ახალი ამბები

მარგველაშვილი: ინფორმაციის გავრცელებისთვის რუსული ენა არის ძალიან კომფორტული

11 აპრილი, 2017 • 2205
მარგველაშვილი: ინფორმაციის გავრცელებისთვის რუსული ენა არის ძალიან კომფორტული

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ რუსული ენა საქართველოში დავიწყებას არ უნდა მიეცეს. რუსული ენის მნიშვნელობაზე საქართველოში დღეს პრეზიდენტმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე დისკუსიის დროს ისაუბრა.

პრეზიდენტს ჰკითხეს აზრი ოკუპირებულ რეგიონში რუსულ პროპაგანდასთან გამკლავების საშუალებების შესახებ. მან აღინიშნა, რომ ამ რეგიონებში ინფორმაციას მხოლოდ რუსული წყაროებიდან იღებენ და არ მიუწვდებათ ხელი სხვა ინფორმაციაზე, არც ქართულად და არც ინგლისურად. კითხვას, რა ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით შეიძლება მივაწოდოთ ინფორმაცია აფზახეთსა და ოსეთში, პრეზიდენტმა ვრცლად გასცა პასუხი:

“მე ვეთანხმები მინისტრს (ვიქტორ დოლიძეს), რომ აქ საჭირო არის არა პროპაგანდა, არამედ მარტივად ჩვენი სიმართლის, ღირებულებების ჩარჩოს გაზიარება. რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრიორიტეტულად რჩება რუსული ენის მეშვეობით ამის გაკეთება. მე არანაირად არ ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ რუსული ენა საქართველოში, რომლითაც ჩვენ ვურთიერთობით აფხაზებთან, ოსებთან – ეს ენა უნდა იყოს მივიწყებული და ქართული საზოგადოება უნდა ივიწყებდეს რუსულს. მე ეს არ მიმაჩნია სწორად, თუნდაც იმ დაპირისპირების თვალსაზრისით, სადაც ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს ამ ენაზე სათქმელი, აზერბაიჯანელებისთვისაც, სომხებისთვისაც, ოსებისთვისაც, აფზახებისთვისაც. როდესაც შენ გაგაჩნია ძალა, როდესაც შენ გაგაჩნია სიმართლე, შენ არ უნდა ჩახსნა ამ სიმართლის გავრცელების საშუალება. რუსული ენა, რომელიც ძალიან აქტიური იარაღი და რესურსია, ამ რუსული ენის დავიწყება იქნება პრინციპულად არასწორი. “პიკი” არ ვიცი, რამდენად ეფექტური იყო, მაგრამ ქართული პოზიციის დაფიქსირება რუსულ ენაზე… არ არის მარტო იმაზე საუბარი, რომ სომხურ უმცირესობას ხომ არ სჯობია სომხურ ენაზე ვესაუბროთ. მნიშვნელოვანია, რომ სომხურმა უმცირესობამ, აზერბაიჯანულმა უმცირესობამ, აფზახურმა უმცირესობამ, ოსებმა და ყველა სხვამ ერთი და იგივე მესიჯი გაიგონ.

ინფორმაციის გავრცელებისთვის რუსული ენა არის ძალიან კომფორტული. არაფრისდიდებით არ უნდა ჩავხსნათ ეს იარაღი. ბევრად მეტად უნდა იყოს გამოყენებული, ჩემი აზრით, ერთიანი მესიჯის მისატანად,” – ამბობს პრეზიდენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი