალციხის დროებითი მოთავსების იზოლატორში  შესვლისას, პირველადი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ მას არ ჰქონდა არანაირი დაზიანება და არ გამოთქვამდა პრეტენზიას პოლიციის მიმართ. ანალოგიური სახის სამედიცინო შემოწმება კარლოს რასიანს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაყვანის დროსაც ჩაუტარდა, სადაც ასევე არ დაფიქსირდა არანაირი დაზიანება“, – აცხადებენ შსს-ში.

რაც შეეხება მეორე დაკავებულის, “აშოტ რ., ხაშურის დროებითი მოთავსების იზოლატორში ჩატარებული პირველადი სამედიცინო შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მას ჰქონდა დაკავებამდე მიღებული დაზიანება ტუჩზე ( მცირე ზომის ჰერპესი). აშოტ რ. იზოლატორში შეყვანისას არ გამოთქვამდა პრეტენზიას დაზიანებების შესახებ. დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაყვანის დროს ჩატარებული სამედიცინო შემოწმების შედეგად, აშოტ რ. ასევე არ აღმოაჩნდა არანაირი ახალი დაზიანება.

ყოველივე ზემოხსენებული დაფიქსირებულია შესაბამისი ოქმებით, რასაც ხელს აწერენ თავად დაკავებულები. სასამართლოში ბრალდებულებმა ასევე დააფიქსირეს, რომ პოლიციის მიმართ მათ არანაირი პრეტენზია არ გააჩნდათ. გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაკავებულებზე ზეწოლა და ელექტროშოკის გამოყენება მოხდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს“, – აცხადებენ შსს-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი